"სიმართლის გაგება იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დღემდე ვერ გადამიტანია" - კვირის პალიტრა

"სიმართლის გაგება იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დღემდე ვერ გადამიტანია"

"სიმართლის გაგების შემდეგ ისეთი ისტერიკა დამემართა, ლამის თვითმკვლელობამდე მივედი"

ჩვენს რეალობაში ბევრი წყვილი თუ ოჯახია ისეთი, სადაც ქალბატონი საკმაოდ ბევრი წლითაა პარტნიორზე უფროსი და რიგ შემთხვევაში, ერთი შეხედვითაც თვალში საცემია მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ: მზრუნველობა, ის იდილია, რაც მათ შორის სუფევს, თუმცა, ამ ყველაფერს თავისი სირთულეებიც ახლავს - ასაკობრივი შეუთავსებლობა და ასეთი წყვილებისადმი საზოგადოების, ოჯახის წევრების ნეგატიური დამოკიდებულება მათზე ფსიქოლოგიურად დამთრგუნველად მოქმედებს, რაც თავის მხრივ, სხვა ტიპის პრობლემებს აჩენს ურთიერთობაში. ამ თემაზე ქალბატონებს გავესაუბრეთ და შეფასება ფსიქოლოგ დავით ანდღულაძეს ვთხოვეთ.

თეკლა, 37 წლის:

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს სოციალურ ქსელში მესიჯი მომწერა. ნახევარ წელზე მეტი მწერდა ისე, რომ პასუხიც არ დამიბრუნებია. მოგვიანებით, ხასიათის შესაბამისად, მხოლოდ კითხვაზე - "როგორ ხარ", ვპასუხობდი - "კარგად". ამის შემდეგ, საუბარი აღარ გრძელდებოდა. მისი ფოტოები ერთხელაც არ დამითვალიერებია, ინტერესიც არ გამჩენია, მენახა, ვინ იყო, როგორი იყო, რას საქმიანობდა. ერთხელაც არ დამიშვია ფიქრი, რომ დიალოგში ოდესმე ავყვებოდი.

დრო გადიოდა და ის ყოველგვარი აგრესიის გარეშე, კვლავ აგრძელებდა კონტაქტს. ერთ დღესაც პასუხის გაცემა მომინდა და ვკითხე, ვინ ხარ, რას საქმიანობ-მეთქი? რაღაცებს მომიყვა საკუთარ თავზე, თუმცა სიმართლე ვთქვა, დიდი ინტერესით არც ამას მოვკიდებივარ, უბრალოდ, რამდენიმე წუთით მასზე ყურადღება გადავიტანე. გადის დრო და მის წერილებს უკვე აქტიურად ვპასუხობდი. როცა ასაკი მითხრა, არც კი მიფიქრია, რომ მასთან რაიმე ურთიერთობა შეიძლება განვითარებულიყო. ჩემზე რამდენიმე წლით პატარა იყო. მერე შევხვდით, ოღონდ იმის ასახსნელად, რომ არაფერი გამოვიდოდა. ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მესამე და სულ იმის მცდელობაში ვიყავი, რომ დამესრულებინა. თუმცა, მაინც ვხვდებოდი. გადიოდა დრო და ვგრძნობდი, რომ მისი დამოკიდებულებები, მისი აზრები, მისი შეხედულებები, ცხოვრების მიმართ მისი პასუხისმგებლობები აღმაფრთოვანებდა. მასში აღმოვაჩინე ის, რაც სხვაში აქამდე არ მიპოვია. მას ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა, მისი მიდგომები ჩემსასაც კი სჯობდა...

მოგვიანებით მისი რეალური ასაკი გავიგე - 13 წლით ჩემზე უმცროსი გამოდგა. ისეთი ისტერიკა დამემართა, ლამის თვითმკვლელობამდე მივედი. მისი არგუმენტით, სიმართლის თქმა დაგვაშორებდა და ეს გზა აირჩია. ჩემთვის ეს იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დღემდე ვერ გადამიტანია. იმ დროისთვის ის უკვე მიყვარდა, თუმცა დასაშორებლად მზად ვიყავი და ყოველთვის ვცდილობდი ამას, ვაგდებდი, ვეჩხუბებოდი, მაგრამ არასდროს მიშვებდა. იყო შეცდომები, მიუღებლობა, ხშირად შეუთანხმებლობაც, მაგრამ არასდროს ყოფილა იმდენად სერიოზული მიზეზი, რომლის გამოც მე მას ხელს ვკრავდი, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მასზე ბევრად უფროსები ისეთ შეცდომებს სჩადიან, რომლის პატიებაც არ შეიძლება. მაგალითად, როცა მე რაიმეზე ვბრაზობ, ის მისმენს, ითვალისწინებს, არკვევს, ანგარიშს მიწევს. რაც არ იცის, ცდილობს, გაერკვეს, წინ მიჰყავს ურთიერთობა და ცდილობს, ეს შეინარჩუნოს. მაოცებს და აღმაფრთოვანებს მისი მიზანდასახულობა, რომელიც ჩემი ასაკის მამაკაცებს საერთოდ არა აქვთ. უნდა, რომ განვითარდეს, მეტი მოტივაცია აქვს იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს, რომ ბედნიერი ვიყო. მოტივირებულია, რომ დააფასოს ის, რაც აქვს და რაც ბრძოლით მოიპოვა. რა თქმა, უნდა, დრო აჩვენებს ამ ურთიერთობის რეალურ სახეს, მაგრამ ამ ეტაპზე, რაც უნდა უსიამოვნო ან მიუღებელი იყოს ჩვენი ასაკობრივი თუ პროფესიული წრის განსხვავებულობა, დავრწმუნდი, რომ სიყვარული ასაკს, სოციალურ-ეკონომიკურ, პროფესიულ ასპექტს არ ცნობს, გიყვარს და მორჩა! ამ ეტაპისთვის კი, ჩემი მოთხოვნებისა და პრეტენზიების მის მიერ გათვალისწინების შედეგი ისაა, რომ დღემდე მასთან ვარ! უკვე 2 წელია. მივყვები დინებას და ვარ მაყურებლის როლში, ვარ მისი ქმედებების ადეკვატური და ასპარეზი აქვს მას, რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს და გაამართლებს თუ არა იმ იმედს, რომელიც ამ ურთიერთობას ახლავს, შეძლებს თუ არა ბოლომდე გატანას, დაფასებას იმისას, რაც აქვს და სამაგალითო იქნება თუ არა სხვებისთვის. (იხილეთ სრულად)