"ერთხელ მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში...ალბათ, მე რომ ბავშვი ვიყავი, ამან დააბრკოლა" - კვირის პალიტრა

"ერთხელ მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში...ალბათ, მე რომ ბავშვი ვიყავი, ამან დააბრკოლა"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 27  წლის, მალო კოტუას  ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მალო კოტუა, 27 წლის, გალის რაიონი, საბერიო/ზუგდიდი

"13 წლამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან, საბერიოში. ჩემმა და-ძმამაც იქ დაამთავრა სკოლა. 13 წლის რომ გავხდი, დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, ზუგდიდში, ბებიასთან უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. ბებია მაშინ მარტო ცხოვრობდა ზუგდიდში და დახმარება ჭირდებოდა. რადგან უფროსი შვილი ვიყავი, უარი ვერ ვუთხარი, თორემ ჩემთვის ისეთი მძიმე იყო ოჯახთან განშორება. თან ვიცოდი, რომ ხშირად ვერ შევძლებდი მათ ნახვას, რადგან ამ პერიოდში უსაბუთოდ, ჩუმად გადმოვდიოდით ხოლმე საზღვარზე. მაგრამ იძულებული გავხდი წამოვსულიყავი ზუგდიდში 5-6 წელი ასე გავატარე. ყოველი პარასკევის დადგომა დღესასწაული იყო ჩემთვის, რადგან ზუგდიდიდან ისევ ოტობაიაში უნდა დავბრუნებულიყავი და შაბათ-კვირა იქ გამეტარებინა. კვირა ჭირის დღესავით მძულდა, რადგან ისევ ოჯახს უნდა მოვცილებოდი მთელი ერთი კვირით.

წარმოიდგინეთ, ზუგდიდიდან ჩემი სახლი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მანძილი პატარაა, მაგრამ იმდენად რთული და რისკიანი გზა უნდა გაგვევლო, რომ არასდროს იცოდი, ცოცხალი გადარჩებოდი თუ არა.

როგორც ვახსენე, მაშინ არ გვქონდა საბუთი, რითიც ლეგალურად გადასვლის შესაძლებლობა გვექნებოდა. ამიტომ ტყის გზით ვიპარებოდით ხოლმე. მამიდაჩემი საზღვართან ახლოს ცხოვრობდა. მას "გამცილებელს" ეძახდნენ, რადგან კარგად იცნობდა ტყის ბილიკებს და ქართველებს ეხმარებოდა საზღვრის გადაკვეთაში. ამის გამო მამიდას ბევრჯერ ჩაუგდია თავი საფრთხეში და რუსების მიერ დაკავებულიც ყოფილა.

ერთხელ მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში. 2009 წლის 14 ოქტომბერი იყო და მე, მამიდა, დედა და დედას მეგობარი ქალი ზუგდიდში უნდა გადმოვსულიყავით. არ ვიცი, რანაირად მოახერხეს და გაიგეს რუსმა მესაზღვრეებმა, მაგრამ ატყდა ორმხრივი სროლა ქართველებსა და რუსებს შორის. ჩვენ უკან გამოვიქეცით სახლში და სარდაფში ჩავიმალეთ. ავტომატის ჯერი არ წყდებოდა. სახლის გვერდით დაფნარი იყო და ტყვიებისგან დაფნის ფოთლებს მტვერი ასდიოდა. ჰაერში დაფნის სუნი იდგა. გვესმოდა, რომ ავტომატის ჯერის ხმა სახლს უახლოვდებოდა და მამიდამ გაგვაფრთხილა, აქ აზრი აღარ აქვს დარჩენას, უნდა გავიქცეთ და ტყეს შევაფაროთ თავიო. გავიქეცით, მაგრამ მალევე წამოგვეწივნენ. "მასკიანი" ჯარისკაცები იყვნენ და კიდევ მახსოვს ჩემი შუბლისკენ მოშვერილი ავტომატის ლულა. სისხლი მქონდა გაყინული. ვიცოდი, რომ ეს იყო დასასრული. მაგრამ დაგვინდეს, ალბათ მე, რომ ბავშვი ვიყავი, ამან დააბრკოლა. არ მოგვკლეს, მაგრამ უკან საბერიოში დაგვაბრუნეს.

დღემდე იმ ადგილას თუ მოვხვდი ზურგში ვგრძნობ ტყვიას და სიკვდილის სუნს - ტყვიებით დაფლეთილი დაფნის ფოთლების სურნელს. ასეთი დღეები იმდენი მაქვს გამოვლილი იქ მცხოვრებ ქართველებს.

ჩვენ, გალელებს ხშირად გვადანაშაულებენ, რატომ არ დავტოვეთ სახლ-კარი და არ წამოვედით. ტერიტორიის დატოვება მე არ მიმაჩნია გამოსავლად. პირიქით, მგონია, რომ რახან ჩვენ იქ ვართ და ვარსებობთ და ქართული ჟღერს, ესეც ბევრს ნიშნავს და ჩვენი ერთგვარი პროტესტია. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რად გვიჯდება ჩვენ იქ ყოფნა და ორ სახლს შორის სიარული. იქ დარჩენა სიცოცხლის რისკის ფასად დაგვიჯდა ყველას. მე და ჩემი კლასელები რომ შევიკრიბებით, ვიხსენებთ, რა გადაგვხდენია თავს... მამაჩემს ურჩევნია გაჭირვებასა და შიშში იცხოვროს, ვიდრე დატოვოს სახლი და წამოვიდეს. ან აქეთ რომ წამოვიდეს, რა აზრი აქვს, საკუთრებაშიც არაფერი გვაქვს.

გული მტკივა, როცა მესმის გალელები ქართველები არ არიანო. ამ ზამთარს წავედით გალში და რამდენიმე დღეში ბაბუა გარდაგვეცვალა. ზუსტად პანაშვიდებისა და დაკრძალვის პერიოდში ჩაიკეტა საზღვარი ღორის გრიპის გამო. 1 თვე ვიყავით ასე იზოლაციაში, ყველას საარსებო წყაროც და სამსახურებიც ზუგდიდში გვაქვს და როგორ გინდა ასეთ იზოლაციაში ადამიანმა რამე ჭამო, ან წამალი იყიდო, საერთოდ იარსებო. მახსოვს ერთმანეთს როგორ ვულოცავდით ქართველები საზღვარი რომ გაიხსნა. ამ სიხარულის გაზიარება მხოლოდ შეგვიძლია ერთმანეთთან, ვინც იცის რას ნიშნავ გახლეჩილ ტერიტორიაზე ცხოვრება. ამ პერიოდში თვალს ვადევნებდი სოციალურ ქსელში ადამიანების რეაქციას და არანაირი თანაგრძნობა არ გვიგვრძვნია. პირიქით, გვაკრიტიკებდნენ, რაც დათესეთ, ის მოიმკეთო. არადა რამდენი ნერვიულობისა და ფსიქიკის შერყევის ფასად გვიჯდება ჩვენი სახლების დაცვა. წარმოიდგინეთ ქუჩაში გამოდიხარ და რუსის ჯარისკაცი მოგყვება. მაგრამ 9-ჯერ რომ მომადონ შუბლზე იარაღი, ალბათ მეათედ მაინც გადავალ და ეს გამიკეთებია კიდეც. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს იქაურობა, თუნდაც ერთი კვირით იმ ჰაერის სუნთქვა მაძლევს ძალას. ეს სახლებიც რომ დავტოვოთ, ისევე გაპარტახდება, როგორც სხვა კარ-მიდამო.

ალბათ ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, თავის დროზე ზუგდიდში რომ წამოვედი. ჩემი კარიერისთვის ძალიან ბევრი რამე გავაკეთე. ვძერწავ პოლიმერულ თიხაზე, ვაკეთებ ჩანთებს, სამკაულებს, და ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტებში, ვასწავლით ამ ხელობას სოციალურად დაუცველ ქალებს და დევნილებს. რამდენიმე საგრანტო პროგრამაში გავიმარჯვე, მათ შორის "აწარმოე საქართველოში" და ჩემი სახელოსნო მაქვს. აქ გაკეთებული ნივთების გაყიდვაა ჩემი საარსებო წყარო. პერიოდულად დიდი შეკვეთები მაქვს, მეუღლეც მეხმარება და ჩვენ ორივე ერთად კი ჩვენს მშობლებს აფხაზეთში.

ძირითადად პროდუქტებს ვაგზავნით მარშუტკით საზღვრამდე და მერე იქიდან ხვდებიან. ჩვენს მშობლებს მეურნეობა არ აქვთ. იქ საერთოდ არაა განვითარებული სოფლის მეურნეობა. ერთადერთი თხილის ჩაბარებით ედგათ სული, მაგრამ ადრე 3-4 ტონა თუ ქონდათ მოსავალი, წელს 150 კილო ძლივს აიღეს და ისიც ვერ გაყიდეს, სულ უვარგისი იყო.

ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ახალგაზრდები. იქ საერთოდ არაა მათთვის სამუშაო ადგილები, ბიჭები კიდევ პერიოდულად საქმდებიან ჰესებზე ან ბლოკის ქარანაში, მაგრამ გოგოებისთვის არაფერი არაა. იდეა მაქვს რომ ჩემი ხელსაქმე შევასწავლო აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალებს, რომ შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდეთ. თუმცა ამ იდეას დაფინანსება ჭირდება, რადგან მასალებია ძვირი და მათ კიდევ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. აქ გადმოსვლას კიდევ ვერ წყვეტენ, რადგან არანაირი საკუთრება და კავშირები არ გააჩნიათ.

რთულია ორ განსხვავებულ სივრცეში ცხოვრება. აქეთ ფერადია სამყარო, იქით - შავ-თეთრი. ხალხიც რაღაცნაირია, დაბერებული მოსახლეობით. გზები დანგრეული, დახლებზე საკვები ორმაგად ძვირი. აქ რასაც გინდა გააკეთებ, იქ ის უნდა გააკეთო, რასაც გეუბნებიან. თავისუფლება - ეს ის სიტყვაა, რითიც განსხვავდება ეს ორი სივრცე."

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან