30 წლის შემდეგ დარღვეული დუმილი - კვირის პალიტრა

30 წლის შემდეგ დარღვეული დუმილი

ბევრისთვის პირველი სიყვარული დაუვიწყარია. თუ მარცხით დასრულდა, უკვალოდ მაინც არ ქრება, გულში ტკივილთან ერთად უცნაურ შეგრძნებასაც ტოვებს და მთელი სიცოცხლე მიჰყვება ადამიანს...

თაკო და ლევანი ერთ პროვინციულ ქალაქში ცხოვრობდნენ. კლასელები იყვნენ. თავიდან ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ მეგობრები იყვნენ, მაგრამ ზედა კლასებში, როცა სკოლაში ჩურჩული დაიწყეს, მერე კი, სუფრასთან ხმამაღლა ადღეგრძელებდნენ, როგორც საუკეთესო წყვილს, მიხვდნენ, რაც "სჭირდათ".

ლევანის მამას დიდი თანამდებობა ეკავა. იგი არ ერეოდა შვილების საქმეში, დედას კი ასი თვალი და ყური ჰქონდა გამობმული. პატივმოყვარე და მედიდური ქალი მიჩვეული იყო, რომ მისი სიტყვისა თუ ნება-სურვილისთვის ქმარ-შვილს პატივი ეცათ. ლევანის და თაკოს ურთიერთობაზეც ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ გარკვეულ დრომდე შვილის საქმეში არ ჩარეულა. ლევანის მამამ მალე თბილისში 4-ოთახიანი ბინა შეიძინა, მაგრამ სანამ შვილებმა სკოლა არ დაამთავრეს, იმ პატარა ქალაქიდან ფეხი არ მოუცვლიათ.

თაკოს და ლევანს ერთმანეთი უზომოდ უყვარდათ. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ძალიან მალე სულ ერთად იქნებოდნენ. თაკოს თეატრალურ ინსტიტუტში უნდოდა სწავლის გაგრძელება, ლევანი კი ეწინააღმდეგებოდა...

ერთ დღეს ლევანის ოჯახში კლასელები შეიკრიბნენ. შუა მხიარულებაში ერთმა თაკოს უთხრა, - ნათელა დეიდა სამზარეულოში გიხმობსო. თაკო დაიძაბა. ყოველთვის გრძნობდა, რომ ლევანის დედა ირიბად უყურებდა. ნათელა დეიდა კი გაღიმებული დახვდა, - მოდი, ყავა დავლიოთ და ცოტა ხანს ვიჭორაოთო. მერე თაკოს შეაპარა: - აბა, მითხარი, სად აპირებ სწავლის გაგრძელებასო. გოგონა მიხვდა, რომ არ უნდა მიეკიბ-მოეკიბა და დაუფიქრებლად უპასუხა: - რა თქმა უნდა, თეატრალურზეო. ნათელამ მედიდურად გადახედა და უთხრა: - ეგ შენი არჩევანია, თუმცა მე ლევანს კატეგორიულად ავუკრძალავ ისეთი გოგოს ცოლად შერთვას, ვინც თავის ცხოვრებას თეატრს დაუკავშირებსო. განცვიფრდა თაკო. ვერ გაეგო, რატომ სძულდა ნათელას თეატრი. ქალმა შეცბუნება შეატყო თაკოს და სიტყვა სხვა თემაზე გადაიტანა. ამასობაში ლევანიც სამზარეულოში შევიდა, ხელი მოჰკიდა გოგოს და მეგობრებთან გაიყვანა...

გავიდა დრო, თაკო თეატრალურის სტუდენტი გახდა, ლევანი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის. ურთიერთობა კვლავ გრძელდებოდა, ახალგაზრდები ოცნებობდნენ შეუღლებაზე, ჯვრისწერასა და დიდ, ლამაზ ქორწილზე... ლევანის დაბადების დღე ახლოვდებოდა. თაკომ იცოდა, რომ არ მისულიყო, ლევანს ეწყინებოდა, არადა, ნათელასთან შეხვედრა არ უნდოდა.

ამჯერად ნათელას არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი ჩუმი მზერა გაცილებით მეტს ამბობდა. ლევანმა შუა ქეიფში ხელი დასტაცა თაკოს, - წამო, სარდაფში ჩამყევი, ღვინო უნდა ჩამოვასხაო და "გაიტაცა". ლევანმა ჯერ ღვინო ჩამოასხა, მერე თაკოს მიუტრიალდა, - ახლა გაჩვენებ, ჩემი მშობლები რისი მონები არიანო. ორი ქილა ამოიღო და შიგ ჩაახედა. იმ ქილებში ოქროს, ვერცხლის ძვირფასი სამკაულები და დოლარები ეწყო. თაკო განცვიფრებული უყურებდა ქილებში "გამომწყვდეულ" სიმდიდრეს და გულში ფიქრობდა, ნეტავ, რად უნდათ, ან როდის უნდა მოიხმარონო. ლევანს აღელვება ეტყობოდა, ჩანს, დედასთან "შინა ომი" ჰქონდა. მან ოქროულობით სავსე ქილა ამოიღო და შეყვარებულს მიმართა: - გინდა, დავახეთქო ეს ქილა? ჩვენ ხომ ფული არ გვაინტერესებს, ჩვენ მხოლოდ ერთმანეთთან გვინდა ყოფნა. თაკომ თავი გადააქნია, - ჯერ ამის დრო არ არის, უნდა დავამთავროთ სასწავლებელიო. გოგო პირველად დაფიქრდა იმაზე თუ როგორ გაუჭირდებოდა ლევანს გულის სწორის დაცვა. მშობლები არასგზით დათანხმდებოდნენ მის რძლობას, ამიტომ გაუჭირდა, უარის ნამდვილი მიზეზი აეხსნა ბიჭისთვის. თუკი ლევანის გვერდით იმედიანად და მშვიდად ვერ იგრძნობდა თავს, რა აზრი ჰქონდა მათ ერთად ყოფნას? თაკომ უნებურად გაიფიქრა: ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვართ, ლევანს დამოუკიდებლობა აშკარად აკლია, გავა დრო, გამოცდილებას შეიძენს, დამოუკიდებელიც გახდება და მერე შევუღლდებითო.

დრო გადიოდა, მათ შეუღლებას კი პირი არ უჩანდა. დაამთავრეს სასწავლებლები. ლევანს მამამ ღვინის წარმოებაში დააწყებინა მუშაობა, თაკო კი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. ლევანიც ხშირად ჩადიოდა თაკოსთან, ესწრებოდა სპექტაკლებს. სპექტაკლის შემდეგ შუაღამემდე სეირნობდნენ... ხელის მოწერაზე კი რატომღაც დუმდა.

ერთხელ რეპეტიციაზე მიაკითხეს ლევანის ძმაკაცებმა. გვერდზე გაიხმეს, - სალაპარაკო გვაქვსო.

- თაკო, მართლა ძალიან გიყვარს ლევანი? - თვალი თვალში გაუყარა გოჩამ.

- კი, ძალიან მიყვარს! - ხმა გაებზარა თაკოს.

- თუ გიყვარს, მაშინ უარი უნდა თქვა მასზე! - იყო პასუხი. თაკო გაშეშდა, ამას არ ელოდა და შეშინებულმა იკითხა, - რა მოხდაო? იმათაც აღარ დაუმალეს... თურმე ოჯახში თაკოზე ჩამოვარდნილა საუბარი და ლევანს უთქვამს, - მხოლოდ ეგ გოგო იქნება ჩემი ცოლიო. ქალბატონ ნათელას უბრძანებია, - ის ჩემს აწყობილ ოჯახში ფეხს ვერ შემოდგამსო. სიტუაცია ისე დაძაბულა, რომ დედას ლევანის უახლოესი მეგობრები უხმია და მათი თანდასწრებით გაგრძელებულა უსიამოვნო ლაპარაკი. წონასწორობიდან გამოსულ ლევანს დაუყვირია, - ახლა გასწავლი ჭკუასო და ფანჯრის რაფაზე ამხტარა. გოჩას და გიოს დროზე რომ არ წაევლოთ ხელი, უბედურებაც დატრიალდებოდა. ამის შემდეგ ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. ნათელამ სასწრაფოდ გამოიძახა ჯერ ქმარი, მერე სასწრაფო დახმარება. ბიჭებს დაავალა, - წადით და იმ "თეატრალს" გადაეცით, გაანებოს ჩემს შვილთან თამაშს თავი, გონებას ნუ უმღვრევს, თორემ საშინელებას ჩავიდენო. შვილი კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანა.

