"სოფლის რუტინით არ ვცხოვრობ, ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, 15 წელი სოფლის მაღაზიაში ვმუშაობდი"
17-03-2019
"სოფლის რუტინით არ ვცხოვრობ, ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, 15 წელი სოფლის მაღაზიაში ვმუშაობდი"
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა  48 წლის მანონი ახვლედიანის  ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მანონი ახვლედიანი, 48 წლის, სოფელი ღვირიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი

"სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ, ღვირიშის საჯარო სკოლაში ვმუშაობ. ასევე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენი თემიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ჩემი გადაწყვეტილება, რომ დეპუტატი გავმხდარიყავი, ოჯახმა და საზოგადოებამ კარგად მიიღო, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, პირიქით. მანამდე 15 წელი სოფლის მაღაზიაში ვმუშაობდი. შეურაცხყოფად არავინ მიიღოს, მაგრამ მაღაზიაში მომუშავე ადამიანს ხშირად ვაჭრუკანად მიიჩნევენ და ის, რომ საზოგადოებამ დეპუტატად
აირჩიოს, ბევრს ნიშნავს, პატივისცემას უნდა იმსახურებდე. დეპუტატად პოლიტიკისთვის არ მოვსულვარ. არც მატერიალური დაინტერესება მქონია, მინდოდა, სოფელს დავხმარებოდი. პასუხისმგებლობის გრძნობა არც მანამდე მაკლდა, მაგრამ რაც დეპუტატი გავხდი, კიდევ უფრო მომემატა. გაჭირვებისა
და სიდუხჭირისაგან წელში გაწყვეტილი ხალხის ფეხზე დადგომაზე ვოცნებობ. მინდა, ჩემი საქმიანობით ხელი შევუწყო სოფლის განვითარებას და მგონი, ასე თუ ისე, ვახერხებ. ვფიქრობ, ახალი სისხლი გადაესხა რაღაც-რაღაცებში. მაქვს ოცნებები - ვაშლის ბაღების გაშენება მინდა და ზანდურის ჯიშის ხორბალი უნდა ავაღორძინო. ამაში ჩემი სკოლაც, ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართული.

"ზანდურის სახლი“

ზანდური ხორბლის სახეობაა, ლეჩხუმის ენდემი. ამბობენ, ზანდურის გენზე დგას მსოფლიოს ხორბალიო. ხორბალზე მნიშვენლოვანი საკვები დედამიწაზე არ არსებობს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ხორბალი ზანდურის გენზე დგას, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ოქროს ფასია თითოეული მარცვალი. რამდენადაც ვიცით, ზანდურის თესლი ლეჩხუმიდან გაიტანეს საზღვარგარეთ, მაგრამ ამ მარცვალმა მუტაცია განიცადა, ის გენი, ის თვისებები აღარ აქვს, რაც ჰქონდა, რადგან შეგუებული იყო ამ მიწას და იმ საკვებს, რასაც მისგან იღებდა. ზანდურით პირველ რიგში იმიტომ დავინტერესდი, რომ ლეჩხუმურია. ხალხი ლეჩხუმს ისე კარგად არ იცნობს, არ ჩანს საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობ, რომ ლეჩხუმის სახელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბებიაჩემიც ხშირად ახსენებდა ზანდურის პურს და ამანაც გამიღვივა სიყვარული. ლევან ოზბეთელაშვილმა, რომელიც ბოტანიკის ინსტიტუტში მუშაობს, ჩაგვიტარა ზანდურთან დაკავშირებით პატარა ლექცია, რომელსაც ბავშვებთან ერთად დავესწარი. ვიფიქრე, რომ საწყის ეტაპზე შემეგროვებინა ის ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ზანდურთან იყო დაკავშირებული, რითაც მოჰყავდათ და მერე თანდათან განვავრცე ჩემი ფიქრები და იდეები. დავიწყეთ მასალების მოპოვება - ზოგი სახლში მქონდა, ოჯახში. მერე მეზობლებთან გადავედი, გავცდი მეზობლებსაც და სოფლებში დავიწყე მოძიება ბავშვებთან ერთად. ეს ნივთები - შნაკვი, ძღავი, კაკაბა, კევრი, კავი, წიფხა, უკვე ხმარებიდან ამოღებულია და ფაქტობრივად, სხვენზე იყო შემოგდებული.

