"მაინცდამაინც უნდა მომკლას და მერე დაიჭერენ?" - კვირის პალიტრა

"მაინცდამაინც უნდა მომკლას და მერე დაიჭერენ?"

"თქვენ თუ მიშველით, თორემ სხვა აღარავინაა ჩემი დამხმარე. ასე მგონია, მთელი ქვეყნის უბედურებამ ჩემთან მოიყარა თავი...

გვიან გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ ამაზე კონფლიქტი არ მომსვლია ჩემს გამზრდელებთან. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და მადლობის მეტი რა მეთქმოდა? მამა კარგ ადგილას მუშაობდა. ბოლო ხანს ბანკში აგროვებდა ფულს, მაგრამ სამწუხაროდ, 1995-97 წლებში სხვათა ფულთან ერთად ბანკმა ჩვენი ფულიც გააქრო. ნერვიულობაზე წნევამ დაარტყა და გარდაიცვალა. დავრჩით მე და დედა. წვალებით დავამთავრე უნივერსიტეტი, მაგრამ სამუშაო არ ჩანდა და იძულებული გავხდით, ბინა დაგვეგირავებინა. საბოლოოდ, ვერც ეს ბინა შევინარჩუნეთ და ქუჩაში აღმოვჩნდით. ქირით ვცხოვრობდით და ძალიან ვწვალობდით. ამ დროს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. იგი მცხეთაში ცხოვრობდა. ცოლობა რომ მთხოვა, მეც დაუფიქრებლად გავყევი. დედაჩემიც თან წავიყვანე მცხეთაში. ვიფიქრე, საკუთარი ჭერი მექნება, შვილებს გავაჩენ, გავზრდი, მერე სამსახურსაც დავიწყებ და ამოვისუნთქავ-მეთქი. თურმე საშინელება წინ მელოდა. ვასიკოს, ჩემს ქმარს, პათოლოგიური სიმთვრალე აღმოაჩნდა. ერთ ჭიქას დალევდა თუ არა, რაც ხელთ მოხვდებოდა, ყველაფერს ამტვრევდა. ჩვენს საცემრადაც იწევდა, არც დედაჩემს ეპუებოდა. ხშირად შესწრებია საწყალი ქალი, როგორ მირტყამდა და მაგინებდა. მეგონა, მამობა გამოცვლიდა, მაგრამ როცა ადამიანს ეშმაკი ჰყავს სულში ჩასახლებული, იმას რაღა გამოცვლის? 6 თვის ორსული ვიყავი, როცა ქმარმა სრულიად უმიზეზოდ მცემა. აღარ დამედგომებოდა მასთან. მე და დედა ღამე გამოვიპარეთ მცხეთიდან. ერთი თვე ხან ვისთან ვიმალებოდი, ხან - ვისთან. ნერვიულობისგან ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. გავაჩინე ბიჭი, რომელიც ძლივს გადაარჩინეს ექიმებმა. ახლა 4 წლის არის, დადის, ლაპარაკობს, მაგრამ ხანდახან მამამისის მსგავსი ნერვიული შეტევები ეწყება. ბავშვის დაბადების მერე თავშესაფარი ვითხოვე და ჯიქიას ქუჩაზე საპატრიარქომ თავის თავშესაფარში ერთი ოთახი გამომიყო. ერთ-ერთმა დეპუტატმა კი ბინაში რემონტი გამიკეთა. დედა 2007 წელს გარდამეცვალა, მაგრამ მომავალს მაინც იმედით შევყურებდი, რადგან ძლივს მეღირსა მყუდრო და სუფთა ბინა. ბავშვი წამოიზარდა და სულ მამაზე მელაპარაკებოდა. წარამარა მეკითხებოდა, - ჩემი მამიკო სად არის, რატომ არ მოდის ჩვენთან, სხვებს ჰყავთ მამა და მე რატომ ვარ უმამოდო. რაღა მექნა და ჩემს ცხოვრებაში მეორედ ისევ დიდი შეცდომა დავუშვი. ნაცნობებისგან ვიცოდი, რომ ძალიან "დარდობდა" ჩვენს გაუჩინარებას. ტელეფონში ჩემი ხმა რომ გაიგო, გაუხარდა, მაშინვე ჩვენთან გაჩნდა... და სიმშვიდეც მალე გაქრა. სიმთვრალეში უფრო აგრესიული გამხდარიყო. შუაღამისას იწყებოდა გინება, ცემა, მტვრევა-მსხვრევა და ალიაქოთი. რამდენჯერ გამოვიძახე პატრული, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. სასამართლოშიც შევიტანე სარჩელი, სადაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს - ვასო ზ...-ს აეკრძალოს ცოლ-შვილთან ურთიერთობა. ამის მეთვალყურედ კი უბნის ინსპექტორი იქნებოდა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების მერეც გრძელდებოდა აგრესიული გამოხდომები. მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და გამოვიქეცი. ჩვენი საქმე პოლიციის განყოფილებას გადაეცა. გამომძიებელმა მითხრა, - საქმე უნდა დავხუროო. მაინცდამაინც უნდა მომკლას, და მერე დაიჭერენ?

ახლა კვლავ ერთ-ერთ თავშესაფარში ვარ, ვასომ არ იცის ჩვენი ადგილსამყოფელი. თითო ხელი ტანსაცმლით ვართ წამოსულები მეც და ბავშვიც. როდემდე უნდა ვიყოთ აქ, ის კი ჩვენს ბინაში? იქნებ, თქვენს გაზეთში ჩემი ამბის გამოქვეყნების შემდეგ მაინც გამოფხიზლდნენ სამართალდამცველები და სათანადო ზომები მიიღონ. როდემდე უნდა ვემალებოდეთ ამ კაცს? ძალიან გთხოვთ, ხმა ამოიღეთ და სიტყვა შემაწიეთ, დამაბრუნეთ იმ ძველ ბინაში, სადაც ამ კაცის გამოჩენამდე მე და ჩემი შვილი მშვიდად ვცხოვრობდით."