"ქმარმა ისეთ დღეში ჩამაგდო, ახლა მიკვირს, როგორ გავუძელი ყველაფერს" - კვირის პალიტრა

"ქმარმა ისეთ დღეში ჩამაგდო, ახლა მიკვირს, როგორ გავუძელი ყველაფერს"

ნია ვაშაკიძე 37 წლისაა. წლების წინ გამბედაობა ეყო, უარი ეთქვა ყოფილიყო ძალადობის მსხვერპლი და ბევრი ქალისგან განსხვავებით, არც დღეს უშინდება ამაზე საუბარს - სურს, მისი არჩევანი სხვებისთვის მაგალითი იყოს...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"საკუთარ სახლში შეურაცხყოფილი - ნაცემი, დალილავებული, მშიერი ვიყავი და მრცხვენოდა, სულ თავჩაქინდრული დავდიოდი და ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს ვიმსახურებდი. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ, რადგან ჩემ გარშემო ბევრი ფილოლოგი იყო, მათ შორის დედაც და ბაბუაც, მეც უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. 16-ის გავთხოვდი და 17 წლისას, მე თვითონ ბავშვს, უკვე შვილი მყავდა..."

"როდესაც მეუბნებოდნენ, შენი შესაფერისი არ არისო, ყური არავის დავუგდე. არადა, მისი მეგობრებიც კი მაფრთხილებდნენ, - პათოლოგია, იცოდე, თავს დაიღუპავ, ცოდო ხარო. თურმე მართლები ყოფილან. ისეთ დღეში ჩამაგდო, ახლა მიკვირს, როგორ გავუძელი ყველაფერს. 24 საათი იმას მიმტკიცებდა, რომ ცუდი ვიყავი და ახი იყო ჩემზე ძალადობა, რომ ვიმსახურებდი ცემას..."

"აი, ვთქვათ, მოვიდა და დავხვდი სახლში, ყველაფერი დალაგებული მაქვს, სადილი - მომზადებული. ყველაფერს შეამოწმებდა და მიზეზს რომ ვერ ნახავდა, მომიბრუნდებოდა: აი, ახლა მაინც უნდა გირტყაო. რატომ-მეთქი? - არ ჭრიდა ის, რომ კარგი დიასახლისი ვიყავი, ვზრდიდი შვილებს, არაფერს ვაშავებდი. მახსოვს, ერთხელ ვერაფერი რომ ვერ მოიმიზეზა, ბუზები რატომ არიან ოთახშიო და ამის გამო მცემა..."

"გული მწყდება იმ წლებზე, იმდენი ხანი შიშსა და უბედურებაში რომ გავატარე, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, ზოგი სიცოცხლის ბოლომდე ეგუება ამ სიტუაციას... სანამ არ შეიყვარებ საკუთარ თავს, მანამდე არაფერი გეშველება...

როცა გავიგე, რომ ამდენი ქალი იტანდა ცემა-ტყეპას, მომინდა, ჩემი ამბავი ყველას გაეგო, რომ სხვას აღარ მოეთმინა, სხვა აღარ გამხდარიყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, პროტესტი გასჩენოდა. სხვათა შორის, ბევრმა მითხრა, რომ გაჩუმებას ამჯობინებენ და უკვირთ, მე როგორ გავბედე ამის ხმამაღლა თქმა. ბევრმა დამადანაშაულა, არ უნდა გასცილებოდი, რთული პერიოდი ჰქონდა და უნდა თანაგეგრძნოო. ერთმა კაცმა კი ბრალი დამდო, - შენ თუ კარგი დიასახლისი ხარ, ერთ კვერცხს შეწვავ კიდეც, მოხარშავ კიდეც და ოჯახს მაინც არ დაანგრევო, ანუ კარგმა ქალმა ყველაფერი უნდა აიტანოსო..."

ნიას საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 31 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

იხილეთ ასევე: "ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა გადავწყვიტე და მეორედ გავთხოვდი"

ნინო ჯავახიშვილი