მაგალითად, წიფხა ლეჩხუმური ჭურჭელია, ველური ბლის კანისგან კეთდებოდა, ძალიან ლამაზად არის დაწნული, გვერდები ამოყვანილი, ამოგვირისტებული აქვს. ეს ყველაფერი ბეღელში გამოვფინე, გადავწყვიტე, უფრო გამელამაზებინა იქაურობა და „ზანდურის სახლი“დამერქმია. ეთნოგრაფიული მასალა რომ არის შეგროვებული, თვალისთვის სასიამოვნოა, მაგრამ ეს ყველაფერი მინდა ემსახურებოდეს იმას, რომ რეალურად მივიღოთ ხორბლის მოსავალი და დავაცხოთ ზანდურის პური. თესლი ფიზიკურად არ არის, ძლივს მოვაგროვეთ, დავთესეთ და ძალიან ვუფრთხილდებით. მოსავალს ველოდებით, რომ კიდევ გადავამრავლოთ და იქნებ ყანაც დავთესოთ. ვცდილობ, პოპულარობა გავუწიო ამას და იქნებ ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანები მოვაბრუნო აქეთ, ძალიან დიდი რესურსი და ბაზა გვაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ. გაზარმაცებული კი არ ჰქვია ჩვენს ხალხს, ცნობიერება აქვთ განადგურებული, საზღვარგარეთ გარბიან და იქ ნაშოვნი ფული მერე რესტორნებში, ბინებსა და უძრავ ქონებაში იხარჯება. შეუძლიათ, ეს თანხა თავიანთ სოფლებში დააბანდონ, ხეხილის ბაღი გააშენონ, ვაზი ჩაყარონ, რამე ქნან... ასეთი გეგმა მაქვს და რეალობად მინდა ვაქციო - დავთესოთ ხორბლის ყანები, მოვიწიოთ მოსავალი და რეალიზაცია გავუკეთოთ. ვფიქრობ, მოსახლეობაში გამოჩნდებიან დაინტერესებული ადამიანები.

აუცილებლად დადგება დრო, როცა ბიო პროდუქტებზე იქნება ძალიან დიდი მოთხოვნა, ამის იმედი მაქვს. მომავალ თაობაზე ვაკეთებ გათვლას, რომ დაინტერესდნენ ეს ბავშვები და ხორბალი დათესონ. მარტო ფულის გულისთვის კი არა, იმისთვისაც, რომ ლეჩხუმი წამოწიონ წინა პლანზე.

„ზანდურის სახლი“ ეკოტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, სოფელში რომ ტურისტი შემოვა, სანახავი ექნება. აქ არის ვაკე ადგილი და მინდა, ეთნო სოფელი გავაკეთოთ, ეთნო კუთხე ლეჩხუმური ოდა სახლით, თავისი ჩუქურთმიანი აივნებით, ბუხრით. მინდა ფაცხები დაიდგას, დასასვენებელი მერხები... პირველი აგური შეიძლება მე ჩავდო ამ საქმეში, მაგრამ ეკონომიკური საშუალება დიდი არაფერი მაქვს, ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. რომ დაინახოს ეს მთავრობამ, ხელისუფლებამ, კეთილმა ადამიანმა, მთავრობაც ხომ ადამიანებისგან შედგება და იქნება ვინმე დაინტერესდეს. დაინახონ, რომ მეც რაღაც გავაკეთე და ჰაერზე არ ვამბობ ამ ყველაფერს. ამისთვის ბევრი შრომა დამჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თავს არ დავიშურებ.

რაც ეს ძველი ნივთები მოვიძიე, სულ ვფიქრობ, რა სიყვარულითაა ნაკეთები. ჩვენ არ დავიცავით ის სიმეტრიები, ის სიყვარული და რუდუნება არ ჩავდეთ, შემოქმედებითობა განადგურდა. 15-16 კილომეტრი მაინც იქნება ხვამლიდან, იქ მოიპოვებდნენ ამ ქვებს და ალბათ როგორი გაჭირვებით მოჰქონდათ, რომ სახლის კუთხეებში ჩაედგათ სილამაზისთვის. მათ ჰქონდათ ეს შეგრძნება და ჩვენ - დავკარგეთ. იქნებ, აღვადგინოთ.
ბავშვობაში ტრაქტორისტობაზე ვოცნებობდი. ტრაქტორი რომ ვიყიდე, მაშინ ვხუმრობდი, ერთი ოცნება ამიხდა მეთქი. ვაშლის ბაღების გაშენებაც ბავშვობის ოცნება იყო. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, ვიყიდე პანტა ვაშლი, დავთესეთ, შვილები მომეხმარნენ, მართლა მძიმე შრომა გავწიეთ. თურმე მწიფე არ ყოფილა თესლი და არ ამოვიდა, კრახი განვიცადე. მერე არასამთავრობოდან იყვნენ მოსული და მითხრეს, ჩვენ დაგეხმარებით სარწყავი სისტემითო. არ მეგონა, თუ რამეს მართლა გააკეთებდნენ და დავწერე პროექტი, პასუხისმგებლობა მომემატა, არც ისე იოლი იყო. გორში ვიყიდე ნერგები, დავხანით და დავრგეთ, მიწა ბეტონივით იყო გამაგრებული, ორმოები ძლივს ამოვთხარეთ. შვილებივით ვუვლიდი ნერგებს, უფრო მეტადაც. პირველად რომ მოისხა, მეზობლები დამყავდა სანახავად, უბედნიერესი ვიყავი. დღეში ათჯერ მაინც მივდიოდი და ვეფერებოდი ამ ვაშლებს. ახლაც თვალწინ მიდგას ის ორი წითელი ვაშლი. მერე პომიდორი, ბულგარული, ბადრიჯანიც დავრგე. ყოველ მეხუთე დღეს 200 ლიტრი წყალი შემქონდა და ვწამლავდი, რომ დაავადება არ გასჩენოდა, ამის გამო მხედველობა დამიქვეითდა. ერთ წელიწადს ხახვი და ნიორიც დავთესე, 60 მეტრიანი მწკრივები იყო, ქვემოდან რომ გახედავდი, ზემოთ ასვლამდე სული შეგიწუხდებოდა. კვალს რომ ვთოხნიდი, მიჭირდა, ნიადაგი არ იყო დამუშავებული, ისედაც მძიმე მიწაა და თავში რომ ამოვიდოდი, ცრემლებს ვყრიდი, მაგრამ რომ გავხედავდი, ის ბედნიერება და სიამოვნების გრძნობა რომ მახსენდება, ახლაც ჟრუანტელი მივლის.

ფუტკარიც მყავს. ისტერიკულად მეშინოდა ფუტკრის, ვერ ვეკარებოდი და ჩემი მეუღლე უვლიდა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, მერე მამაჩემი უვლიდა, მაგრამ ფუტკარი სხვისი მოვლილი არ გამოდის, შენ უნდა მოუარო და მიხედო, როგორც პატარა ბავშვს. მე ვერ ვუვლიდი, მეშინოდა, ვერ ვეკარებოდი და თანდათან განადგურდა. 4 სკა დარჩა 23-დან. მერე მეგობარმა მითხრა, დაგეხმარები, ნუ გაანადგურებო. რამდენჯერმე ამოვიდა მოსახმარებლად, ფუტკარს ისეთი შრომა სჭირდება, სულ უხერხულად ვიყავი. ერთი წელი მეხმარებოდა, მეორე წელს შემრცხვა, სულ ხომ ვერ დავუძახებდი და გავრისკე, მივეკარე. თავიდან კანკალ-კანკალით ვუვლიდი, მერე ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის მოძიება. გადავწყვიტე, რომ გაზაფხულზე დედები გამომეყვანა. დედების გამოყვანა დაახლოებით იმას ნიშნავს, ქალი რომ ამშობიარო, საკეისრო გაუკეთო. პირველი დანამყნების დროს ისეთი სტრესი მივიღე, სამი საათის განმავლობაში მოძრაობა აღარ შემეძლო. ძნელი კი არაა, მაგრამ ემოციურად დავიძაბე. ახლა 54 სკა მყავს. მძიმე შრომა გავწიე, გამომივიდა და მეფუტკერობასთან დაკავშირებითაც მაქვს გეგმები, ფუტკრის რძის წარმოებასა და ნუკლეუსების რეალიზაციას ვაპირებ. თაფლსაც ვყიდი. საქართველოში მეფუტკრეობა პრიორიტეტად არ აღიარა სახელმწიფომ და არ ეხმარება ამ დარგს. დიდი ხარჯი კი გავწიე, ეს ყველაფერი რომ შექმნილიყო.

ჩემი მეუღლე 14 წლის წინ გარდაიცვალა და მას მერე ამ ყველაფერს მარტო ვუძღვები. 14-15 წლის რომ ვიყავი, რაღაცას რომ დამავალებდნენ, არ მინდოდა წასვლა, მშიშარა ვიყავი - ბაყაყების, გველების, პეპლების, სიბნელის მეშინოდა. წასვლა-წამოსვლაც მეზარებოდა და რომ მთხოვდნენ, წყალი მოიტანეო, მეშინია, ვერ წავალ წყაროზე მეთქი, ვპასუხობდი. სულ იმას მეუბნებოდნენ, ზარმაცი ხარო და მთელი ცხოვრებაა ვცდილობ, ეს კომპლექსი მოვიხსნა ბევრი შრომით. შინაგანად მართლა ზარმაცი ვარ, განა ტყუილია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს საზოგადოების წინაშე. საკუთარ თავთან უნდა ვიყო მართალი და შინაგანად თუ მაქვს ეს სიწრფელე, ბედნიერიც მაშინ ვარ. თუ რაღაც შემეშალა, სიყალბე გამომივიდა, რომ მოვალ სახლში ადგილს ვერ ვპოულობ, ტირილამდე მივსულვარ. სინანულია ჯოჯოხეთიო, ხომ ამბობენ, რამდენჯერ გამომივლია ჯოჯოხეთი იმის გამო, რომ შეიძლება რაღაც ცუდად ვთქვი, არ ვიყავი სწორი...
სოფლის რუტინით არ ვცხოვრობ, ყოველდღე ვშრომობ და ვიბრძვი. ზამთარში 8 საათზე მეღვიძება, ფეისბუქს ჩავხედავ, რომ გამომაცოცხლოს, მერე ვდგები და ვიწყებ შრომას. ყველაზე მეტად მიყვარს, დილით ჯეჯილზე რომ ნამია წვეთებად, ბრილიანტებივით, ფოტოებს ვუღებ. დავდგები და ბუნებას ვუყურებ. კიდე ფუტკრებთან მიყვარს ფუთფუთი. ყველაზე დიდ ენერგიას მიწასთან მუშაობისგან ვიღებ"

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან



რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები