ზოგჯერ მოთმენას გაცლა სჯობს - კვირის პალიტრა

ზოგჯერ მოთმენას გაცლა სჯობს

გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას, "ტვირთად ქცეული დედა", ბევრი მკითხველი გამოეხმაურა. ერთმა თავისი ოჯახის სევდიანი ამბავიც მოგვწერა...

"ოჯახში ოთხნი ვიყავით: მშობლები, მე და ჩემი უფროსი და. მეგი 18 წლისა მოიტაცეს. ყველამ ძალიან ვინერვიულეთ. დედას მისი წამოყვანაც უნდოდა, მაგრამ მამამ შეაჩერა: თუ ჩვენს შვილს იმ ბიჭთან ერთად ყოფნა სურს, ნუ შევეწინააღმდეგებითო. ბევრი წყვილი ვიცი, ბიჭს გოგო ძალით რომ წაუყვანია და მერე მშვენიერი ოჯახი შეუქმნიათო. ჩემი დაც დარჩა თავის მოძალადე ქმართან.

ჩემმა მშობლებმა ქორწილიც კი გადაუხადეს. ოჯახს რომ გაუჭირდა, საბერძნეთში წავედი და სული მოვათქმევინე ჩემს მშობლებს. დიდი ტკივილი იყო მამის უეცარი გარდაცვალება. ძალიან განვიცადე, მაგრამ შინ დაბრუნება შიმშილით სიკვდილს ნიშნავდა. მეგიმ დამამშვიდა, - ნუ ინერვიულებ, დედას ჩემთან წავიყვანო. გული ავს მიგრძნობდა.

ვიცოდი, დედა სიძესთან კარგად ვერ იქნებოდა, ის ხომ უხიაკი და უხეში კაცი იყო. იმ შვიდი წლის განმავლობაში, სანამ მეც საქართველოში ვიყავი, ჩემი და რამდენჯერმე წამოვიდა მისგან, მაგრამ ჩვენმა სიძემ ვინ არ ჩარია მეგისთან შესარიგებლად. ორი შვილი ჰყავდა და ჩემი დაც ურიგდებოდა, რატომღაც სხვა გზას ვერ ხედავდა. რისიც მეშინოდა, ისე წავიდა ჩემი დის ცხოვრება.

მათ მეზობლად ჩემი უახლოესი მეგობარი ცხოვრობდა და იმან მიამბო ყველაფერი. მათი ოჯახიდან თურმე სულ ჩხუბის, მტვრევისა და წივილ-კივილის ხმა გამოდიოდა. ამის ატანა სად შეეძლო დედას? შინ დაბრუნდა - მირჩევნია, მიჭირდეს და მარტო ვიყო, ვიდრე იმ მხეცს ვუყურო ყოველდღეო. ჩემი უფროსი დისშვილი, 12 წლის ანანო - მეც ბებიასთან მინდაო - და დედაჩემს გამოყვა. ახლა ამაზე გადაირია ჩემი დის ქმარი - ჩემს შვილს რა უნდა იმ ბებერთანო.

ამჯერად უკვე აღარც დაფიქრებულა მეგი და უმცროს შვილთან ერთად დედასთან დაბრუნდა. თან განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. ლამის დასაბმელი გახდა თურმე ის არაკაცი.

მიუვარდა და ერთი ამბავი დააწია. დედაჩემმა ვერ აიტანა სიძის ლანძღვა-გინება და გულის შეტევით გარდაიცვალა. რომ ჩამოვედი და ჩემს დას ვუსაყვედურე, - ჩვენი მშობლები ამ უსულგულო კაცის მსხვერპლი შეიქნენ და ახლა იცოდე, თუ შეურიგდები, ჩემი სახელიც არ ახსენო-მეთქი. მართლაც, მას პირი აღარ უჩვენებია ქმრისთვის. მან კარგა ხანს უტრიალა მეგის, ხან შერიგება სთხოვა, ხან ეჩხუბა, ბოლოს, დაიღალა და გაეცალა.

ახლა აქ ვარ, საქართველოში. მალე ისევ მომიწევს უცხო ქვეყანაში წასვლა. მშვიდად ვარ, რომ დას და დისშვილებს აღარავინ შეაწუხებს. მენანება ჩემი მშობლები - ისინი ხომ სიძის უხეშობამ შეიწირა. ხანში შესულ ადამიანებს არაფერი უნდათ სიმშვიდისა და სიყვარულის გარდა. განა შეიძლება ასეთი მცირე რამ დააკლო მათ?

სოფო, თბილისი

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავალი - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი. გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება