აქვს კი აზრი "არაფრისთვის" ბრძოლას? - კვირის პალიტრა

აქვს კი აზრი "არაფრისთვის" ბრძოლას?

ამას წინათ რედაქციაში შუახნის მამაკაცი მესტუმრა. თავისი მრავალწლიანი გრძნობის შესახებ მიამბო. უფრო სწორად, ვრცელი წერილი გადმომცა და მთხოვა, - წაიკითხეთ და უცებ ნუ გამკიცხავთ, ნურც შეურაცხადად ჩამთვლით. 30 წელია მაწუხებს ის, რაზეც აქ არის საუბარი. იქნებ ვინმემ მისაშველოს, რამე მირჩიოს, რომ ტვირთი, რომელიც გულზე მაწევს, ოდნავ მაინც შევიმსუბუქოო...

"ამ ხნის კაცი ვარ (56-ს გადავცდი) და დღემდე საგაზეთო წერილი არ დამიწერია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამდე ჩემმა სულიერმა და მორალურმა მდგომარეობამ  მიმიყვანა. ის გრძნობა, რომელსაც ვეთაყვანები, 30 წელია მტანჯავს თუ მაცოცხლებს, ვერ გამიგია. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

ადრე დავოჯახდი. მეუღლე სიყვარულით მოვიყვანე და დღემდე ძალიან მიყვარს. მყავს ძალიან კარგი შვილები და შვილიშვილები, რომლებსაც შევხარი. სხვების თვალში ბედნიერი კაცი ვარ, მაგრამ...

ინსტიტუტში სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე. კარგად ვსწავლობდი, სამეცნიერო წრეების აქტიური წევრი და შემოქმედებითი საღამოების მუდმივი მონაწილე გახლდით.

ერთ დღეს, მეუღლის ბიძა-ბიცოლამ თავიანთი შვილი მომიყვანეს, პატარა, ცქრიალა გოგო (მას პირობითად ციცოს დავარქმევ) და მთხოვეს, ჩემთან, თბილისში წამეყვანა და პრესტიჟულ სკოლაში მომეწყო. რა თქმა უნდა, მათი თხოვნა შევასრულე... ციცოს თბილისში ჩამოსვლის დღიდან მისდამი რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა. მალე მეც დავამთავრე ინსტიტუტი და ერთ-ერთ რაიონში გამამწესეს სამუშაოდ, სადაც ჩემს ცოლ-შვილთან ერთად წავედი.

კარიერა კარგად ამეწყო. სამსახურის გამო თბილისშიც ხშირად ჩამოვდიოდი. ჯერ ციცოს ვინახულებდი, მერეღა მივდიოდი ჩემი საქმეების მოსაგვარებლად. დაამთავრა სკოლა და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად დაიწყო მომზადება. დიდად ვგულშემატკივრობდი. როცა პირველ გამოცდაზე ფრიადი გამოუცხადეს, მივულოცე და მხურვალედ გადავკოცნე. მალევე მივხვდი, რომ ეს კოცნა მხოლოდ მისი წარმატების მილოცვა არ იყო.

მე ის მიყვარდა, უბრალოდ, დიდხანს არ ვარქმევდი მისდამი ლტოლვას სიყვარულს... ამ გრძნობამ მთლიანად დამიპყრო. ყოველი დღე მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. თბილისში ჩამოსულს ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი. ზოგჯერ შინ არ მხვდებოდა, მე კი ხელფეხშეკრულივით ვიდექი მის კართან და ველოდებოდი. ლოდინი კი უსასრულოდ შემეძლო. ზაფხულობით ციცო იმავე სოფელში იყო, სადაც ჩემი ცოლ-შვილი და იქაც ხშირად ვნახულობდი.

მასთან სიახლოვით უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ასეთ დროს კაცს გული უგრილდება ხოლმე ცოლის მიმართ, მაგრამ მეუღლეც ძალიან მიყვარდა, ოჯახს მზრუნველობასა და სითბოს არ ვაკლებდი. ასე ვიქეცი ორ კაცად, რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა და იტანჯებოდა.

ციცომ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, თავის რაიონში ვერ იშოვა სამსახური და იმავე რაიონში წავიყვანე, სადაც მე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ციცოც ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა - იმ ორი უსაყვარლესი ქალის გვერდით ვიყავი და საშინლად ვიტანჯებოდი.

დადგა ზაფხული. ცოლ-შვილი  დასასვენებლად გავუშვი. აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვით აღსავსე "ბედნიერება". ერთ საღამოს ნარდი ვითამაშეთ, შევბედე და ვუთხარი, რამდენჯერაც მოგიგებ, იმდენი სურვილი უნდა შემისრულო-მეთქი. იმდენად გულუბრყვილო იყო, რომ გაოცებულმა შემომხედა, - განა რა უნდა მთხოვოო. ხუმრობა ვცადე, - ხელზე გაკოცებ-მეთქი. ზედიზედ წააგო რამდენიმე ხელი და მთელი მკლავი დავუკოცნე. შემატყო შინაგანი ღელვა და მითხრა, მეც ხომ მეკუთვნის შენგან სურვილის შესრულება და ყველა შენი მოგება გაბათილებულად ჩათვალეო.

ერთ საღამოს მითხრა, - ვგრძნობ, ჩემ მიმართ რა გრძნობაც გაქვს და იცოდე, თუ არ მოერიე, აქედან გადავიკარგები, ან თავს ავუტეხ რამესო. დაჩოქილმა პატიება ვთხოვე, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო ვგიჟდებოდი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რაღაც უნდა მეღონა... მაგრამ წერტილის დასმის ნაცვლად საშინელება მოვიფიქრე: შევიძინე საძილე საშუალება, მისი ანოტაცია კარგად შევისწავლე და საჭმელში ჩავუყარე ციცოს. ივახშმა და წიგნის კითხვას შეუდგა. ცოტა ხანში ძილი მოერია. დასაძინებლად დაწვა. როცა ღრმად ჩაეძინა, შევედი და... უსასრულოდ ვეფერე, მაგრამ სულ მახსოვდა, რომ მისი პატიოსნება საეჭვო არ უნდა გამხდარიყო.

ვიცი, ეს არაკაცობაა, მაგრამ საზოგადოებაში ძლიერ პიროვნებად მიჩნეული კაცი ერთი პატარა გოგოს წინაშე ძალიან უძლური აღმოვჩნდი, ვერ დავძლიე ის გრძნობა, რომელიც ზვავივით დამეტაკა. მეორე დღეს მოვატყუე, - სიზმარში გნახე, ჩემი იყავი-მეთქი. ძლივს შეიკავა თავი ტირილისგან. მითხრა, - ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ჩემი სიკვდილი თუ გამოგიყვანსო. დაუფიქრებლად მივუგე, - მეც მაშინვე თავს მოვიკლავ-მეთქი. ციცო ჩემი ცოლის დაბრუნებამდე რაიონიდან წავიდა...  გავიდა დრო. ციცო გათხოვდა. როგორც სანათესავოს რჩეული კაცი, მე დამნიშნეს თამადად. განადგურებული ვიყავი ციცოს დაკარგვით.

ციცოს ძალიან კარგი ქმარ-შვილი ჰყავს. მასზე ფიქრი კი არ მშორდება. როდესაც ვხვდები, კვლავ სასწაული მემართება.. ზოგჯერ ციცო შემეხმიანება ხოლმე და თავის ოჯახზე ან სამსახურზე რაიმე დახმარებას მთხოვს, ნეტავ, იცოდეთ, რა ბედნიერი ვარ. ლამის მთები გადავაბრუნო.

ალბათ იკითხავთ, ახლა რაღა გინდა, რას ეძებ, რას ითხოვო? 30 წელზე მეტია, ამ დღეში ვარ, მეტი აღარ შემიძლია. სამსჯავროზე კი ჩემი სიყვარულის ამბავი იმიტომ გამომაქვს, რომ იქნებ თქვენ ან მკითხველმა, ფსიქოლოგმა, ან ვინმემ, ვისაც ასეთი სიყვარული გამოუცდია, მირჩიოს, რა გზას დავადგე, როგორ მოვძებნო გამოსავალი. არ ვაზვიადებ, თუ საშველი ვერ მოვძებნე, შეიძლება თვითმკვლელობითაც დავასრულო სიცოცხლე... გ.გ."

თამარ გაგნიძე (ფსიქოლოგი): - საქმე გვაქვს არა ზედაპირულ გრძნობასთან, არამედ დიდ სიყვარულთან. ბატონი გ. მართლაც ცუდ დღეშია, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მცირეოდენი წვლილი მის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნაში ციცოსაც მიუძღვის. მართალია, "ბაბთიანმა გოგონამ" თავიდან ვერ გააცნობიერა, რა დღეშიც იყო ბატონი გ., მაგრამ როცა ყველაფერი შეიტყო, დროზე უნდა გასცლოდა იმათ სახლს, არც ხელზე კოცნის უფლება მიეცა და არც წლების მერე უნდა აძლევდეს დავალებებს.

მას, როგორც ქალს, მაინც ეამაყება, რომ სანათესავოს რჩეული კაცი ასე ეთაყვანება... ბატონ გ.-ს ვურჩევ, იმ ქალისკენ მიმავალი ყველა გზა მოიჭრას და შეწყვიტოს მასთან ურთიერთობა ტელეფონითაც კი... არც იმ ქალს უნდა ოჯახის დანგრევა და, როგორც ვიცი, კაცისთვისაც წარმოუდგენელია ამ ნაბიჯის გადადგმა. მაშ, რისი იმედი აქვს? რა აზრი აქვს "არაფრისთვის" ბრძოლას? დიდი გრძნობა აკავშირებს ციცოსთან, ცხადია, მაგრამ ამ სიყვარულში საშიშროებაც იმალება - აქ არის ვნებაც, ჟინიც, გახელებაც, სიგიჟეც... ეს ყველაფერი კი ამაღლებულს შლის და ანადგურებს..

ნამდვილი სიყვარული არაფერს ითხოვს, სიკეთით სავსეა. ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ პირველი მეორეში გადაზარდონ. წერილის ავტორსაც ამასვე ვურჩევ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თავი ვერაფრით დაიმორჩილა, შესაძლებელია, მართლაც უბედურებით დასრულდეს ეს სიყვარული...