"ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, - ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო"
"ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, - ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო"
ლამაზი გოგო იყო თინიკო. გათხოვდა და კიდევ უფრო დამშვენდა. სამი ვაჟი გააჩინა, მეუღლე მზრუნველი კაცი გამოდგა. ყველა მათ ოჯახს შეჰნატროდა. გავიდა დრო. უფროსი შვილები სტუდენტები იყვნენ, უმცროსი სკოლას ამთავრებდა, როცა თინას მეუღლე გარდაიცვალა.

როცა ბიჭები დაოჯახდნენ, სამივე შვილის ცალ-ცალკე დაბინავება გადაწყვიტა. უმცროსმა ზურიკომ დედასთან ცხოვრება არჩია. ტყუპი გოგო გაუჩნდა. რძალს უნდა მივეხმარო, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ტყუპის გაზრდა გაუჭირდებაო, - თქვა თინამ და მართლაც, არ მოშორებია უმცროს შვილს და რძალს, სანამ გოგონები

სკოლაში არ წავიდნენ. შვილი შვილია, მაგრამ გული იმისკენ მიგიწევს, ვისზეც ამაგი გაქვს.

თინა ვერ ელეოდა ტყუპ შვილიშვილს... უფროსიც სთხოვდა და შუათანაც - ჩვენთან იცხოვრეო, მაგრამ უარისთვის მიზეზი არ ელეოდა... 70-ს რომ გადააბიჯა, ხშირად ავადმყოფობდა, გული აწუხებდა, ერთხელ ძალიან შეუტია. საავადმყოფოში მაინც არ დაწვა - შინ
მირჩევნია მკურნალობაო... ზურიკომ ექთანი დაიქირავა დედის მოსავლელად. ერთ საღამოს თინამ სრულიად შემთხვევით ყური მოჰკრა რძლის ნათქვამს, - ორი ძმა გყავს, რძლებიც და ძმისშვილებიც. ახლა მათ მიხედონ დედაშენსო.

- დედაჩემი ყველაფერში გვეხმარება, შვილები გაგვაზრდევინა... ახლა, როცა დაუძლურდა, სხვაგან გავუშვა? - უსაყვედურა ზურიკომ ცოლს.
- რატომ სხვაგან? უფროს შვილებთან გავუშვათ, ახლა მათაც შეიწუხონ თავი! - უკან არ იხევდა ქალი.

იმ საღამოს მის სანახავად მოსულ უფროს შვილს, გიგას სთხოვა დედამ, - ცოტა ხნით შენთან გადმოვალო. ზურიკომაც შვებით ამოისუნთქა, რომ მათ ოჯახში ასე იოლად მოგვარდა ყველაფერი.

როცა მოღონიერდა, უნდოდა, რძალს საოჯახო საქმეებში დახმარებოდა, მაგრამ ატყობდა, ვეღარ გამოსდიოდა. ფეხებში ედებოდა რძალს. ისიც წარამარა ეუბნებოდა: - დაჯექი, ნურაფერს აკეთებ, მაინც თავიდან გასაკეთებელია ყველაფერიო. უტაქტოდ ნათქვამი სწყინდა, მაგრამ არ იმჩნევდა.

იჯდა, ან ქსოვდა, ან კითხულობდა, ან თვლემდა. გრძნობდა აქაც ზედმეტი იყო. წუწუნი არ ჰყვარებია, არც არავისთან დაუჩივლია რამეზე, მაგრამ მოსანახულებლად მისულმა ნათესავმა დარდიანობა შეატყო, მიხვდა, რაც აწუხებდა ქალს და უთხრა: - ეეჰ, ჩემო თინა, ქალიშვილი რომ გყოლოდა, ასეთ დღეში არ ჩავარდებოდიო. წარბი შეიკრა თინამ, - ჩემი ვაჟები ყურადღებას არ მაკლებენ, რძლებმაც და შვილიშვილებმაც აღარ იციან, რით მაამონო, - თქვა, მაგრამ თვალში კი ცრემლი გაუკრთა.

აღარ გააგრძელა ნათესავმა ამ თემაზე ლაპარაკი, მიხვდა, რომ ზუსტად ამოიცნო თინას სადარდებელი...
თინა ცდილობდა, ფეხებში არავის მოსდებოდა,  როცა შინ არავინ იყო, ფანჯარასთან მიჯდებოდა და გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდა, ასე ერთობოდა. ხშირად ჩასძინებია სავარძელში და შინ დაბრუნებული შვილიშვილების ხმაურზე გაღვიძებია.

ბებო, წადი, დაწექი, მაინცდამაინც უნდა გადმოვარდე მაქედანო, - სიცილით ეუბნებოდნენ ისინი... და ერთხელაც, ფიქრებში წასული თვალებდახუჭული თინა რძალს ჩაძინებული ეგონა და ქმარს შესჩივლა, - დედაშენი, სანამ ახალგაზრდა იყო, უმცროს შვილს არ მოშორებია, დაუძლურდა და ჩვენთან გადმოვიდა. აქ პანსიონატი მაქვს თუ თავშესაფარი, ვერ გამიგიაო.

ამის თქმა და გიგას აყვირება ერთი იყო - ეს მეორედ აღარ გაიმეოროო, თუმცა როცა შუათანა ძმამ, ლევანმა თქვა, - დედაჩემს ახლა მე წავიყვანო, არ შეწინააღმდეგებია.
ყველაზე თავაზიანი ლევანის ცოლი გამოდგა, არადა სწორედ ყველაზე ნაკლები ამაგი მათ შვილებზე ჰქონდა. რძალი ბანკში მუშაობდა და შინ გვიან ბრუნდებოდა. ლევანი თავის საადვოკატო ბიუროში ძალიან დაკავებული იყო, ამიტომაც მომვლელი დაუქირავეს.

იგი დილიდან საღამოს შვიდ საათამდე იყო თინასთან, ბოლოს, მარტოობის შიში დასჩემდა თინას, ამიტომ მომვლელის წასვლის შემდეგ სულ საათს დასცქეროდა, შინაურების მოსვლამდე დარჩენილი დრო საუკუნოდ ეჩვენებოდა. ერთხელ, ლევანის შვილებს მეგობრები ეწვივნენ. შაბათი დღე იყო. შაბათ-კვირას მომვლელი ქალი არ მოდიოდა. შვილი და რძალი მუშაობდნენ. შვილიშვილებმა სთხოვეს: - ბებო, შენს ოთახში გაგიყვანთ, აქ უნდა ვიცეკვოთ, ვიმხიარულოთო.

კი, ბებო, ხელს არ შეგიშლითო, - უთხრა თინამ და თავის ოთახში განმარტოებული კიდევ ერთხელ მიხვდა სიბერის აუტანლობას... მეორე დღეს, კვირას, რძალს ესტუმრნენ მეგობრები. თინა ზრდილობისთვის მოიკითხეს, მერე კი სამზარეულოში ყავას მიუსხდნენ. კვლავ ჩაესმა უსიამოვნო სიტყვები - აუუ, შენ რა ბედი გაქვს... სანამ პატარები გყავდა, არ მოგხმარებია, უმცროსს და უფროსს გადაჰყვა, დაბერდა და "პასილკასავით" გამოგიგზავნესო.

ამას რძლის სიტყვებიც უმალ მოჰყვა, - ლევანის დედაა და სად გავუშვა? თანაც არაფერს აშავებს, თავისთვისააო.
იმ ღამეს თვალი ვერაფრით დახუჭა. სულ ერთი ფიქრი დასტრიალებდა თავს, ყველასთვის ზედმეტი ბარგად ვიქეციო.

როდის ჩაეძინა, აღარ ახსოვს. გაღვიძებულს ყველა წასული დახვდა. მომვლელი ქალი სამზარეულოში ფუსფუსებდა. თინამ თავს ძალა დაატანა და ისაუზმა. იცოდა, მაინც არ მოასვენებდა მომვლელი და ათასნაირი კითხვით შეაწუხებდა. მარტო ყოფნა უნდოდა, თავისთვის ფიქრობდა და შვილებისა და რძლების გამართლებას ცდილობდა. მეც ხომ მარტო ყოფნა მირჩევნია, რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდებსაც ასე უნდათო.

როგორც იქნა, შვიდი შესრულდა და მომვლელი ქალიც წავიდა. იგვიანებდნენ მისიანები. თინამ გარეთ გასვლა გადაწყვიტა, - სიარული არ მიჭირს, ჰაერს ჩავყლაპავ, პურსაც ვიყიდი და მალე დავბრუნდებიო...

ლევანს სამსახურში დაურეკეს. მეზობელი იყო, - დედაშენია ცუდადო. მაშინვე შინ გაჩნდა. დედა გარდაცვლილი დახვდა. მეზობლებმა უთხრეს, - ქუჩაში რომ დავინახეთ, გაგვიკვირდა, რამდენი ხანია, გარეთ არ გამოსულა. გაგვიხარდა, ვიფიქრეთ, გამოკეთდა და გასეირნება მოუნდაო. მერე უცებ დაჯახების ხმა მოგვესმა. გავიხედეთ და ტროტუარზე ეგდო. გამვლელებიც და მძღოლიც ამბობდნენ, - წითელ შუქზე გადადიოდა გზაზეო.

რაღა თქმა უნდა, ოჯახი ძალიან შეაწუხა თინას სიკვდილმა. ერჩივნათ, დედას შინ მიებარებინა სული უფლისთვის. ახლა ხომ კარგა ხანს ექნებოდა ხალხს სალაპარაკო - მოხუცებული პურის საყიდლად გაუშვეს და მანქანამ დაარტყაო...

