"სიმამრმა და სიდედრმა შემომითვალეს, ჩვენ აღარც ქალიშვილი გვყავს და მით უფრო შენს სიძედ­ აღიარებას ვერ ეღირსებიო"
01-04-2019
"სიმამრმა და სიდედრმა შემომითვალეს, ჩვენ აღარც ქალიშვილი გვყავს და მით უფრო შენს სიძედ­ აღიარებას ვერ ეღირსებიო"
"ნინი დიდ დროს გართობაში ატარებდა. მისი დაცვის გამო არაერთხელ მომხვედრია ცხვირში. მეშინოდა, სხვა ღამის კლუბში არ გადაენაცვლა. იქ ვერ გავაკონტროლებდი, ამიტომაც თავს ვევლებოდი. ერთ ღამეს ნარკოტიკის დოზის გამო კინაღამ რომ მოკვდა, მთელი ღამე მასთან გავატარე საავადმყოფოში. მეორე დღეს ჩემმა უფროსმა მითხრა, ან სამსახურს მიხედე, ან მაგ გოგოს სდიეო. ბევრი ვიფიქრე და ნინის ხელი ვთხოვე..."

თბილისი-ბათუმის მატარებელში პირველი კლასის კუპეში მოვკალათდი. კარგა ხანს მარტო ვიჯექი. მატარებლის გასვლას ცოტა რომ დააკლდა, კუპეში
ფერადკანიანი 35 წლამდე მამაკაცი შემოვიდა. გორამდე მდუმარედ ვისხედით. ჩემდა საუბედუროდ აღმოვაჩინე, რომ ყურსასმენები გაფუჭებულიყო და მთელი გზა მუსიკას ვერ მოვუსმენდი.

გორს რომ გავცდით, მამაკაცს დაურეკეს.­ - ხო, ნინი, - უპასუხა კაცმა ქართულად. ქალი ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა, ხმა მეც მესმოდა, თუმცა, სიტყვებს ვერ ვარჩევდი. კაცი ამშვიდებდა,
ეუბნებოდა, რომ დაბრუნებისთანავე შეიცვლიდნენ ბინას. საუბარი რომ დაამთავრა, მაგიდაზე დაყრდნობილ ხელებში თავი ჩარგო და მძიმედ ამოიხვნეშა. ვგრძნობდი, რომ ტიროდა. ბეჭები სუსტად უთრთოდა.

შეპარვით, ხმადაბლა ვკითხე, ცუდად ხომ არ ხართ-მეთქი და წყლით სავსე ბოთლი მივაწოდე. მადლობა გადამიხადა, წყალი მოსვა და კარგა ხანს ისევ დუმდა. მერე ისევ დაურეკა ნინიმ. კაცი ისევ ამშვიდებდა.

ბათუმამდე, ჩაკეტილ სივრცეში, ადამიანს მდუმარება ძალიან გაუჭირდებოდა­ და ვცადე, ლაპარაკი წამომეწყო. ასე გავ­იცანი გაქართველებული აფრიკელი (მის სახელს განზრახ არ ვწერ), რომელსაც­ ქართველი ცოლი, 3 წლის ბიჭი და 8 თვის გოგონა ჰყავს. სიამოვნებით მაჩვენა­ ფოტ­ოები. თეთრკანიან ბიჭს მამის არაფერი­ ეცხო, გოგონა კი ულამაზესი მულატი აღმოჩნდა.

ცოტა ხანს ისევ მდუმარედ ვისხედით, მერე კი აფრიკელი ალაპარაკდა:

- ნინი ერთ-ერთ ღამის კლუბში გავიცანი. მამამისი სეზონურად თურქეთში,­ პლანტაციებში მუშაობდა, დედა კი საბერ­ძნეთში, რესტორანში იყო მრეცხავად. ნინი და მისი უმცროსი და-ძმა ბებიასთან იყვნენ. ბებია ბავშვებს ვერ აკონტროლებდა, განსაკუთრებით - ნინის, რომელიც სკოლას აცდენდა, დიდ დროს გართობაში ატარებდა. საღამოს დედას სკაიპით დაელაპარაკებოდა და მერე ღამის ცხოვრებაში ეშვებოდა. მე ღამის კლუბში ვმუშაობდი. იქ მოსვლის დღიდან თვალში მომხვდა. რაღაცნაირი, ვითომ თამამი, მაგრამ დაუცველი იყო. ბევრჯერ გადავარჩინე, სულ ძალ­ადობის პოტენციური მსხვერპლი იყო. მისი დაცვის გამო არაერთხელ მომხვედრია ცხვირში. მეშინოდა, სხვა კლუბში არ გადაენაცვლა. იქ ვერ გავაკონტროლებდი, ამიტომაც თავს ვევლებოდი. ერთ ღამეს ნარკოტიკის დოზის გამო კინაღამ რომ მოკვდა, მთელი ღამე მასთან გავატარე საავადმყოფოში. მეორე დღეს ჩემმა უფროსმა მითხრა, ან სამსახურს მიხედე, ან მაგ გოგოს სდიეო. ბევრი ვიფიქრე და ნინის ხელი ვთხოვე. გულგრილი არც ის იყო. ერთ საღამოსაც მშობლებს სკაიპით განუცხადა, რომ ცოლად მომყვებოდა. მამამისი სასწრაფოდ ჩამოვიდა, შემხვდა და დამემუქრა, თუ მის შვილს არ მოვეშვებოდი, სამუდამოდ დამმარხავდა. სხვა რა გზა მქონდა? მაგრამ როგორც კი ჩემი მომავალი სიმამრი თურქეთში დაბრუნდა, დავქორწინდით. სიმამრმა და სიდედრმა შემომითვალეს, ჩვენ აღარც ნინი გვყავს და მით უფრო შენს სიძედ­ აღიარებას ვერ ეღირსებიო. ჩავთვალე, რომ იოლად გადავრჩი და მშვიდად განვაგრძე ცხოვრება. ჩემი ცოლიც დამშვიდდა, დაჭკვიანდა, პატარა გოგო კი არის, მაგრამ კარგი დედა და კარგი ცოლია.
აფრიკელი გაჩუმდა და მეც მორიდებით ჩავეძიე:

- მგონი, რაღაც პრობლემები გაგ­იჩნდათ.­ თქვენს ცოლს ძალიან გაღიზიანებული ხმა ჰქონდა.
- როცა დავქორწინდით, ნინი ფეხმძიმედ იყო, ოღონდ არა - ჩემგან. მისმა მშობლებმა ეს არ იცოდნენ. რატომ უნდა მეთქვა? მე ნინი მიყვარდა, ვხედავდი, რომ შეცდომებს უშვებდა, როცა შემეძლო, ვიცავდი კიდეც, მაგრამ როცა ჩემ თვალწინ არ ტრიალებდა, რას გავხდებოდი? როგორც აღმოჩნდა, მეზობელმა იძალადა. ან შეიძლება არც იძალადა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ მუდმივად ნარკოტიკების მოხმარების მიუხედავად, ნინიმ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, ის ჩემი შვილია და მას ვერავინ წამართმევს, დაბადების პირველი წუთებიდან მე ვზრუნავ მასზე. ბიჭი რომ მოიზარდა, ძალიან დაემსგავსა ბიოლოგიურ მამას. ერთ დღესაც მამის დედას უნახავს და უკივლია, ჩემს ბიჭს როგორ მაგონებსო. საქმე ის არის, რომ ის კაცი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. იმ ქალმა არ ვიცი როგორ მოახერხა, ბავშვის დნმ-ის ანალიზი გააკეთა ფარულად და დამტკიცდა, რომ ბიჭუნა მათი სისხლისაა და გადაირია. ნინის მშობლებს ისტერიკით მიუვარდა, ეგ ბავშვი ჩემია და ჩემს სისხლსა და ხორცს ვიღაც გადამთიელი თავისად ზრდისო. მოკლედ, ბავშვს ითხოვს. სასამართლოში გიჩივლებთო. ცხადია, არ გვეშინია, ჩვენ არავისთვის არაფერი და არავინ წაგვირთმევია, ის კი, იმის ნაცვლად, რომ მოკრძალებულად ითხოვოს, შვილიშვილთან ურთიერთობის ნება მომეცითო, ისტერიკებს­ აწყობს. სანამ ცოცხალი იყო, მამა არასოდეს დაინტერესებულა ბავშვით, არც ის ანაღვლებდა, სად გაიზრდებოდა მისი შვილი, ახლა კი დედამისი სახლში გვივარდება და შეშინებულები ბინას ბინაზე ვიცვლით, რომ ვერ მოგვაგნოს.

- სიდედრი და სიმამრი რას ამბობენ?
- როცა გაიგეს, რომ მათი შვილი ორსულად იყო და მაინც შევირთე, შეიცვალნენ. ახლა ჩვენ შორის სიმშვიდეა. ჩემი სიმამრი იმ ქალს დაელაპარაკა და მოსთხოვა, ჩვენი ოჯახისგან თავი შორს დაეჭირა, მაგრამ ამაოდ. მისი შვილები ბოდიშებს გვიხდიან, მაგრამ როდემდე გავუძლებთ ამ ტერორს, არ ვიცი. ცოტა ხნის წინ მე და ნინიმ ბინა გამოვიცვალეთ, მაგრამ ახლა მითხრა, რომ მაინც მოუგნია. ამიტომაც ღელავდა. რაღა ვქნა, აღარ ვიცი. თუ გამოსავალი ვერ ვიპოვე, ოჯახთან ერთად ქვეყნიდან წასვლა მომიწევს.

სოფო გამრეკელი
ტოტო
11 აპრილი 2019 11:20
დაიკიდეთ ყველანი და გააგრძელე ცხოვრება...

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?