"მთელი ბავშვობა სოფელში გავატარე...არ მეზარება და ვშრომობ დღე და ღამე"
"მთელი ბავშვობა სოფელში გავატარე...არ მეზარება და ვშრომობ დღე და ღამე"
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 33 წლის,მირანდა ჩხეტიანის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მირანდა ჩხეტიანი, 33 წლის, სოფელი ტვიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი

"ქუთაისში კი დავიბადე, მაგრამ მთელი ბავშვობა აქ, სოფელში გავატარე. სკოლაც აქ დავამთავრე, სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა ქალაქში, მშობლებთან უნდა დავბრუნებულიყავი, ბებიაჩემი უკვე იმ ასაკში იყო, რომ მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, შემოვრჩი აქაურობას. ქალაქში რატო არ მივდივარ? აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ ჩემი საქმიანობით, აქ ცხოვრებით.

ჩემს ოჯახს მუდმივად ჰქონდა
ვაზთან და მეღვინეობასთან შეხება, ბაბუა მყავდა აგრონომი, მამაჩემიც აყენებდა ღვინოს, ჩემი ძმაც ერკვევა ამ ამბავში. დროთა განმავლობაში შემიყვარდა მეც ვაზი და მასთან ურთიერთობა. ამიტომ გადავწყვიტე მეცადა ბედი.

მევენახეობით დავიწყე, ვაზი გავაშენე. სულ თავიდან ვმუშაობდი ვაზის სანერგე მეურნეობაში, რომელიც ჩვენს სოფელში დაარსდა. იქ დავიწყე მუშაობა, შემდეგ
ანაზღაურების სახით წამოვიღე ვაზი და 500 ძირი დავრგე. მეორე წელს 200 ძირი დავამატე და ამ ეტაპზე მაქვს 700 ძირი ჩემი გაშენებული ვაზი - 5 წლის და 4 წლის. უკვე მოსავალსაც იძლევა.

2017 წელს პირველი ღვინო დავბეჭდე ბოთლებში, ეგეც მეგობრების დახმარებით. 2018 წლის მოსავლის რაღაც მცირე რაოდენობა დავბეჭდე, რომელიც ქვევრის გარეშე მქონდა დადუღებული და ახლა მარტის ბოლოდან უკვე ვგეგმავ ქვევრების გახსნას და, სავარაუდოდ, მაისიდან ქვევრის ღვინოც მექნება. ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე (ტვიში არის მიკროზონა), ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო დგებოდა და დგება. ახლაც მეტ-ნაკლებად ასეა, მაგრამ კლიმატიდან გამომდინარე, უჭირს. 2018 წლის მოსავალი რომ დავბეჭდე, იყო სულ დამშრალებული, ნახევრადტკბილი აღარ იყო.

ღვინის რეალიზაცია დაწყებული მაქვს. ამჟამად, ქუთაისის ერთერთ ღვინის ბარში მაქვს შეტანილი მცირე რაოდენობით. ქვევრებს რომ გავხსნი, შემდეგ უკვე თბილისიდანაც და მარტვილიდანაც მაქვს შემოთავაზება. ახლა ქვევრის ღვინის 700-800 ბოთლის დაბეჭდვას ვგეგმავ, თუმცა მომავალში, რა თქმა უნდა, რაოდენობა მოიმატებს და ავალ 1000-1500 ბოთლზე.

„აწარმოე საქართველოში" პროექტი მქონდა შეტანილი, მარნისა და საოჯახო სასტუმროს გახსნაზე, მაგრამ უარი მივიღე. როგორც მითხრეს, საოჯახო სასტუმროებს აღარ აფინანსებენ, ამიტომ ჩემი მარანი და საოჯახო სასტუმრო არ დაფინანსდა.

მარტო ცხოვრება სიყვარულიცაა, მიჩვევაც და სხვა ყველაფერიც. მე იმ დონეზე მიყვარს აქაურობა, რომ მირჩევნია აქ ვიყო. ბედნიერად ვგრძნობ თავს. არ მეზარება და ვშრომობ დღე და ღამე. შეძლებისდაგვარად ვახერხებ კარმიდამოს მოვლას, მშობლებიც მეხმარებიან, ყველაფერ ამას მარტო ვერ აუხვალ. არასდროს მიფიქრია აქაურობის დატოვებაზე, არც მიმაჩნია სწორად, რომ ადამიანებმა აქამდე, ჩვენამდე მოიყვანეს ეს ყველაფერი და ჩვენ კიდევ ავდგეთ და ყველა დედაქალაქში გავიქცეთ.

ბებიის გარდაცვალების შემდეგ მოთხოვნა იყო, რომ წავსულიყავი ქალაქში და არ მეცხოვრა მარტოს აქ, მაგრამ მე აქ მირჩევნია ვიყო და ჩემს კარმიდამოს მოვუარო, ვიდრე ქუთაისში უსაქმოდ ვცხოვრობდე.

რაღაც პერიოდი რთული იყო სოფელში ქალის ცხოვრება. მითუმეტეს, ღვინის კეთებასთან მაინც კაცი ასოცირდება ხოლმე. სოფელში ჩნდებოდა კითხვა, რატომ არ მივდივარ, რატომ ვრჩები აქ. მაგრამ ახლა, პირიქით, თუ ვინმეს რამე დასჭირდება - აბა, შეშის დახერხვა, აბა, ეზოს მოთიბვა და სხვა, ყველა მეძახის. ჭირს ახალგაზრდობა სოფელში. ადგილზე ვინც არის დარჩენილი, უკვე ყველა ასაკშია.

ვაზის მოვლა რთულია. გაზაფხულზე მიწა უნდა დამუშავდეს, შემდეგ გასხვლა უნდა ვენახს, დაწამვლა ხომ ყველაზე მეტი სამძიმოა, მანქანა უნდა გაიკეთო და დაწამლო, მერე არის მწვანე ოპერაციები, გამოფურჩქვნა და სხვა. რასაც მარტო ვერ ვაკეთებ, ოჯახი მეხმარება, მაგალითად, ჩემი ძმა მეხმარება შეწამვლაში. გასხვლით მხოლოდ მე ვსხლავ. არავის ვასხვლევინებ.

სოფელში საყოფაცხოვრებო პრობლემები გვაქვს. გზა არ არის, მაღაზია არ არის, "ფეჩზე" ვთბებით, წყლის სისტემაც არ არის კარგად გაკეთებული.

მაისის ბოლოს იგეგმება ჰოლანდიაში მეღვინე ქალთა გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიღებენ ქალები მონაწილეობას. გამოფენას ჰქვია"ღვინო და ქალები." ვგეგმავ წასვლას და ალბათ 99% -ით წავალ. 12 მეღვინე ქალი მიდის საქართველოდან, ერთ-ერთი მე ვარ. ქალი მეღვინე ჩემ გარდა ლეჩხუმში არაა. რაჭაში ვიცნობ მე პირადად ერთს, რომელიც აწარმოებს რაჭულ"შავს," შავი ღვინოა, ხვანჭკარა.

ქალებს, რომლებიც ამ საქმეში ჩართვას ფიქრობენ, ვეტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეუშინდეთ. წინ რთული გზაა, ბევრი პრობლემითა და წინაღობით, მაგრამ შემართებითა და სურვილით ყველაფერი გამოვა. მომხმარებელი რომ გაღიარებს, მოეწონება შენი პროდუქტი და კმაყოფილი იქნება, ეს იქნება უდიდესი სტიმული და სიხარული, რომ აკეთოთ ის საქმე, რაც გიყვართ".

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან


ხათუნა
08 მარტი 2019 22:26
მაგარია, გილოცავთ 8 მარტს. ასე არ ჯობია, რომ დაგვზაფრავთ ხალხს საშინელი ამბებით?!
maiam
08 მარტი 2019 21:03
წარმატებები

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები