"მადლობა ჩემს მშობლებს, რომ არასოდეს უთქვამთ მაშინ, ქალო, სად მიდიხარ, სახლში დაეტიეო"
10-03-2019
"მადლობა ჩემს მშობლებს, რომ არასოდეს უთქვამთ მაშინ, ქალო, სად მიდიხარ, სახლში დაეტიეო"
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა  დარეჯან მღებრიშვილს ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გეოლოგობა

"ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბუნება, მთაში სულ დავდიოდი. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომ არასოდეს უთქვამთ მაშინ, ქალო, სად მიდიხარ, სახლში დაეტიეო. ყოველთის მინდოდა ეს სპეციალობა და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით. საინჟინრო და ჰიდრო გეოლოგიას ვსწავლობდი, თუმცა საინჟინრო გეოლოგია უფრო საჭირო გამოდგა და ამ კუთხით მომიწია მუშაობა. ამჟამად ჩემი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ფირმა მაქვს, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე.

ისე, ქალი გეოლოგი
კი უკვირს ყველას, ველზე რომ მხვდებიან ხოლმე. თუმცა, ჩემს ჯგუფში სხვა გოგოებიც იყვნენ. ინსტიტუტის მერე "საქქალაქმშენში“ ვმუშაობდი. 90-იან წლებში ყველაფერი აირია, მაგრამ რაღაც სამუშაო სულ ჩნდებოდა. იმ პერიოდში ვიმუშავე ყინწვისის, ფოკისა და ბოდბის მონასტრების პროექტებზე.

პაატა

დედაჩემმა 44 წლის ასაკში გააჩინა პაატა. ძალიან მოულოდნელი ამბავი
იყო. სანამ ექიმთან არ მივიდა, ვერც მიხვდა, რა ხდებოდა, იმდენად დარწმუნებული იყო, რომ მენოპაუზა ჰქონდა. 7 თვის ორსული აღმოჩნდა. საერთოდ არ ეტყობოდა, ოდნავ იყო შესუქებული. ჩემთვის და ჩემი უფროსი ძმისთვის, რომელიც მაშინ უკვე 20 წლის იყო, ეს ძალიან დიდი სიხარული იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარ არ ვიცოდით და არ ველოდით, რომ ბავშვი დაუნის სინდრომით დაიბადებოდა.

პაატა საკმაოდ ჯანმრთელი ბავშვი იყო, იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც ორგანული დაავადებები არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან ცუდი პერიოდები გავიარეთ. ეს ადამიანები ხანგრძლივად არ ცხოვრობენ. პაატა 50 წლის გახდა და ცუდად როცა ხდება, სულ მამშვიდებენ ხოლმე, დღემდე რომ ასე ყოჩაღადაა, ეს დიდი მოვლისა და პატრონობის შედეგიაო. მაგრამ ჩემთვის პატარა ძმაა და რამდენისაც არ უნდა იყოს, მინდა, კარგად და ჯანმრთელად იყოს.

მაშინ მედიცინაც ძალიან უკან იყო. კი უთხრეს დედაჩემს, არ არის ეს ისეთი აქტიური ბავშვი, როგორიც უნდა იყოსო, მაგრამ მაინც არ ველოდით ამას. არც ვიცოდით და ვერც ვატყობდით, ინფორმაცია არ იყო ამ სინდრომზე. პირველი, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა დედას, იყო საზოგადოების დამოკიდებულება - თითის გაშვერა, სიცილი, მიშტერება... თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ჩემზე ეს ნაკლებად მოქმედებდა. ყოველთვის ვეუბნებოდი, "დედა, ეს მათი პრობლემაა, შენ ამაზე ნუ ნერვიულობ.” მაინც ძალიან განიცდიდა. ჩვენ პაატა სახლში არ ჩაგვიკეტავს, სპექტაკლს არ გამოტოვებდა თეატრში, ოპერაში. თუკი რამე ისეთი იდგმებოდა, რისი გაგებაც ამ ბავშვს შეეძლო, სულ დაგვყავდა.

პაატა დამხმარე სკოლაში დადიოდა, 8 კლასი დაამთავრა, ხშირად გამომყავდა სკოლიდან. იქ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვები დადიოდნენ - ზოგი ვერ სწავლობდა, თუმცა შრომა შეეძლოთ. შრომის გაკვეთილები ჰქონდათ, წიგნების დაკაბადონებას ასწავლიდნენ და ასაქმებდნენ ხოლმე ასეთ ბავშვებს. არ ვიცი, დღეს სად არიან და რას აკეთებენ, როგორ განვითარდა მათი ცხოვრება.

მე ყოველთვის ძალიან ვამაყობდი მისით. პატიკოზე ყველა გიჟდება, თვითონ არის იმდენად მოსიყვარულე, რომ მთელ სანათესაოს, ყველას განასაკუთრებულად უყვარს. საზოგადოების იმ დამოკიდებულებას, რასაც დედაჩემი ასე ძალიან განიცდიდა და აღიზიანებდა, მე ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, არც ვიმჩნევდი. ასე რომ, პაატა სახლში ჩაკეტილი არასდროს ყოფილა, სულ აქეთ-იქით დავდიოდით. ახლა ნაკლებად ვახერხებ ამას, დღევანდელი რეჟიმისა და სამსახურიდან გამომდინარე, როცა არც შაბათი მაქვს, არც კვირა.

თუმცა, ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ. 30-35 წლის ასაკში ჰქონდა ხოლმე ნერვიული, ფეთქებადი გამოვლინებები - ყვიროდა, ყველაფერს ამტვრევდა, რაც ხელში მოხვდებოდა, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებდა. ეს პერიოდი ძალიან მძიმედ გადავიტანეთ, მამაც უკვე გარდაცვლილი იყო, ვერავინ გვეხმარებოდა. შეიძლებოდა, ელემენტარულად, ქუჩაში დაეძახა ვიღაცას ხმამაღლა ან რამე ხმაური შემოსმოდა, ამ ხმაურის შედეგად, უცებ ემართებოდა შეტევა. ერთადერთი, რაც შემეძლო, უკნიდან უნდა მივსულიყავი, ძალით გამეკავებინა და დამესვა. იმ პერიოდში წამალსაც არ იღებდა და ვცდილობდით, რომ ოდნავ მოდუნების შემთხვევაში, ეს წამალი მიგვეცა. თავის წამლებს იღებს პაატა, ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში არის აღრიცხვაზე და ამ წამლებს იქ ვიღებთ, თუმცა უნდა გითხრათ, რომ პატიკოს წლევანდელი ავადმყოფობა სწორედ იმ წამლებით იყო გამოწვეული და იმ უყურადღებობით, რაც ზოგადად არსებობს ასეთი ადამიანების მიმართ.

სახელმწიფო სერვისებს რაც შეეხება, სანამ პაატა პატარა იყო, პრობლემა არ გვქონდა. ზოგადად, ჩვენი ქვეყანა არ ზრუნავს ასეთ ადამიანებზე, სამწუხაროდ. პატარა ბავშვებთან დაკავშირებით, ასე თუ ისე არის რაღაც სერვისები, მაგრამ მოზრდილებზე - აბსოლუტურად არანაირი. პატარა რომ იყო, მაშინაც დაგვყავდა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, სადაც წამალს აძლევდნენ თვეში ერთხელ და ამით ამოიწურებოდა მათი დახმარება. ახლა პატიკო პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსიას იღებს, ესეც ჩვენი აქტიურობის წყალობით.

სხვა სერვისი არ არსებობს, ასეთ ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ დამხმარე, სოციალური სამსახური ან სხვა რამ, რომ რამენაირად შეღავათი მქონდეს და ვინმე დამეხმაროს. ძალიან მინდა, მეც წავიდე ევროპაში, სადმე დავისვენო, მაგრამ ამ ადამიანების დატოვება არ შემიძლია, ფაქტობრივად, მე ვარ ამათი ექიმი. მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგი ვარ პროფესიით, იმდენი რამე ვისწავლე ამ წლების მანძილზე, ექიმზე უკეთ შემიძლია ვუპატრონო.

