გვიანი სიყვარული, ანუ როგორ დავაქორწინე ბებო - კვირის პალიტრა

გვიანი სიყვარული, ანუ როგორ დავაქორწინე ბებო

ეს სანდომიანი წყვილი ზღვის ნაპირზე ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გამოდიოდა - დილის 8-დან 11 საათამდე, საღამოს - 6-დან მზის ჩასვლამდე. ასაკოვანი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს თვალებში ისეთი სიყვარულით შესციცინებდნენ, კაცი იფიქრებდა ახლახან შეუღლდნენო.

უცებ დავუახლოვდით ერთმანეთს. როცა  ქალბატონმა მითხრა, 64 წლის ვარო, - გაკვირვება ვერ დავმალე. მერე ისიც გავარკვიე, რომ ქალბატონი ქეთევანი და ბატონი ვაჟა სულ ოთხი წლის შეუღლებულნი იყვნენ. უცებ დატრიალდა უამრავი კითხვა გონებაში...

სანამ ცოლ-ქმარი მშვიდ ზღვაში ცურავდა, საკუთარ თავს ველაპარაკებოდი: როგორ მაინტერესებს, აქამდე სად იყვნენ, რატომ შეუღლდნენ ასე გვიან, ან როგორ ახერხებენ ასეთი ახალგაზრდული გატაცებით უყვარდეთ ერთმანეთი. ეს თმაშევერცხლილი სიმპათიური ვაჟა ისე დაჰკანკალებს ცოლს, თითქოს ეშინია, არავინ წაართვას. არადა, სამი შვილი ჰყავთ თურმე, ოთხიც შვილიშვილი. არა, დიდხანს ვერ გავძლებ, მაინც უნდა გამოვკითხო რაღაც-რაღაცები.

მერე ქეთევანი ჩემი სპეციალობით დაინტერესდა. ვუთხარი. თვალები გაუბრწყინდა - "ძალიან მიყვარს თქვენი გაზეთიო".

ქეთევანმა ქალბატონების გვერდში დაბეჭდილი საინტერესო წერილები გაიხსენა, ბოლოს კი დასძინა: ჩვენი ამბავი თქვენი რუბრიკისთვისაა ზედგამოჭრილი. სულ რომ აღარავის ველოდი და სიბერისთვისაც მარტო ვემზადებოდი, მაშინ გამოჩნდა ვაჟა. ისიც მარტოდ იყო. ჩემმა შვილიშვილმა გამაცნო. ოთხი წელია ერთად ვართ. უცნაურია ეს ცხოვრება. ბედი სად რას მოგიმზადებს, არასოდეს იცი.

ქეთევანი

იგი სკოლის თვალი იყო - გარეგნობითაც, კეთილი გულით. ყველას ძალიან უყვარდა.

მეცხრე კლასში იყო, როცა ციხიდან ახალგათავისუფლებულ თაზოს უბნის საძმომ სუფრა გაუშალა. ბიჭები ეზოში ტრიალებდნენ. სწორედ ამ დროს გამოიარა ქეთინომ. თაზომ შეხედა: "ვინაა ეს ანგელოზი?" უთხრეს. თაზომ - ერთი წელი დავაცდი და მერე ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო.

თქვა და შეასრულა.

ქეთინოს მამამ სიძის ვინაობა რომ გაიგო, ინფარქტი მოუვიდა. სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. მშობლებიც და ორი უახლოესი მეგობარიც სთხოვდნენ ქეთევანს, წამოსულიყო თაზოსგან, მაგრამ მან - ეს ყოფილა ჩემი ბედიო. მალე გოგონა შეეძინათ, თეონა. სწავლის გაგრძელება ძალიან უნდოდა. თაზოს მშობლები არ ჰყავდა, დეიდის გაზრდილი იყო. ქეთინოს შესთავაზა, მე დავიტოვებ ხოლმე პატარას, შენ კი სწავლას მიხედეო... ქეთევანი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მოგვიანებით მის მშობლებსაც მოულბათ გული.

ქეთევანი მესამე კურსზე იყო, როცა თაზოს ბინის გაძარცვასა და სახლის პატრონის მკვლელობაში დასდეს ბრალი, თაზომ საფრთხე იგრძნო თუ არა, გადაიკარგა. ოთხი თვის შემდეგ ქეთევანს ქმრის ძმაკაცმა შეატყობინა: თაზო რუსეთში იმალება, საშიშროება ჩაივლის, თვითონაც გამოჩნდება და ყველაფერი კარგად იქნებაო.

ქმრის გაუჩინარების შემდეგ ქეთევანმა თავისუფლად ამოისუნთქა... წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი, ასპირანტურაშიც ჩააბარა და ამბავიც მოუტანეს - თაზო მოკლესო...

ქეთინო დაქვრივდა.  მეუღლესთან ერთად გატარებული ერთი ლამაზი დღეც არ ჰქონდა მოსაგონებლად. ერთადერთი სიხარული თეონა იყო. სანამ ცოცხალი იყო თაზო, სადაც უნდა ყოფილიყო, დაბადების დღეზე ცოლს სხვისი ხელით უგზავნიდა ძვირფას საჩუქრებს და ყვავილებს. სამკაული იმდენი დაუგროვდა, როცა გაუჭირდებოდა, ყიდდა. გავიდა დრო. ქეთევანმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და ახლა ის უკითხავდა ისტორიის კურსს სტუდენტებს. მეორედ გათხოვების სურვილი აღარც გასჩენია, თუმცა ბევრი მთხოვნელი ჰყავდა.

მშობლები გარდაეცვალნენ, თეონაც გათხოვდა. ოჯახის წევრებზე ზრუნვაც შეუმცირდა და სახლიც დაცარიელდა. სიძეს ემადლიერებოდა, კარგი ბიჭი იყო. ზოგჯერ მარტოობა ისე შეაწუხებდა, შინიდან გამოდიოდა და საათობით დადიოდა თბილისის ქუჩებში. მერე ქეთა გაჩნდა, პირველ შვილიშვილს მეორე და მესამე მოჰყვნენ. ბებიამ პატარა ქეთა თავისთან გადაიყვანა - შენს მშობლებს ისედაც ბევრი საქმე აქვთო.

ვაჟა

სტუდენტობაში შეუყვარდა ერთი გოგო. მისი ცოლად მოყვანა უნდოდა, მაგრამ მშობლებმა - რა დროს შენი ცოლია, რძე არ შეგშრობია პირზეო. ვაჟამაც დათმო. მერე ის გოგონა სხვას გაჰყვა ცოლად და ოჯახზე აღარც უფიქრია. 34 წლისამ უსიყვარულოდ შეირთო ცოლი. ორი შვილი გაუჩნდათ - ქალ-ვაჟი, მაგრამ ვერა და ვერ აეწყო მათი ურთიერთობა და დაშორდნენ. შვილები მაშინ 12 და 9 წლისანი იყვნენ.

მას აქეთ მარტო ცხოვრობდა. ვაჟმა ცოლი რომ მოიყვანა, მერეღა მოუხშირა მამასთან სიარულს, ნელ-ნელა გოგონაც "მოლბა", არადა დედა სულ ჩასჩიჩინებდათ - ეგოისტი კაცია, საკუთარი თავის გარდა, არავინ უყვარს, არ არის ის თქვენი ღირსიო... ბიჭისგან შვილიშვილი რომ შეეძინა, სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, თან მისი მოსახელე ვაჟა მოევლინა ქვეყანას.

სექტემბრის დასაწყისში უყვარდა ზღვაზე წასვლა, როცა ზღვისპირეთი წყნარდებოდა.

ერთხელ სანდომიანი ქალბატონი და პატარა გოგონა შეამჩნია. პატარას გამოელაპარაკა. ბავშვმა უთხრა: - ის ჩემი ბებიაა და მეც ქეთა მქვიაო. მეორე დღეს გოგონამ შორიახლოს მჯდომს მიაკითხა, კარგი მეგობარივით ჩამოუჯდა და ლაპარაკი გაუბა:

- ცოლი გყავს?

- არა!

- არც ჩემს ბებოს ჰყავს ქმარი. ჩემი ბაბუა სხვაგან წავიდა და დაიკარგა. შენც ხომ არ დაეკარგე ვინმეს?

- რა ვიცი, მგონი მეც დავიკარგე! - უთხრა სიცილით.

ვაჟას ართობდა გოგონას სითამამე და თვითონაც უკვირდა, ასე იოლად რომ აჰყვა უცხო ბავშვს ლაპარაკში. პატარა ქეთას ბებია კი სხვა ქალებთან მასლაათობდა და ბავშვს ხშირად გამოხედავდა ხოლმე... საღამოს, როცა ბებია და შვილიშვილი ხელახლა გამოჩნდნენ სანაპიროზე, ქეთა ბებიას გამოექცა, ვაჟასთან მივიდა, ხელი მოჰკიდა და - წამოდი, დიდი ქეთა უნდა გაგაცნოო.

ვაჟა მაშინვე დაემორჩილა. ბებოს მიუახლოვდა თუ არა, გამოუცხადა: - აი, ბებო, ეს ბაბუც დაიკარგა და შენ მოგიყვანეო...

კარგა ხანს იმხიარულეს ქეთევანმაც, ვაჟამაც და იქ მყოფებმა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღიდან დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

ერთად

თბილისშიც გაგრძელდა მათი ურთიერთობა და ცოტა ხანში მიხვდნენ, ასაკს არა აქვს მნიშვნელობა, თუ წლების შემდეგ შენი ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვე, უარი აღარ უნდა უთხრა.

შეუღლდნენ.

ისინი დღეს მარტონი აღარ არიან და მთელი გრძნობით უყვართ ერთმანეთი. მათი შვილებიც ახლობლობენ, შვილიშვილებს კი ერთი სული აქვთ ხოლმე, როდის შეხვდებიან ერთმანეთს, რომ თამაშით გული იჯერონ.

პატარა ქეთა 9 წლისაა და ამაყად ამბობს: - ბებო ქეთას და ბაბუა ვაჟას მე მოვაძებნინე ერთმანეთიო...