რუსეთი ოკუპანტია !
"ვფიქრობდი, ნეტა დამარტყას და არ მესროლოს-თქო. მაგინებდა უშვერი სიტყვებით და მოკვლით მემუქრებოდა"
26-03-2019
"ვფიქრობდი, ნეტა დამარტყას და არ მესროლოს-თქო. მაგინებდა უშვერი სიტყვებით და მოკვლით მემუქრებოდა"
"ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა 62 წლის მერი ლობჯანიძის  ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


მერი ლობჟანიძე, 62 წლის, ქუთაისი

"კინოს კადრივით თუ გადავავლებ თვალს ჩემი ცხოვრების გზას, ორი ეპიზოდი წითელი ხაზივით გაიელვებს გონებაში, ემოციურად და მძაფრად: სოხუმიდან თვითმფრინავით გამოქცეულებს ჩვენი მიმართულებით გამოსროლილი ცეცხლოვანი ბურთები და გოგონას განწირული კივილი, რომელსაც უმოწყალოდ ტენიდნენ მანქანაში.

18 წლის ვიყავი, სოხუმიდან ქუთაისში რომ წამოვედი სასწავლებლად. ტექნიკური საგნები მიყვარდა და ინჟინერობა გადავწყვიტე. ოჯახის, განსაკუთრებით მამის სურვილი იყო თეთრი ხალათი
ჩამეცვა, მაგრამ მაინცდამაინც არ მხიბლავდა იოდი და ბამბა. მერე მირჩევდნენ, ქალი ხარ და პედაგოგიურში ჩააბარე, სახლშიც იქნები და უმაღლესსაც დაამთავრებო. მაგრამ, ამბიცია მქონდა, უფრო რთულ საქმეს შევჭიდებოდი და დამემტკიცებინა, რომ მიუხედავად ჩემი სქესისა, შემეძლო "კაცების“ პროფესიას დავუფლებოდი.

ვიცოდი, ქუთაისში მრავალპროფილური პოლიტექნიკური ინსტიტუტი იყო. ჩავაბარე მსუბუქი
მრეწველობის ფაკულტეტზე, სპეციალობა "ტყავის ნაკეთობათან ტექნოლოგია და კონსტრუირება“. ინსტიტუტში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, დავქორწინდით და დავრჩი საცხოვრებლად ქუთაისში.
ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ურთულესი პერიოდები აფხაზეთში გავიარე. ზოგჯერ ვფიქრობ, ჯადოსნური საშლელი რომ მქონდეს, ამოვშლიდი ჩემი მეხსიერებიდან იმ ტრაგიკულ დროს. მაგრამ, გახსენება და ომის გადააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული შეცდომების დანახვისთვის. ამიტომაც უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე.

1992 წლის 9 მაისს დაგვირეკეს სოხუმიდან, რომ ჩემი დის ქმარი გუმისთის ხიდთან დაიჭრა და თბილისში გადააფრინეს სამხედრო თვითმფრინავით. მე და ჩემი მეუღლე სასწრაფოდ თბილისში გამოვემგზავრეთ ქუთაისიდან. 19 დღე იცოცხლა. თბილისიდან 28 მაისს სამხედრო თვითმფრინავით გადმოვფრინდით ბაბუშერაში. აფხაზეთში დავკრძალეთ.

თითქმის ერთი თვე წამოსულები ვიყავით ქუთაისიდან. სატელეფონო კავშირი არ იყო. სოხუმი ინტენსიურად იბომბებოდა. სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებია აფხაზეთი საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. დედა და მამა არ წამოვიდნენ, ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩემი ძმა, სიძე და დისშვილი იბრძოდნენ, მეორეც მამას წარმოუდგენლად მიაჩნდა საკუთარი სახლის დატოვება. სოხუმი არასდროს დაეცემაო, ამბობდა და მართლაც ყველას გვჯეროდა ამისი.

ოჯახის წევრები და ნათესავები ალბათ 12 -მდე ადამიანი ფეხით წამოვედით ბაბუშერის აეროდრომისკენ. საავტომობილო გზა ტამიშთან ჩაკეტილი ქონდა მტერს, საზღვაო მიმოსვლა საშიში იყო. დაახლოებით 40 კილომეტრი ვიარეთ. ბაბუშერის პატარა აეროდრომი ნაომარი ველივით დაფარული იყო დაჭრილი ჯარისკაცებით და შაოსანი ქალებით, პატარა ბავშვებით და მოხუცებით.

არც კი მახსოვს, რამდენი დღე და ღამე ველოდებოდით თვითმფრინავს, რომელიც სამშვიდობოს გამოგვიყვანდა. განა არ დაფრინავდნენ, მაგრამ ჩამოყვებოდნენ პარლამენტარები და მიყვებოდნენ უკან, სამხედროები თვითმფრინავს არ გვაკარებდნენ, ჩვენც ველოდით, როდის გადაგვარჩენდნენ. მახსოვს სამხედრო მანქანებით ცხელი პური მოქონდათ და ხალხს ურიგებდნენ, უფრო სწორად დაყრიდნენ და მშიერი ხალხი ესეოდა.

ერთ საღამოს, უკვე ბინდებოდა, როგორც იქნა შეგვამჩნიეს ჯარისკაცებმა და თვითმფრინავში ასვლის უფლება მხოლოდ ქალებს და ბავშვებს მოგვცეს. არ მახსოვს როგორ მოვხვდი თვითმფრინავში. ჩემი მეუღლე იხსენებს, შენ ვერ ამოხვედი და მერე ჯარისკაცებმა ტრაპის მოაჯირიდან ამოგიყვანესო. სტრესისგან წაშლილია ეს ჩემი მეხსიერებიდან. მახსოვს დაბინტული მეომრები საკაცეებზე მთელ თვითმფრინავში, ხალხი ფეხზე იდგა, სავარძელზე არავინ ოცნებობდა. რომ ავფრინდით უკვე კარგად ბნელოდა. ტამიშს რომ მივუახლოვდით ცა განათდა, ვხედავ ფანჯრიდან, როგორ მოფრინავს ორი ცეცხლოვანი ბურთი ჩვენი თვითმფრინავის მიმართულებით. თვითმფრინავში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ეს დასასრულია, გავიფიქრე მე და ალბათ ყველამ ჩემსავით. სასწაული იღბლის წყალობით გადავრჩით. თვითმფრინავი მშიდობით დაჯდა თბილისის აეროპორტში.

თბილისში თითქოს სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდით. აქ ხალხი აგრძელებდა ცხოვრებას: ტელევიზორში დუბაის ჩარტერული რეისების რეკლამები გადის, გასართობი პროგრამები უხვად და მოკლე ნიუსები მიმდინარე ბრძოლაზე, რომელიც სადღაც აფხაზეთში თურმე მიმდინარეობს. აქ ხალხი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, არც იციან რა ხდება ქვეყანაში. ეგზისტენციალური შოკი დაგვემართა. იკარუსის მძღოლს ქუთაისში არ მოვყავდით, ფული არ გვქონდა საკმარისი. შევპირდით, ქუთაისში რომ ჩავიდოდით, იქ გადავუხდიდით. სახლს რომ მივუახლოვდით მეზობლის ბავშვების ხმა მოგვესმა - შეხედეთ ცოცხლები ყოფილან, გადარჩნენ!

ჩემს მშობლებსაც მოუწიათ სოხუმის დატოვება მამას ბოლომდე სჯეროდა, რამდენიმე დღით წავალთ და უკან მალე დავბრუნდებითო. პატარა გოჭი დატოვა ეზოში, ნანატრი შვილიშვილის დაბადების დღისთვის. დარდობდა, საჭმელი არ დამიტოვებია მისთვისო, ჩქარობდა დაბრუნებას. სოხუმი მალე დაეცა.
სადარდებელი გვქონდა ჩემი ძმის და სიძის ამბავი. არავითარი ცნობა არ მოდიოდა ჩვენამდე. დედაჩემის დარდიან თვალებს ვეღარ ვუძლებდი და სახლში გვიან შემოვდიოდი, ეძებდა ჩემს თვალებში პასუხს და ვერ პოულობდა. გამთენიისას, ხმა შემომესმა ეზოდან. ჩავედი და ორი ტალახიანი კაცი დავინახე - უცხო ხმა, წვერი, ავტომატები ხელში. ძლივს ამოვიცანი ჩვენები. გადარჩნენ. ჩვენც გადავრჩით. მამამ ვერ გაუძლო დარდს, 69 წლის ასაკში სევდისგან ძალიან მალე გარდაიცვალა.

ჩვენს სახლში ქუთაისში ცხოვრობდა აფხაზეთიდან დევნილი 16-მდე ადამიანი. დევნილთა შემწეობით და კუპონებით ვცხოვრობდით: ჰუმანიტარული ლობიო, ბრინჯი, რძის ფხვნილი, კვერცხის ფხვნილი, საპონი. ჩემი მეუღლე ღამის 2 საათიდან მიდიოდა პურის მოსატანად. სადილს რომ ვამზადებით ჯერ ბავშვები ჭამდნენ, მერე მოხუცები და თუ რამე დარჩებოდა - ჩვენ. თუ სტუმარიც შემოგვისწრებდა მაშინ მოხალული მუხუდოს ყავაც გვყოფნიდა.

მახსოვს, ერთი გაზაფხული, აღდგომა ახლოვდებოდა. წვიმიან დღეს სამუშაო საათების ბოლოს, რა თქმა უნდა ფეხით, წამოვედი სახლისკენ. გზად ერთ-ერთ "კომერციულ“ მაღაზიაში, კვერცხი ვიყიდე. გახარებულმა 20 ცალი კვერცხი ჩავაწყობინე ქაღალდის პარკში - სააღდგომოდ ნამდვილი წითელი კვერცხი გვექნება. მოვდივარ ბედნიერი ჩემი სიმდიდრით - ცალ ხელში და მეორეში გაშლილი ქოლგა. უეცრად, გავიგონე მანქანის ყურისწამღები მუხრუჭის ხმა და გოგონების შეკივლება. დავინახე როგორ მივარდა ორი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭი ერთ გოგოს და თავით აგდებენ მანქანის უკანა სავარძელზე. თან კარის დაკეტვას ცდილობდნენ, ამ გოგოს ფეხები ვერ მოაკეცინეს და გამეტებით ურტყამენ კარს. მეორე გოგონამ გაქცევა მოასწრო. ინსტინქტურად დავკეცე ქოლგა, მივვარდი მოძალადე ბიჭს და ლანძღვით და შეგონებით, ვურტყამ გამეტებით, თან კვერცხები სათითაოდ ცვივა პარკიდან. მივხვდი, რომ ასე ვერ მოვერეოდი, გავითავისუფლე ხელები, ვწვდი ამ ბიჭს მოვქაჩე, დავინახე გოგონამ როგორ დააღწია თავი და გაიქცა. წარმოვიდგინე ჩემ შვილზე რომ ეძალადა ასე ვინმეს. მოძალადე ბიჭიც მიხვდა, რომ ვერ აისრულა ჩანაფიქრი და მე შევრჩი ხელში. გადმოიღო ავტომატი და მომაბჯინა. ვფიქრობდი, ნეტა დამარტყას და არ მესროლოს-თქო. მაგინებდა უშვერი სიტყვებით და მოკვლით მემუქრებოდა. კიდევ კარგი მეორე ბიჭი მოეგო გონს, ძალით ჩასვა მანქანაში და გაიქცნენ.

ჩამოვჯექი იქვე ბორდიულზე, თავზე მაწვიმდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი, ყველა კუნთი მტკიოდა, ერთიანად მოვწყდი. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი წვიმაში სველ ასფალტზე. მეუღლე შეშინებული და გაფითრებული მისმენდა გვიან სახლში მისულს. არც კი ვიცი ის გოგო ვინაა, სადაა, მაგრამ დღემდე სიხარული მეუფლება, მისი გადარჩენა რომ შევძელი.

დრო სწრაფად იცვლებოდა და საინჟინრო განათლება ნაკლებ საინტერესო გახდა.

2001 წლიდან სახალხო დამცველის აპარატში დავიწყე საქმიანობა, ხოლო 2002 წლიდან ჩემმა მეგობარმა და თანამოაზრემ ახლადშექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციაში მიმიწვია.

ნორვეგიის ლტოლილთა საბჭომ ორგანიზაციას პედაგოგთა კავშირი "განთლება და სამყარო“ დიდი შესაძლებლობები მისცა იმისთვის რომ განვითარებულიყო. გავიარეთ უამრავი საგანმნთლებლო ტრენინგი. 2002 წელს პირველად გავაცნობიერეთ რას ნიშნავდა ადამიანის უფლებები, არაფორმალური განათლება სკოლაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, გენდერი და ტოლერანტობა, ფემინიზმი და მონაწილეობა, ქალთა და ბავშვთა უფლებები. ქალის მონაწილეობა და ჩართულობა ყველა დონეზე. რომ ქალს შეუძლია ქონდეს პირადი სივრცე და დრო საკუთარი ინტერესებისთვის.

პირველი ტრენინგი კონფლიქტოლოგიაში ჩაგვიტარდა. სიმულაციური თამაშის დროს ჯგუფები დაიყო და მოვხდვი აფხაზის როლში. გავიაზრე, რომ აფხაზის ინტერესს ვიცავდი და გამიჩნდა ემპათია აფხაზის მიმართ, სწორედ მანდ დამთავრდა ჩემი აგრესია და მიუღებლობა. ჩვენ სამშვიდობო განათლებას ვუწევთ პოპულარიზაციას და ნდობის აღდგენისთვის ვიბრძვით. ქალთა და გოგონათა ჩართულობა მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიაში.

აფხაზი და ოსი პარტნიორების თანამონაწილეობით ახალ პროექტებს ვგეგმავთ. პოპულარიზაციას ვუწევთ სამშვიდობო განათლებას და ვისწრაფით ევროპული პროდასავლური სწავლებისკენ, საქართველომ გააკეთა თავისი ისტორიული არჩევანი და არ გადაუხვევს მას.“

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან
ნანა
30 მარტი 2019 13:29
დიახაც ასე იყო ბატონო გოგა,დუბაის რეკლამირების მეტი არაფერი მესმოდა ტელევიზიიდან და ერთი გადაცემა იყო მხოლოდ სადაც დაკარგული ხალხი ერთმანეთს ეძებდა
მარი
30 მარტი 2019 09:32
ცდებით როდესაც ამბობთ, რომ თბილისში ომი არ ადარდებდათ, ზუსტადაც რომ ადარდებდათ იმიტომ გამორბოდნენ გულანთებული ბიჭები აფხაზეთისკენ, იმიტომ გვყავს დაკარგული თაობა 18-19 წლის ბიჭები, რომლებიც ,,შეშლილები,, დაბრუნდნენ უკან ( ვინც დაბრუნდა) .....................................
გოგა
27 მარტი 2019 12:04
ქალბატონ მერი ძალიან ცდებით როცა ამბობთ, რომ თითქოს თბილისში უდარდელი ცხოვრება იყო და "სადღაც" აფხაზეთში ომი არ ადარდებდათ.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?