მთელი ღამე თეთრად გაათენა. "თუ მართლა გიყვარს, უარი თქვი მასზე", - ეს სიტყვები ზარივით ჩაესმოდა. ცხადია, ის და ლევანი ასეთი წინააღმდეგობის შემდეგ ვერასოდეს იქნებოდნენ ბედნიერნი... თაკომ მეგობრებისგან იცოდა, რომ ბერდოს დიდი ხანია თავდავიწყებით უყვარდა, მაგრამ ვერასოდეს ბედავდა თავისი გულისნადების გამხელას.

ერთი კვირის შემდეგ თაკოს სპექტაკლმა დიდი ოვაციებით ჩაიარა. თეატრის კართან თაიგულით მომლოდინე ახალგაზრდა მამაკაცს მოჰკრა თვალი, მივიდა და ჰკითხა: - ბერდო, ისევ გინდა ჩემი ცოლად შერთვაო? ვაჟს ჯერ გაოცებისგან გაუფართოვდა თვალები, მერე სიხარულით გაუბრწყინდა - რა თქმა უნდა, თაკო.

მეორე შაბათს იქორწინეს...

გავიდა წლები. თაკოს და ბერდოს ქალ-ვაჟი წამოეზარდათ, სტუდენტები გახდნენ...

ლევანი მშობლებმა რუსეთში გაგზავნეს სამუშაოდ. იქიდან 4 წლის მერე დაბრუნდა. დაქორწინებაც დაუპირეს, მაგრამ ცივი უარი მიიღეს. ჯერ მამა გარდაეცვალა, მერე - დედა. უფროსი ძმა დაოჯახებულია და ცალკე ცხოვრობს, ლევანი კი მარტოა. სადაცაა, 50-ს მიუკაკუნებს და უშვილძიროდ ბერდება. ერთმა მეგობარმა თაკოს უთხრა: - ამას წინათ ლევანი ვნახე. ძალიან მოტეხილა, ორჯერ გადაუტანია ინსულტი, სიარული უჭირს. იცი, რა მითხრა? ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა ორმა ქალმა - დედაჩემმა და თაკომო. თაკოს ეგონა, იმ წუთებში ყველაფერი გაჩერდა, საკუთარი გულის ცემაც კი... იმ მეგობარს ლევანის მობილურის ნომერი გამოართვა და დაურეკა. "შეეენ?" - ესღა აღმოხდა გაოცებისაგან კაცს. ისევ თაკომ "იმარჯვა", შინაურულად მოიკითხა, სასაცილო ამბები გაიხსენა. დამშვიდობებისას ლევანმა უთხრა: - თაკო, გთხოვ, მხოლოდ ერთხელ შემხვდიო. შეხვდნენ. ოცდაათი წლის მერე ჰკითხა ლევანმა ის, რაც მთელი სიცოცხლე აინტერესებდა: - რა მოხდა მაშინ, უსიტყვოდ რატომ შემაქციე ზურგიო. თაკომაც აუხსნა: - დედაშენი არასოდეს მაღიარებდა რძლად. ორივეს ცხოვრებას დაგვიმახინჯებდა, მაინც უბედურები ვიქნებოდით, რადგან შენც ვერ გაუწევდი ასეთ მედიდურ და ძალაუფლების მოყვარულ ქალს წინააღმდეგობას და ოჯახი მაინც დაგვენგრეოდაო...

ლევანი მიხვდა, რომ თაკო მართალი იყო. დაემშვიდობა და სამუდამოდ გაეცალა...