"ბევრი ადამიანი ჩამოდის საქართველოდან, რთული ავადმყოფობით, ბევრს საერთოდ, არასწორი დიაგნოზი აქვს დასმული"
"ბევრი ადამიანი ჩამოდის საქართველოდან, რთული ავადმყოფობით, ბევრს საერთოდ, არასწორი დიაგნოზი აქვს დასმული"
გოგონა, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, საქართველოდან თავის ოჯახთან ერთად, 2004 წელს წავიდა. მიზეზი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც იყო, მაგრამ ანასთავის მთავარი სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება გახლდათ. უნდოდა, ისეთი განათლება მიეღო, როგორზეც ოცნებობდა და ისეთი წარმატებისთვის მიეღწია, რითაც ყველა იამაყებდა... ანა ლორდი - დღეს ასე გაგეცნობათ ქართველი გოგონა, რომელიც უკვე საფრანგეთის მოქალაქეა და პარიზში მყოფ ქართველებს შეძლებისდაგვარად ეხმარება. ამბობს: თავის დროზე მეც რომ
დამხმარებოდა ვინმე, ახლა გაცილებით უკეთ ვიქნებოდიო.

- ძალიან მიყვარდა სწავლა და ოცნებად მქონდა უფრო მეტისთვის მიმეღწია, ვიდრე ამას საქართველოში მოვახერხებდი. იმ პერიოდში, როცა ჩვენ აქედან წავედით, არაფრის პერსპექტივა არ ჩანდა, ხალხს სამსახურიც კი არ ჰქონდა... რა თქმა უნდა, ქართველებს გვაქვს კარგი უნივერსიტეტი, სადაც განათლებული ადამიანები ატარებენ ლექციებს და მათ მე ცხადია, ვერაფერს დავუწუნებდი, უბრალოდ, ეს
ბავშვური აკვიატება თუ ოცნება ვერ ამოვიგდე გონებიდან და როცა ოჯახში საუბარი ჩამოვარდა საზღვარგარეთ წასვლაზე, მეც ძალიან ვაქტიურობდი... კიდევ კარგი, წავედით, რადგან დედა ავად იყო და აქ რომ დავრჩენილიყავით, გაცილებით ადრე დავკარგავდი მას - საფრანგეთში კი მთელი 8 წლით გაუხანგრძლივეს სიცოცხლე.

- აქედან რომ მიდიოდით, უკვე იცოდით, დედას რა სჭირდა?
- კი, ვიცოდით, ოპერაციაც ჰქონდა უკვე გაკეთებული, მაგრამ გვეგონა, საშიშროებამ ჩაიარა. ალბათ უფრო თავს ვიტყუებდით, რომ ყველაფერი კარგად იყო. საბედნიეროდ, უკვე საფრანგეთში ვიყავით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ დედას სინამდვილეში გაცილებით სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ვიდრე გვეგონა.
დედამ საქართველოში ყოფნის დროსაც იცოდა თურმე, რაც სჭირდა. ექთანი იყო, მაგრამ ისეთი გამოცდილებით, რომ ექიმად მუშაობდა. მკერდის სიმსივნე ჰქონდა. თვითონ გადაწყვიტა, რომ არ უნდა მოეკვეთათ მისთვის მკერდი, უბრალოდ სიმსივნური ჯირკვლები ამოუღეს. ჩვენ რომ გვეგონა, ყველაფერი კარგად იყო, თურმე მეტასტაზები უკვე ხერხემალში გახლდათ გადასული. საფრანგეთში გაუკეთეს რადიოთერაპია, ანუ მოხდა ამ მეტასტაზების გაყინვა და ამის შემდეგაც გამუდმებით კონტროლის ქვეშ იყო. საფრანგეთის სახელმწიფომ დაგვაზღვია და დედას, თქვენ წარმოიდგინეთ, საჭიროების შემთხვევაში ტაქსიც კი უფასოდ ემსახურებოდა. წლები იცოცხლა ამ დაავადებით. მერე კი დაემართა ნერვის ანთება, ვერ სწორდებოდა, საშინელი ტკივილები ჰქონდა და ოპერაციის გაკეთებამ მოგვიწია. ეტყობა, ხერხემალთან რომ გაჭრეს, გაყინული მეტასტაზები დაიძრა და ამოქმედდა ბომბის მექანიზმივით. ძლივს გამოიყვანეს მაშინ ნარკოზიდან. მერე სხვანაირი ტკივილები დაეწყო და ცოტა ხანში გვითხრეს, რომ უკვე ფეხშიც იყო მეტასტაზები გასული. აქვე გეტყვით, რომ დედა ცხოვრობდა სასტუმროში და იქ ცხოვრების საფასურს საფრანგეთის სახელმწიფო უხდიდა. ახლა მითხარით, როგორ არ უნდა დავაფასო და მიყვარდეს ეს ქვეყანა, რომელმაც დედა მთელი 8 წლით მაჩუქა?!

- ანა, თავიდანვე საფრანგეთში ჩახვედით?
- არა, მამა შვედეთში იყო ემიგრაციაში და გადავწყვიტეთ, მასთან ჩავსულიყავით, თავშესაფარიც მოვითხოვეთ. გაგვაჩერეს მხოლოდ ორი თვე, რადგან ჩვენ ფინეთის ვიზები გვქონდა და მერე დაგვადეპორტეს ფინეთში, სადაც ასევე მოვითხოვეთ თავშესაფარი. იქ 7 თვე გაგვაჩერეს. მერე მოხდა ისე, რომ ჩემს ძმას მოუვიდა ავარია. რადგან დამნაშავე არ იყო, დაელოდა პოლიციას. როცა აღმოაჩინეს, რომ მის ოჯახს თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი, გამოადეპორტეს მხოლოდ ჩემი ძმა, მერე სხვა მიზეზით მამაჩემიც გამოუშვეს; დავრჩით მე და დედა მარტო. მერე გადავედით ისევ შვედეთში. თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ვიდრე საფრანგეთში ჩავიდოდით, აქეთ-იქით ბევრი ვიმოგზაურეთ. გერმანიაშიც კი მოგვიხდა თავშესაფარის თხოვნა, მაგრამ ყველა ქვეყნიდან ფინეთში გვაბრუნებდნენ. ბოლოს, საფრანგეთში წასვლა გადავწყვიტეთ.
მარა.

- ამასობაში რამდენი დრო დაკარგე?
- დაახლოებით წელიწადი და 2 თვე. თავშესაფარს ვეძებდი და სწავლის გაგრძელება ცხადია, ოცნებად დამრჩა... ერთი ეგ იყო, ფინეთშიც და შვედეთშიც ენის მცირეხნიანი კურსები გავიარე, სხვა ვერაფერი მოვასწარი.
ახლა ჩემს თავგადასავალს რომ ისმენენ, ბევრი ამბობს, ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდიო, მაგრამ მერწმუნეთ, კონკრეტულ სიტუაციაში ყველას უჩნდება ჟინი, ძალა გემატება თითქოს, დასახულ მიზანს რომ მიაღწიო. ჰოდა, ამ ბრძოლის წყალობით ჩვენც ჩავედით პარიზში, მოვითხოვეთ თავშესაფარი. იქაც ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. დედა ქერა, ცისფერთვალება იყო. არ სჯეროდათ, დედა-შვილი რომ ვიყავით (იღიმის). ძალიან მალე უარი გვითხრეს თავშესაფარზე. საბედნიეროდ, ამ ქვეყნიდან უცებ არ გაძევებენ; გაძლევენ საბუთს და დროს, როდემდეც შეგიძლია, მათ ქვეყანაში დარჩე. ჩვენ მოგვცეს 6 თვე, ამ დროის შემდეგ უნდა წავსულიყავით საფრანგეთიდან. 10 დღეში ერთხელ დედას შემოწმება უნდა გაევლო, ანაბეჭდებს უღებდნენ. მე არანაირი საბუთი არ მქონდა, პატარა ყვითელი აცრის წიგნაკის გარდა (იღიმის).

- ახლა თარჯიმნად მუშაობ და როგორც საფრანგეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა მომწერეს, ქართველებს ყველანაირად ეხმარები...
- კი, ასეა. ქართველებს დავყვები ექიმებთან, ვაძლევ რჩევებს და ა.შ. სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი, რთული ავადმყოფობით ჩამოდის, ბევრს კი საერთოდ, არასწორი დიაგნოზი აქვს დასმული. აქ რომ ჩამოდიან, რა თქმა უნდა, თავშესაფარი უნდა მოითხოვონ, მერე აძლევენ დაზღვევას, ამ მოლოდინს კი სჭირდება თვე-ნახევარი ან ორი თვე მაინც. მაგრამ ზოგიერთი მძიმე პაციენტია, ამდენ ხანს ვერ მოითმენენ. საავადმყოფოებს ჰყავთ თავიანთი ე.წ. სოციალი, რომლებთანაც მიწევს სათხოვარით მისვლა, რომ სანამ დაზღვევას მისცემენ, იქნებ ნახონ პაციენტი. ექიმებიც ძალიან მეხმარებიან. იქ არ არსებობს, ვინმე ფულს იყოს დახამებული. სხვაგან შეიძლება, სასიკვდილოდ გაგიმეტონ, თანხა თუ არ გაქვს, მაგრამ საფრანგეთში ეს გამორიცხულია, მათთვის უმთავრესია პაციენტი ფეხზე დააყენონ და საქართველოდან ჩამოსული ადამიანების ეჭვი, იქნებ ეს არაა კარგი ექიმი და სხვასთან ჩამწერეო, უსაფუძვლოა... ექიმთან შეხვედრა რომ მოინდომო, აქ ლამის მთელი თვე უნდა ელოდო შენს რიგს ან უნდა ირბინო და დაუმტკიცო, რომ რთული სიტუაციაა. ხელს მიწყობენ ექიმებიც და ერთად ძალიან ბევრს დროულად დავეხმარეთ...
ზოგიერთები მოდიან იმიტომ, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ, მაგრამ ამოჩემებულად, მხოლოდ და მხოლოდ პარიზში ცხოვრება სურთ. არადა, საფრანგეთის პატარა ქალაქებში უფრო იოლად გაძლევენ თავშესაფარს, ყველაფერში უფრო მალე გეხმარებიან, პარიზში კი რთული პროცედურებია გასავლელი და მაინც, არსად წასვლა არ სურთ. ცოტა არ იყოს ბრაზობენ, როცა მათ რომელიმე ქალაქში გადასვლას ვურჩევ. არადა, ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ თავის დროზე მეც ბევრი რამ გადამხდა და არ მინდა, ეს მათაც გამოიარონ. ბავშვიც რომ გყავდეთ სულ თოთო, პარიზში ისე ადვილად აღარ მოგცემენ თავშესაფარს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. როცა გაძლევენ დროებით თავშესაფარს და შენ პირობებს იწუნებ, ცხადია, ეს არ მოეწონებათ... სრული ვერსია

ლიკა ქაჯაია


რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები