"არ მინდა 20 წლის შემდეგ, ახალგაზრდა, წარმატებული მამაკაცის "ბებერი ცოლი" ვიყო" - კვირის პალიტრა

"არ მინდა 20 წლის შემდეგ, ახალგაზრდა, წარმატებული მამაკაცის "ბებერი ცოლი" ვიყო"

ჩვენს რეალობაში ბევრი წყვილი თუ ოჯახია ისეთი, სადაც ქალბატონი საკმაოდ ბევრი წლითაა პარტნიორზე უფროსი და რიგ შემთხვევაში, ერთი შეხედვითაც თვალში საცემია მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ: მზრუნველობა, ის იდილია, რაც მათ შორის სუფევს, თუმცა, ამ ყველაფერს თავისი სირთულეებიც ახლავს - ასაკობრივი შეუთავსებლობა და ასეთი წყვილებისადმი საზოგადოების, ოჯახის წევრების ნეგატიური დამოკიდებულება მათზე ფსიქოლოგიურად დამთრგუნველად მოქმედებს, რაც თავის მხრივ, სხვა ტიპის პრობლემებს აჩენს ურთიერთობაში. ამ თემაზე ქალბატონებს გავესაუბრეთ და შეფასება ფსიქოლოგ დავით ანდღულაძეს ვთხოვეთ.

თაია, 36 წლის:

- გოგა უჩვეულოდ გავიცანი. ჩემი ყოფილი შეყვარებული მისი "ფეისბუკის" პროფილიდან მაშინ მწერდა, როცა დავშორდი და თვითონ დაბლოკილი მყავდა. ვიცოდი, რომ მეგობრები იყვნენ, ამიტომ არ გამკვირვებია, როცა გოგა "ფეისბუკში" დამემატა და იმასაც იოლად ვხვდებოდი, როდის ვინ მეკონტაქტებოდა, როცა მესენჯერში კომპლიმენტებსა და "ჩვენს სიმღერებს" მიგზავნიდა ნოსტალგიური ქვეტექსტებით. აზროვნება და საუბრის სტილიც ხომ განსხვავდებოდა - გოგა იმ დროისათვის 20 წლის იყო, ლადო (და მეც) - 32-ის, მათი შეხედულებები კი რადიკალურად განსხვავდებოდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვეს, გოგამ მოწერას მოუხშირა, ბოლოს, შეხვედრაც მთხოვა... ჩავთვალე, რომ ამასაც ჩემი "ექსი" "მიჩალიჩებდა". ამიტომ, "პაემანზე" თამამად წავედი და იერიშისთვისაც მზად ვიყავი (იცინის). თუმცა, სულ სხვა სიტუაცია დამხვდა - გოგა მარტო მოვიდა, სიმბოლური საჩუქარიც კი მომიტანა და ძალიან თბილად მექცეოდა, შევატყვე, ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო. მე მისი ასაკი ვიცოდი, ამიტომ, ამ ფაქტორისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ყოფილის ძმაკაცი იყო, მისთვის სერიოზულად, რა თქმა უნდა, არ შემიხედავს, უბრალოდ ავყევი იმ "პროვოკაციაზე", რომელიც ლადომ გოგას გამოყენებით წამოიწყო. გოგა კი, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეჩვეოდა, ხშირად ვხვდებოდით, ბევრს ვსაუბრობდით, აღნიშნავდა, რომ ჩემგან ბევრ რამეს სწავლობდა, ზოგჯერ ვუბრაზდებოდი კიდეც, როცა რაიმე საკითხში მისი უვიცობა მაღიზიანებდა... და კამათის დროს, არასდროს შემოუბრუნებია სიტყვა, ჩამეხუტებოდა და მოგვიანებით, მადლობასაც კი მიხდიდა - შენ მე ცხოვრება მასწავლე, სხვანაირად დამანახვე, რა შეიძლება და რა არის შეცდომა, როგორ არ უნდა მოვიქცეო. სხვა დროს კი იმ შეცდომებს აღარ უშვებდა. რასაც ჩემი ასაკის, ვითომდა ძალიან ჩამოყალიბებულ მამაკაცებზე ვერ ვიტყვი... როცა ეუბნები, რაც არ მოგწონს და იმავეს ან უარესს აკეთებენ.

მოკლედ, გოგას ოჯახისა თუ საზოგადოებრივი წინააღმდეგობების, რთულად ასატანი მზერების მიუხედავად, ჩვენი ურთიერთობა საინტერესოდ ვითარდებოდა, იყო მცირეხნიანი დაშორებები, ჩხუბები, მაგრამ ის არასოდეს წასულა ჩემგან, არსად მიშვებდა, ამბობდა, შენთან გავიგე რა არის ბედნიერება, სულიერი კომფორტი, სიმშვიდე და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამას არ დავკარგავო.

მისი გაცნობიდან ოთხი წელი გავიდა. მე და გოგა ისევ ერთად ვართ, ვხვდებით, დღესასწაულებზე და ჩვეულებრივ დღეებშიც საოცრად ყურადღებიანია, სიურპრიზებს მიწყობს, ყველანაირად ცდილობს, გამახაროს. ჩემი ყოფილი შეყვარებული კი ჯერ კიდევ დედიკოსთვის სასურველი, ექიმი, "პრესტიჟული საცოლის" ძიებაშია და დღედაღამ ჩემს "ფეისბუკზეა" ჩასაფრებული.

გოგა უკვე სერიოზული ნაბიჯების გადადგმას მთხოვს, თუმცა, გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ, რადგან მისი ასაკი მაფიქრებს და არ მინდა 10-20 წლის შემდეგ, ახალგაზრდა, წარმატებული მამაკაცის "ბებერი ცოლი" ვიყო, ასაკობრივი კომპლექსებით გაბერილი. ერთი კი ვიცი, დღეს მასთან ყოფნისას მშვიდად და სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს, ბევრი რამ ისწავლა, კარიერულად ვითარდება და საინტერესო პიროვნებად ყალიბდება. (იხილეთ სრულად)