არ შეიძლება დედობა პირად ბედნიერებას ანაცვალო - კვირის პალიტრა

არ შეიძლება დედობა პირად ბედნიერებას ანაცვალო

ეს  ამბავი შარშან მოხდა. პედაგოგი გახლავართ, ის ბავშვი კი, რომლის ამბავიც მინდა გიამბოთ, ჩემს სკოლაში სწავლობდა. კარგა ხანს ვჭოჭმანობდი, მომეწერა თუ არა თქვენთვის ეს წერილი. ბოლოს, გადავწყვიტე, მაგრამ სკოლის მისამართს და ბავშვის ვინაობას ვერ დავასახელებ. პირობითად კი ბიჭს დათოს დავარქმევ.

დათუნა პირველ კლასში, პირველსავე დღეს თვალში მომხვდა. გამუდმებით ტიროდა და დედას არ სცილდებოდა. ერთი თვის შემდეგ, მოფერებითა და დაყვავებით ძლივს დავამშვიდე და გარემოს შევაჩვიე. ვატყობდი, ძალიან იყო დედაზე მიჯაჭვული. დავინტერესდი ბავშვის ოჯახური მდგომარეობით. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო.

მოგვიანებით, როცა მშობლებს დავუახლოვდი, დათუნას დედა გამომიტყდა, - საშინლად ეჭვიანია ჩემი მეუღლე, ისეთ სცენებს მიმართავს, თავი შემძულდა. ბავშვიც ძალიან ნერვიულობს, მაგრამ ოჯახს ვერ ვანგრევ შვილის გამოო... ლელა, დათუნას დედა, 27 წლის ლამაზი, არისტოკრატიული გარეგნობის ქალი გახლდათ. არ ვიცი, აძლევდა თუ არა ქმარს ეჭვიანობის საბაბს, მაგრამ თუ კაცი ეჭვიანია, ცოლის სილამაზე უკვე დიდი საბაბია, რომ ყოველ წუთს ჩასაფრებული იყოს. როგორც ლელა ამბობდა, მეორე ბავშვის გაჩენა იმიტომ არ უნდოდა, რომ ქმარი შინიდან აღარ გამოახედებდა, დათუნას კი ყველგან დაჰყვებოდა.

დათუნა მეექვსე კლასში იყო, მოულოდნელად ხმა გავარდა, დედამისი ოჯახიდან გაიპარა და გათხოვდაო. ყველა გაოგნებული დავრჩით. ოჯახები ინგრევა, ხშირად ქალიც მეორედ თხოვდება და კაციც ქორწინდება, მაგრამ ლელას ნაბიჯი მთლად გამართლებული არ იყო. ვერაფრით ამეხსნა, როგორ უნდა გაპარულიყო ოჯახის დედა და მიეტოვებინა 12 წლის ბიჭი სრულ გაუგებრობასა და ჭორების ორომტრიალში. როგორი დესპოტიც უნდა ყოფილიყო მისი ქმარი, შვილს რას ერჩოდა? დათუნამ ცოტა ხანს იარა სკოლაში, მერე კი შეწყვიტა. მისი კლასის დამრიგებელმა შინ მიაკითხა, მამამისსაც შეხვდა და ელაპარაკა.

მალევე პატარა ბიჭმა თავის მოკვლა სცადა, საბედნიეროდ, გადაარჩინეს...

მე, როგორც პედაგოგი, ფსიქოლოგის თვალით ვუყურებ ბავშვების ქცევას. ბედნიერებისა და მშვიდი ცხოვრებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს გამართლება, მაგრამ არა იმ სახით, რაც ლელამ გააკეთა. მისი საქციელი დამნაშავის, ქურდბაცაცისას უფრო ჰგავდა, ვიდრე შეყვარებული ან ტანჯული ქალისას. როგორ შეიძლება, ქალმა შვილი და დედობა პირად ბედნიერებას ანაცვალოს? დარწმუნებული ვარ, ლელას რომ დათუნასთვის ყველაფერი წინდაწინ აეხსნა, შვილისთვის არაფერი დაემალა, ეს ამბავი ასე არ დასრულდებოდა.

ნ. დ.