მე ვუვლი 94 წლის დედას და პატიკოს, ასევე, გვყავს 93 წლის დეიდა. როცა დეიდა ცუდადაა ხოლმე, ჩვენთან მოგვყავს, მაგრამ მაინც თავის სახლში ურჩევნია ყოფნა და რომ გამოკეთდება, სახლში გარბის. გარდა იმისა, რომ მე მატერიალურად უზრუნველყოფილი მყავს ესენი, თავის თავს უვლიან, ძალიან ყოჩაღი მოხუცები არიან. ბევრ რამეს აკეთებენ, ძალიან სოლიდური ასაკი აქვთ, მაგრამ ცდილობენ, ნაკლებად შემაწუხონ. ბოლო წელს ძალიან გაუჭირდა დედას, ბევრი რამე გადაიტანა, მაინც ცდილობს პატიკოს მიხედოს, საჭმელი აჭამოს, სანამ მე მოვალ, დაეხმაროს იმიტომ, რომ პაატას საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია.

მინდა, სერვისებთან დაკავშირებით კიდევ ვთქვა - 2005-ში მეურვეობა სასამართლოს ძალით უნდა დაგემტკიცებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პაატას პენსიასა და წამალს ვეღარ ავიღებდით, ვინაიდან მე ვიღებ მაგ წამალს, როგორც მინდობილი პირი. ერთი წელი ვიარე ამ ამბავზე. ადვოკატმა 400$ მომთხოვა საბუთების მოწესრიგებაში. ვერანაირად მივცემდი ამხელა თანხას, მაშინ პენსია 20 ლარი იყო. ვთქვი, ამას ისე გავაკეთებ, არცერთ კაპიკს არ დავხარჯავ მეთქი, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შესრულებას 1 წელი მოვუნდი. იმის გამო, რომ ადვოკატი არ მყავდა, სასამართლოში რომ მივიდოდი გამზადებული საბუთებით და მეგონა, რომ დავასრულე პროცესი, უცებ სხვა საბუთი აღმოჩნდებოდა საჭირო. მოკლედ, ძალიან მაწვალეს, წესიერად არავის ჩავუყენებივარ საქმის კურსში, რა და როგორ იყო საჭირო და ცხრაასჯერ მიმიყვანეს ამის გამო.

სამი წლის წინ აღმოჩნდა, რომ პარლამენტმა მიიღო ასეთი კანონი - "მეურვე“ თურმე ძალიან დამამცირებელი ტერმინია შშმ პირისთვის და "მხარდამჭერი“ არის ზედგამოჭრილი. ამის გამო, ყველა საბუთის შეცვლა გახდა საჭირო ისევ სასამართლოს ძალით. დავიწყე სირბილი საბუთებზე, რომ ნასამართლეობა არ მაქვს, ნარკომანი არ ვარ, სანამ ყველა საბუთი მოვაგროვე, იქ რომელიღაცას ვადა გაუვიდა… ყველაფერში ფულს იხდი თან. ისევ ხელახალი ექსპერტიზის გავლა გახდა საჭირო. იმ პერიოდში პაატა ისე ცუდად იყო, ფეხზე ვერ დგებოდა, თუმცა ვერაფერს გავხდი, მაინც მომიწია მისი წაყვანა და კიბეებსა და სართულებზე ხელით ტარება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ 5 წლით მაძლევენ მხარდამჭერის სტატუსს და 5 წლის მერე ეს პროცესი თავიდან უნდა გავიარო.

პაატას უკვე უჭირს მოძრაობა და სამწუხაროდ, თეატრში ვეღარ დავდივართ. "ქეთო და კოტე“ უყვარს ძალიან. ჩვენი ყოველი დღე “ქეთო და კოტეს” ძახილით იწყება. სტუმრად სიარულიც ძალიან უყვარს და როცა ვახერხებ, სულ დამყავს. ჩვენ რომ გვსტუმრობენ, ეგეც უხარია.

მინდა, სოფელში მქონდეს პატარა და კოხტა სახლი ეზოთი, სადაც დედას, დეიდასა და პაატას წავიყვან. ჰაერზე, ყვავილებსა და სიმწვანეში მეყოლებოდნენ და სადაც დასვენების საშუალება მომეცემოდა. ეს არის ჩემი ოცნება.“

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?