"სიკვდილის წინ უთქვამს, მთელი სიცოცხლე ეს ქალი მიყვარდა, უანგაროდ და გულწრფელადო" - კვირის პალიტრა

"სიკვდილის წინ უთქვამს, მთელი სიცოცხლე ეს ქალი მიყვარდა, უანგაროდ და გულწრფელადო"

როდესაც თქვენს რუბრიკაში "მიხაკები თოვლზე" წავიკითხე, მეც მომინდა ერთი ლამაზი სიყვარულის ამბავი მომეთხრო.

 

ბედნიერებაა, როცა ვიღაცას ასე უყვარხარ. მე მყავდა მამიდა, რომელიც ასაკის მიუხედავად (იგი 60 წლისაა) დღესაც მშვენივრად გამოიყურება. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ულამაზესებს ხშირად არ უმართლებთ.

18 წლისა გათხოვდა მამიდა ნინო, 32 წლისა დაქვრივდა. ორი ბავშვი დარჩა. მთხოვნელი კი ბევრი ჰყავდა, მაგრამ აღარ გათხოვილა. მისი დაბადების დღე 28 მაისს არის. ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა ვარდები, ეს ალბათ სხვამაც იცოდა და თუკი ქმრის სიცოცხლეში ვერ უბედავდნენ, მერე შეჰბედეს - ყოველ 28 მაისს იმდენ წითელ ვარდს იღებდა, რამდენი წლისაც ხდებოდა.

აღფრთოვანებულები ვიყავით საიდუმლო თაყვანისმცემლის ერთგულებით. შევეჩვიეთ და 12 წლის განმავლობაში სხვისი ხელით გამოგზავნილი ხასხასა ვარდები ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი გვეგონა, როგორიც მზის ამოსვლა-ჩასვლა. ერთხელ, მე და ჩემმა უფროსმა მამიდაშვილმა დავიმარტოხელეთ შიკრიკი - ვინ გატანს მამიდასთან თაიგულებსო. გულახდილად გვითხრა, - არ ვიცნობ, მანქანით იყო ქუჩის თავში, მთხოვა, აქ მომეტანა და მეც მოვიტანეო.

ერთი სიტყვით, საიდუმლო საიდუმლოდ დარჩა. მამიდა 43 წლის გახდა, შეწყდა იდუმალი მოლოცვა. მამიდაც და ჩვენც გაოგნებულები ვიყავით, - "ნეტავ რა მოხდა, რატომ აღარ ჩანს ვარდები?" - ვეკითხებოდით ერთმანეთს. მამიდა შემდეგ წელსაც ელოდა მიჩვეულ საჩუქარს, მაგრამ ამაოდ... და ორი წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდა ვარდები. თაიგულში წერილი იდო:

"ქალბატონო ნინო, გილოცავთ დაბადების დღეს. მე დავითის შვილი ვარ, მამა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მის თხოვნას ვასრულებ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მოგვიანებით გინახულებთ. ახლა კი, დაე, ყველაფერი ისე იყოს, როგორც მამაჩემის დროს".

მოგვიანებით მართლაც ინახულა დავითის შვილმა მამიდა. მას გაახსენდა ერთი მორიდებული ბიჭი, რომელიც მოსწავლეობისას ცეკვის სტუდიასთან ხვდებოდა, მერე შორიახლოს მიჰყვებოდა, შინამდე მიაცილებდა, ხმის ამოღებას კი ვერა და ვერ ბედავდა.

ნინო გათხოვდა, მოგვიანებით ისიც დაოჯახდა. მთელი სიცოცხლე ეს ქალი მიყვარდა, უანგაროდ და გულწრფელადო, - უთქვამს სიკვდილის წინ. მამიდაჩემი კი აღიარებს, რომ საოცარი განძის მფლობელია, ეს ის დიდი სიყვარულია, რომლის შესახებაც მრავალი წლის შემდეგ შეიტყო.

მარიამ ფალავანდიშვილი, თბილისი