თინა, ვინ იცის, მერამდენე თავსაფრიანი დედაკაცია. სამყაროში ყველაფერი ტრიალებს, ბრუნავს... ალბათ, კაცთა ბედიც მეორდება, ან მათი ცხოვრება ემსგავსება ერთმანეთს. ისე კი, უნდა გვახსოვდეს, რომ სიბერე ყველას მოგვიკაკუნებს.

მკითხველის კომენტარი (121)
04 თებერვალი 2018 22:21
რომ ამბობენ ქალიშვილი ყოლოდაო კარგი იქნებოდაო. არც ეს არის მართალი .იმ ქალიშ.ქმარი ყავს სახლში (ბევრ სიძეს არ ეხატება გულზე სიდედრი)ხშირ შემთხვევაში დედამთილი.მე და ჩემს დას დრო რომ არ ქონდა დედა შვილიშვითან ყცხოვრობდა მწოლიარე იყო და ჩვენ მომვლელი გვყავდა აყვანილი.
...
03 თებერვალი 2018 09:27
Erti moxuci, rusis qalbatonisgan gavigone:* adinochestva xuje, chem smert*--- martlac Ra zustad utqvamt Ara???....
ana
02 თებერვალი 2018 15:11
ჩემს მეზობელი ახალი გათხოვილია. მეუღლის და და ძმა დაქორწინებულები არიან. ეს ბიჭი სანამ უცოლო იყო ერთი სამუშაოდან რომ მოვიდოდა (ღამის ცვლიდან), დილიდანვე მეორე სამუშაოზე მიდიოდა. მშობლები ამ საწყალ ბიჭს იყენებდნენ იმაში, რომ სხვა შვილებს დახმარებოდნენ. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი როდესაც დაქორწინდა, არაფერი არ ჰქონდა, საკუთარი სახლიც კი. ყველაფერს მიხვდა დაოჯახების შემდეგ. ეხლა მითხარით ასეთი მშობლები რისი ღირსები არიან.
მაკა
02 თებერვალი 2018 14:03
სრული რეალობაა მაგრამ ეატომღაც მაინც სულ ეშლებათ მშობლებს , ამოჩემებული შვილების თემა.... რატომგაც ვერაინ აცნობიერებს რამდენ შვილსაც აჩენს იმდენად უნდა შეძლოს ყურადღწბის გადანაწილება მერე კი...
ნატალია
21 ნოემბერი 2017 10:41
ღმერთო რა საშინელებაა სიბერე, როცა აღარავისთვის ხარ საჭირო. უფალო დაიფარე ყველა ხანდაზმული მათშორის მეც.
19 ნოემბერი 2017 14:10
არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენც დავბერდებით.
მარინა
07 ნოემბერი 2017 08:36
მძიმე წასაკითხი მოთხრობაა, თუმცა სრული სიმართლის ამსახველი, რომლის მრავალი შემთხვევაა დღეს... გასაგებია ახალგაზრდების ცხოვრებისეული მოსაზრებები, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ ყველაზე მთავარი: პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა,-რაც კარგად უნდა გაითავისონ და იფიქრონ იმაზე, რომ თავადაც დაბერდებიან და მათი შვილები იგივეს გაიმეორებს, რაზეც ჩაფიქრდებიან, თუმცა მათთვის შენიშვნის მიცემის მორალური უფლება არ ექნებათ!..
03 ნოემბერი 2017 16:06
სიბერეს ვერცერთი გავექცევით...ასე დაჩაგვრა მოხუცის ......გული მეტკინა.......
დალი
03 ნოემბერი 2017 13:58
მართლაც რომ რეალობაა და ძალიან ცუდი წასაკითხი იყო, ღვთის ნებაა ყველაფერი, შვილები გვეყოლოს ბედნიერად.
დალი
02 ნოემბერი 2017 14:53
იმედია ჩვენც დავბერდებით ,და როცა უკვე სხვისი მოსავლელი გავხდებით მეშინია რომ ,თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება აუცილებლად მოვაბეზრებთ თავს საყვარელ ადამიანებს,და მაშინ სულერთია შვილია,თუ რძალი,გულწრფელად მეცოდება,რადგან საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი,მარტო ლამაზი სიტყვები არაა ცხოვრება,ეგ უსასრულო დრო შთანთქავს შენს სივრცეს და სარკეში რომ ჩაიხედები თურმე უკვე თვითონ ხარ მოსავლელი,მიუხედავად მოხუცების მიმართ დიდი პატივისცემისა მინდა ვუთხრა მათ,რომ ნუ ერიდებიან შვილებს მოითხოვონ (და არა სთხოვონ )ყველასგან თანაბრად ,რადგან ყველა შვილი 9 თვე ატარა და ნუ ზომავენ იმით თუ,ვის რამდენი შეხვდა,უფალი დიდია,ოდესღაც იქ მივალთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?