წერილი დედას - "მიყვარხარ, მაგრამ პატიება არ შემიძლია"
წერილი დედას - "მიყვარხარ, მაგრამ პატიება არ შემიძლია"
"ვიცი, ჩემთან შეხვედრა გინდა, ლაპარაკი და მოფერება, მაგრამ უკვე სამი წელია, თავს ვებრძვი და ვერა და ვერ ვახერხებ საკუთარი თავი დავიყოლიო - მიდი, ელაპარაკე, ის ხომ დედაშენია, მან გაგაჩინა-მეთქი.

ამის გაფიქრებაზე ისევ სიბრაზე მიპყრობს - მან ხომ მიმატოვა, სხვაზე იოლად გამცვალა. რა ვქნა, დედა, ვერ გპატიობ, ასე იოლად რომ დამტოვე. მართალია, მამას გადაულოცე ჩემი თავი, მაგრამ მე ხომ დამკარგე, ხომ მომიცილე? არადა, დედობა იმან გამიწია, ვისაც არ გავუჩენივარ. წლების განმავლობაში
მამაჩემის მეორე ცოლი მეგონა დედა და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

გამოჩნდი და თავზარი დამეცა... მამაც და დედაც (დედას ვეძახი ჩემს გამზრდელს), მეგობრებიც და ჩემი მოძღვარიც მეუბნებიან: "შეუნდე, აპატიე, ის ხომ შენი დედაა.  ვინც შენდობა არ იცის, დიდ ცოდვაში დგამს ფეხს, ვისაც სიყვარული არ შეუძლია, უბედურიაო... მე 
ძალიან მიყვარხარ და მაინც ვერაფრით გპატიობ. დრო სჭირდება ყველაფერსო, - ეგეც მითხრეს... და თუ დროს შეუძლია ბევრი რამ, იქნებ შევძლო და მოვიდე შენთან".

ეს წერილი 20 წლის გოგონამ მომიტანა და მთხოვა, გამომექვეყნებინა, მერე კი თავისი ამბავიც მიამბო...

თანაკლასელები "ლამაზების დედოფალს" ეძახდნენ ლალის. ბევრს მოსწონდა. მან კი თემო არჩია და შეიქმნა ტკბილი ოჯახი. წელიწად-ნახევრის შემდეგ ლალი მიხვდა, რომ ბედნიერი არ იყო. მას სხვა შეუყვარდა. ქმრის გულისტკენას არ დაეძებდა, მაგრამ 7 თვის ანი როგორ უნდა მიეტოვებინა.

შეყვარებულები გერმანიაში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას. ბავშვი იქ სრულიად ზედმეტი იყო. უცხოეთიც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ატყობდა ლალი, რომ მის მიჯნურს, რომელიც სულ მალე მეუღლე გახდებოდა, არ ეჭაშნიკებოდა "სხვა კაცის" შვილი. ცოტა ხანში, მან ახსნა-განმარტებაც მიაყოლა: ანი მამას უნდა დაუტოვო, ჩვენ იქ ბავშვს ვერ ვიყოლიებთ, არ მინდა, ამის გამო პრობლემები შემექმნასო და ლალიმაც იოლად დათმო შვილი.

ყველაფერი უცებ მოხდა.
- მე სხვა მიყვარს, ჩვენი შეუღლება შეცდომა იყო! - უთხრა ქალმა ქმარს.
- ბავშვი ჩემთან დარჩება! - იყო თემოს პასუხი.
- ასეც ვაპირებდი! - თქვა და  კარი გაიხურა, რომლის მიღმა ყველაზე ძვირფასი არსება დარჩა.

გერმანიაში სამი წელი დაჰყვეს, მერე საფრანგეთში გადაინაცვლეს. ლალი არ მუშაობდა, თუმცა ქმარი მართლაც არაფერს აკლებდა.
თემომ ლალის წასვლიდან 2 წელიწადში ცოლი შეირთო. ნებისმიერი კაცისთვის მძიმე ასატანია ცოლის სახლიდან წასვლა, მით უმეტეს, თუ ცოლ-ქმარს მანამდე ძალიან უყვარდა ერთმანეთი, მაგრამ თემო იმ კაცების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, დარდით რომ დეპრესიაში ვარდებიან.

ერთადერთი, რაც ძალიან უნდოდა, ის იყო, რომ მის საყვარელ გოგონას თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ქალი ჰყოლოდა გვერდით, რომელიც დედის მაგივრობას გაუწევდა. მალე იპოვა კიდეც. დანახვისთანავე მიხვდა, რომ თამარი სწორედ ის ადამიანი იყო, ვისაც ეძებდა. დედინაცვალი დედად იქცა. ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ თამარი განსაკუთრებით თბილად ანის ექცეოდა. ამას ასე ხსნიდა - ხომ იცით, სიყრმის შვილი სულ სხვანაირად უყვართ მშობლებსო. უცხოებთან და ახალ ნაცნობებთან ყოველთვის მალავდა, რომ ანი მისი ღვიძლი შვილი არ იყო...

როცა ლალი მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, ანი 17 წლის იყო. ლალიმ შვილის ნახვა მალევე მოისურვა, მაგრამ მისგან სასტიკი უარი მიიღო. თამარი შეხვდა კიდეც ლალის და უთხრა, რომ გოგონა ძალიან განიცდიდა "ციდან ჩამოვარდნილი დედის" გამოცხადებას. სთხოვა, - აცალე, ამასთან შეგუებას დრო სჭირდებაო. ლალიმაც გაითვალისწინა მისი რჩევა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა, მაგრამ ანიმ ვერა და ვერ გადადგა დედისკენ ნაბიჯი... იქნებ, ამ ნაბიჯად ეს წერილი გამოდგეს...

ნინო
29 ნოემბერი 2019 17:22
ქალი თუ გიყვარს მისი შვილიც უნდა გიყვარდეს. ცოტა ვერ გავიგე რომელიმე კაცმა შვილი მიმატოვებინოს.
ლალი
27 ნოემბერი 2019 12:35
ქალბატონო მაია ალბათ გინდოდათ გეთქვათ "ზოგიერთი" ლალი და არა ყველა .❤
მაია
26 ნოემბერი 2019 12:29
ყველა ლალი მოღალატე რატომაა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები