"მევედრებოდა, ჩამოვალ შენთანო... უარი ვუთხარი. მე ქეთის ვერ გავაბედნიერებდი"
"მევედრებოდა, ჩამოვალ შენთანო... უარი ვუთხარი. მე ქეთის ვერ გავაბედნიერებდი"
რა შემთხვევაში ამბობენ ადამიანები უარს სიყვარულზე

ზოგიერთი ადამიანისთვის მეორე ნახევრის მოძებნა ცხოვრებაში სულაც არ წარმოადგენს პრობლემას, ზოგს კი მის მოსაძებნად მთელი ცხოვრებაც არ ჰყოფნის. მაგრამ, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარ მეორე ნახევრებსა და დიდ სიყვარულზეც უთქვამთ უარი...
რა შემთხვევაში ამბობენ ადამიანები საკუთარ გრძნობებზე უარს, ამას ჩვენი რესპონდენტების მონაყოლიდან შეიტყობთ.

ბაჩუკი, 30 წლის:
- თბილისში, ერთ-ერთ ძველ, კოლორიტულ უბანში გავიზარდე. ისევე როგორც ყველა ჩემი თაობის ბიჭი, ხშირად ვიდექი
ბირჟაზე: ვეწეოდით, ვსვამდით, ხანდახან ნარკოტიკულ ნივთიერების მოხმარებაზეც არ ვამბობდით უარს... ერთხელაც, ბირჟასთან, ჩვენი სახლის წინ, მანქანა გაჩერდა და ავეჯით დატვირთული სატვირთო მანქანიდან ულამაზესი გოგონა გადმოვიდა. მის შემხედვარეს მომეჩვენა, რომ დრო გაჩერდა... ქეთი ერქვა ჩემს "დამატყვევებელს", რომელიც ბებოსთან ერთად, მეზობლად გადმოვიდა. თურმე დედამისი გათხოვილა და მათთვის
ცალკე ბინა უყიდია. ქეთი 18 წლის გახლდათ და ჩემზე 2 წლით იყო უმცროსი. გადმოსვლის დღიდან მისი გრაფიკი ზეპირად შევისწავლე. ქუჩაში გამოვიდოდა თუ არა, მის სახეზე ვკითხულობდი ყველაფერს... ქეთი ყველას მოსწონდა და როგორც უბნის "ყოჩმა", თადარიგი თავიდანვე დავიჭირე: გოგონას არც ვიცნობდი, ჩემს შეყვარებულად გამოვაცხადე და სხვებს მასზე ფიქრიც კი ავუკრძალე. ერთ დღესაც, როგორც იქნა, გავიცანი! რამდენიმე დღეში თავი ისე შემაყვარა, მზად ვიყავი, მისი გულისთვის ყველაფერზე უარი მეთქვა. მალე მივხვდი, რომ მასაც აღარ შეეძლო უჩემოდ და როცა ჩვენი ურთიერთობა "სერიოზულ ფაზაში" უნდა გადაზრდილიყო, უბანში ჩხუბის გამო, ციხეში მოვხვდი და 6 თვის განმავლობაში "დავისვენე"... ქეთი ისე მენატრებოდა, დილით გაღვიძება არ მინდოდა, რადგან ვიცოდი, მის გარეშე უნდა გამეტარებინა მთელი დღე. ციხეში "წამალზე შევჯექი". მის გარეშე გატარებული დღეებს წამლით "ვიყუჩებდი"; ქეთი სიყვარულში ციხიდან გამოსვლის დღესვე გამომიტყდა და ჩვენი ურთიერთობაც გაგრძელდა, მაგრამ "წამალზე" უარი ვეღარ ვთქვი. როგორც კი "ლომკა" დამეწყებოდა, აღარავინ მახსოვდა... ზამთარში ბაკურიანში წასვლა გადავწყვიტეთ. სიხარულისაგან დავფრინავდი, როცა ქეთი ღამით ჩემს ნომერში დარჩა. არდადეგების ბოლო დღეს კი ჩემს ხელზე ნანემსრები შენიშნა. სიმართლის თქმა ვერ შევძელი და ძველი ნანემსრებია-მეთქი, - ვუთხარი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი უარესად ჩავეშვი ჭაობში. თავს ადამიანად მხოლოდ წამლის მორიგი დოზის გაკეთების შემდეგ ვგრძნობდი, ქეთი ხვდებოდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ კითხვას არ მისვამდა. ერთ დღესაც გამომიცხადა: - ვიცი, რომ კაიფობ, გვერდში დაგიდგები და ერთად დავძლიოთ ეგ სენიო. დავეთანხმე, მაგრამ ვერ შევძელი. ქეთის თვალებში ჩახედვის მრცხვენოდა. ის ჩემზე ძალიან ნერვიულობდა - ღამეებს ათენებდა... ტკივილს ვაყენებდი და ეს უფრო მიკლავდა გულს. გადავწყვიტე, საქართველოდან წავსულიყავი და აქ აღარასოდეს ჩამოვსულიყავი! მოსკოვში წავედი კიდეც.

- ეს გამოსავალი იყო?
- რა თქმა უნდა - არა. ვიფიქრე, შორს რომ ვიქნები, არც მე გამიჭირდება უმისობა და ქეთიც ერთხელ და სამუდამოდ მიხვდება, რომ აზრი არა აქვს ჩვენს ერთად ყოფნას-მეთქი. ქეთი ჩემთან ბედნიერი ვერასოდეს იქნებოდა. საკუთარ თავს ძალიან ცუდი სამსახური გავუწიე და ახლა სრულიად უდანაშაულო ადამიანი უნდა გამეუბედურებინა...

- ალბათ, არ გიყვარდათ...
- ვერავინ შეძლებს, გაიგოს, თუ რას განვიცდიდი მისი მიტოვებისას, მაგრამ რადგან საკუთარ თავს ვერ მოვერიე, სხვისი ცოდვა აღარ დავიდე... დღემდე ნარკომანი ვარ და ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. არც ისეთი ნამუსგარეცხილი და ეგოისტი ვიყავი, რომ ჩემი სიყვარულიც გამეუბედურებინა.

- ქეთის ამბავი მას მერე თუ გიკითხავთ?
- კი, მის ამბავს ხშირად ვკითხულობდი, ჩემ გარეშე ძალიან გაუჭირდა - ერთხელ ტელეფონის ნომერიც კი გაიგო და დამირეკა. მევედრებოდა, ჩამოვალ შენთანო... უარი ვუთხარი... 5 წლის შემდეგ გათხოვდა, დღეს 3 შვილი ჰყავს, ბედნიერი დედა და მეუღლეა. მე კი მის გაბედნიერებას ვერ შევძლებდი. დღეს ცოცხალი გვამი ვარ, ისეთი დაავადება მჭირს, რომელიც რამდენიმე წელიწადში ბოლოს მომიღებს, მაგრამ მიხარია, რომ ქეთი კარგადაა. მისი ბედნიერებით ვხარობ...
მარიამი
26 თებერვალი 2019 01:16
ნაკლები ოცნება და მეტი ზრუნვა ხალხზე ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ უნდა გვყავდეს მშიერი იხოცება მოხუცები და ბავშვები სამარცხვინო მთავრობა გვყავს რომელ დანაპირებს შესრულებაზეა საუბარი გონს მოეგონ უმჯობესია
ნარკომანთა უმეტესობა ეგოისტები და მატყუარები ხდებიან . . .
20 იანვარი 2019 15:20
ამას კი სინდისი და საკმაო ნებისყოფაც შერჩენია, საყვარელი ადამიანი რომ არ გააუბედურა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები