უდიპლომო სასიძო, ანუ როგორ აღმოჩნდა ვირი ხეზე
გიგლას სწავლაზე არასოდეს მოუკლავს თავი, სამაგიეროდ შრომა არ ეზარებოდა. მშობლებიც გამრჯე ჰყავდა და სახლ-კარი ისე მოვლილ-დაკრიალებული ჰქონდათ, თუ საპატიო სტუმარი ეწვეოდა სოფელს, უსათუოდ მათთან უნდა მიეყვანათ.

გიგლა 23 წლის რომ გახდა, მიხვდა, რომ მისი ბავშვობის დროინდელი მეგობარი თაია ძალიან უყვარდა. კარგა ხანს ეგონა, თანშეზრდილი რომ იყო, იმიტომ ენატრებოდა და სასწავლებლად წასულს ერთი-ორჯერ ჩააკითხა კიდეც დედაქალაქში:
- ხო არავინ გაწუხებს, გო? - ჰკითხა თაიას.

- ვინ უნდა შემაწუხოს? ვსწავლობ და ვარ, - ცოტა არ იყოს, დაბნეულად უპასუხა - არ ელოდა მის უეცარ სტუმრობას.
- ხო დაბრუნდები?
- მა რას ვიზამ! - დაჰპირდა გოგოც.

...და აი, თაიაც დაბრუნდა. ბიჭმა კინოში დაპატიჟა და იმ საღამოსვე ყველაფერი გაირკვა - თურმე ჰყვარებიათ ერთმანეთი, ოღონდ აქამდე სახელს ვერ არქმევდნენ და ჩვეულებრივი
მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა ეგონათ.

უცებ გავარდა ხმა - გიგლა და თაია ჯვარს იწერენო, მაგრამ ბიჭს რომ თავი ქუდში ეგონა და ქორწილისთვის ემზადებოდა, თაიას მამამ, გოგიამ, ცივი უარი თქვა: - ჩემს ნასწავლ გოგოს უსწავლელსა და უდიპლომო ბიჭს არ გავაყოლებო. მთელი სოფელი ხელებს იფშვნეტდა, გიგლაანთ პურისჭამისთვის ემზადებოდა, გოგიამ კი ყველას ცივი წყალი არ გადაასხა?!

- Nნეტავ, რას იზამენ შეყვარებულები? - ჩურჩულებდა სოფელი.
- რას იზამენ და გაიპარებიან. არა, ბიჯო, უხათრებს ახლა და გოგიასი შაეშინდება გიგლას, ეგღა აკლია, - ვარაუდობდნენ ბიჭები. გოგიამ კი, - ვისი აჯობებს, ამასაც ვნახავთ, ჩემი შვილი მე დამემორჩილება, ეგ უბირი კი მაშინ გახდება ჩემი სიძე, როცა ვირი ხეზე ავაო...

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და სიტუაცია დაიძაბა. აქეთ გიგლას მშობლები განაწყენდნენ - ნეტაი, რა აქვს ჩვენს ბიჭს დასაწუნი, მიედაროს ნებისმიერი ნასწავლი ამისთანა ოჯახის მუჭუჭსა და მარიფათიანსო, იქით კიდევ გოგოს დედ-მამა: - თბილისში იმიტომ ვასწავლეთ, რომა ისევ სოფლელს გაჰყვეს და აქ დაიდოს ბინაო? ავდგებით, ფულს დავხარჯავთ და ახლა საზღვარგარეთ გავუშვებთ ჩვენს თაიასაო...

თაია ცრემლებს მუჭით იწმენდდა, - რად მინდა სწავლა და უცხოეთი, თუ გიგლას დამაშორეთო. ასეა თუ ისე, თაიას შინაპატიმრობა იქამდე მიესაჯა, სანამ "თვალდაბნელებული" და "ყურდახშული" გონს არ მოვიდოდა. ამასობაში კი გიგლა სტრატეგიულ გეგმას სახავდა: ავდგები და მოვიტაცებ, მერე მიყუროს გოგიამ, ვირი ხეზე როგო ავაო...

ერთ მშვენიერ და ნათელ დილას, როცა გოგიას ეგონა, გაკერპებული ნასწავლი შვილი დაიმორჩილა და ჭკუაზე მოიყვანა, ეზოში გასულს ზემოდან ვირის ყროყინი მოესმა. აიხედა. საეჭვო ვერაფერი დაინახა. უნებურად ულვაშებში ჩაეცინა, - კახელ კაცს დღე და ღამე ვირი ელანდებაო. ერთი გემრიელად გაიზმორა და კვლავ ყროყინი შემოესმა, ახლა უკვე აშკარად. მიჰყვა ხმას და კაკლის ხეს მიადგა. გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით, ყროყინი აშკარად ესმოდა, ვირი კი არ ჩანდა.

უნებურად გულში გაივლო, - სოფლის ბიჭები ხო არ მამასახარავებენო. ზემოდან რომ დაიყროყინა რაღაცამ, აიხედა და რას ხედავს, კაკლის სქელ გადაჭრილ ვარჯზე ვიღაცას ჩოკინა საგულდაგულოდ "დაუმაგრებია" გადახვეულ-დაბმული. ჯერ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს, მერე კი, როცა ცოლის შეცხადება გაიგონა - უი, თავი მომიკვდეს, თაია გაპარულა გიგლასთანო, ყველაფერს ნათელი მოეფინა... გიგლა მისი სიძე გახდა და ვირიც, მართალია, სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც ხომ ავიდა ხეზე!

ძლივს ჩამოხსნა ოთხმა კაცმა ხიდან ვირი, რომელსაც კისერზე ბარათი ჰქონდა ჩამოკიდული: "გოგია ძიავ, ახლა კი უკვე ჩემო სიმამრო, სამ დღეში დავბრუნდებით მე და თაია და ქორწილისთვის მაემზადე!"

რაღა უნდა ექნა გოგიას? "მაემზადა" და სამი დღის მერე დიდი ქორწილიც გადაუხადა ნასწავლ გოგოსა და უდიპლომო სიძეს.
tamta
05 ოქტომბერი 2010 15:40
როგორც ყოველთვის მაგრები ხართ!!!

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები