"ჩემი დაკავების მიზეზი ის იყო, რომ თურმე მეუღლისთვის დამირტყამს" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა - კვირის პალიტრა

"ჩემი დაკავების მიზეზი ის იყო, რომ თურმე მეუღლისთვის დამირტყამს" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა

"ვუთხარი, რომ ხელს შევუწყობდი ენის შესწავლაში, რათა თავისი პროფესიით ემუშავა. შენ გინდა ჩემით ბიზნესი აკეთო, ამიტომ არ წამოვალო, გამომიცხადა. რადგან ფეხი დაშავებული მქონდა და დროებით ვერ ვმუშაობდი, ალბათ, იფიქრა, რომ მისი შესანახი გავხდებოდი"

საქართველოში უმრავლეს შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალია, თუმცა ჩვენი რესპონდენტი, რომელიც პირობითად გიორგით გაგვეცნო, ახლახან ოფიციალურად აღიარეს ძალადობის მსხვერპლად.

- 20 წელია შვედეთის მოქალაქე ვარ, ქართული ოჯახის შექმნა მინდოდა და 2014 წელს ჩემი მომავალი მეუღლე ნათესავმა გამაცნო. სკაიპით ვუკავშირდებოდი, 6 თვის შემდეგ თბილისში ჩამოვედი და მალე ჩვენი ოჯახიც შეიქმნა. ქორწინებამდე მოვილაპარაკეთ, რომ შვედეთში ვიცხოვრებდით, ხოლო როდესაც ჩვენი მომავალი შვილი სასკოლო ასაკის გახდებოდა, სამშობლოში დავბრუნდებოდით. მოკლედ, შვედეთში ერთი თვე დავყავით, მერე მის ვიზას ვადა გაუვიდა და დაბრუნდა. ახალ წელს საქართველოში ერთად შევხვდით. მალევე შევიტყვეთ, რომ შვილი გვეყოლებოდა.

შვედეთის მოქალაქეობის მისაღებად სხვადასხვა პროცედურასთან ერთად, ინტერვიუსაც აბარებ. რადგან ჩემი ყოფილი მეუღლე ფეხმძიმედ იყო, ინტერვიუს ჩასაბარებლად ვერ წავიდოდა ვერც რუსეთში, ვერც უკრაინაში, საქართველოში კი შვედეთის საკონსულო არ არის და ამიტომ ინტერვიუ მოგვიანებით დავნიშნეთ.

ჩემი შვილი 2015 წლის 14 სექტემბერს დაიბადა. სამწუხაროდ, მშობიარობას ვერ დავესწარი - სამსახურიდან მომავალი წავიქეცი და ფეხი მძიმედ დავიშავე, მკურნალობამ კი დიდხანს გასტანა...

ერთი თვის შემდეგ ჩემი მეუღლე უკრაინაში, შვედეთის საკონსულოში ინტერვიუზე გავიდა. მოგვიანებით აცნობეს, რომ შვედეთში ცხოვრების უფლება მიენიჭა... მანამდე ცოლ-შვილის მოსანახულებლად ჩამოვედი და ამ დროიდან ჩვენი ურთიერთობაც აირია.

- მიზეზი რა გახდა? - მკითხა, მე შვედეთში რა უნდა ვაკეთოო. ვუთხარი, რომ ხელს შევუწყობდი ენის შესწავლაში, რათა თავისი პროფესიით ემუშავა. შენ გინდა ჩემით ბიზნესი აკეთო, ამიტომ არ წამოვალო, გამომიცხადა. რადგან ფეხი დაშავებული მქონდა და დროებით ვერ ვმუშაობდი, ალბათ, იფიქრა, რომ მისი შესანახი გავხდებოდი. ბოლოს გამომიცხადა, მე აქ დავრჩები, შენ იქიდან დაგვეხმარეო. რომ ვუთხარი, იმიტომ ვიქორწინე, რომ ერთად ვყოფილიყავით-მეთქი. გაბრაზდა, ისე გავაკეთებ, რომ შვილსაც არ განახებ, შენ შეიძლება ბავშვს შეუყვარდე და შენთან ცხოვრება მოინდომოს, ამიტომ არ მინდა ურთიერთობა გქონდეთო...

მას შემდეგ, რაც ჯვარი ავიყარეთ, სასამართლოში შეიტანა განცხადება ალიმენტის მოთხოვნით. მითხრა, რაც ბავშვს სჭირდება, ყველაფერი მაქვს, მაგრამ მინდა ალიმენტი ოფიციალურად მქონდესო. ალიმენტი 200 ლარით განისაზღვრა, თუმცა მოგვიანებით პლუს 100 ლარი დამაკისრეს.

- რის გამო? - მშობიარობის თანხიდან დაწყებული, ბავშვის წაყვანა-წამოყვანა, ექიმის მომსახურება, ყველაფერს, რაც საჭირო იყო ბავშვისა და დედისთვის, შვედეთიდან ვაფინანსებდი, მაგრამ ვინაიდან ვერ წარვადგინე ქვითრები, ისე წარმოაჩინეს, თითქოს არაფერი გამიკეთებია.

- მერე რა ხდება? - სასამართლოს მივმართე, რათა ბავშვის ნახვის საათები განესაზღვრათ. განმესაზღვრა კიდეც, მაგრამ როდესაც სანახავად მივდიოდი, ისეთ სიტუაციას ქმნიდა, რომ პატარა არ გამომყოლოდა და უკან ვბრუნდებოდი, ის კი პატრულს იძახებდა, მამა იყო მოსული, ბავშვმა იტირა, არ გაჰყვა და მინდა ეს ფაქტი დავაფიქსიროო.

2017 წლის მაისში სასამართლოს მივმართე, რათა დედას 10 დღით გაეტანებინა ბავშვი დასასვენებლად. ამ დროისთვის უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გადატანილი ფილტვებისა და ბრონქების ანთება. ადვოკატებმა დაარწმუნეს ჩემი ყოფილი მეუღლე და მანაც ხელი მოაწერა, რომ თანახმა იყო. თუმცა მეორე დღესვე თავისივე ადვოკატს უჩივლა, შემაცდინა, ხელი იძულებით მომაწერინაო. სააპელაციოში შევიტანე განცხადება, რომ აუცილებელი იყო ბავშვის წაყვანა კურორტზე. სასამართლომ თხოვნა დამიკმაყოფილა. ერთი სიტყვით, წავედით. ჩავედით თუ არა, იქაური სოციალური სამსახურის მუშაკი დამადგა თავზე, ნახა ბავშვის მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობები და დასკვნაში დაწერა: "იდეალური". სოციალური მუშაკის გასტუმრების შემდეგ ბავშვს პამპერსს რომ ვუცვლიდი, დარეკა. ვუპასუხე, როგორც კი დავბან, დაგირეკავ-მეთქი. რომ დავურეკე, აღარ მიპასუხა. ცოტა ხანში პოლიციელმა დამირეკა თბილისიდან, შენ რომ ბავშვის დედას არ დაელაპარაკე, ინერვიულა და მასზე ფსიქოლოგიური ძალადობისთვის შემაკავებელი უნდა გამოგიწეროო(?!). ასე გახდა ჩემი ყოფილი მეუღლე ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მფლობელი.

მოგვიანებით ვიგებ, რომ სასამართლოში წარუდგენია სამედიცინო დასკვნა, რომ ბავშვს აქვს სპასტიური ჰემიპლეგია, რაც, ფაქტობრივად, დამბლას ნიშნავს. სტომატოლოგი ვარ, მაგრამ ვიცი, ასეთი დიაგნოზის ბავშვი უნდა იყოს მოდუნებული, არაკონტაქტური, ამ დროს კი ბავშვი აქტიური და ბედნიერი იყო. როგორც კი ჩამოვედით თბილისში, ნევროპათოლოგთან წავიყვანე. ექიმმა გულისყურით გასინჯა და"პრაქტიკულად ჯანმრთელი" - ამ დასკვნით გამოგვისტუმრა. დასკვნა სასამართლოში წარვადგინე და თემაც დაიხურა.

- დიაგნოზი შეცდომით დასვეს? - მოგვიანებით ადვოკატებმა მითხრეს, სპასტიური ჰემიპლეგია ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც მუდმივი მკურნალობა სჭირდება. შესაბამისად, ასეთი დიაგნოზის გამო ალიმენტის ოდენობა იზრდებაო... ჩემთვის უმთავრესი ბავშვის ჯანმრთელობაა, ამიტომ სამედიცინო დასკვნის ავტორთან მისვლა ვცადე, სადაც წერილობით განმიმარტეს, რომ ეს დიაგნოზი ბავშვს დაესვა დედის მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით(?!), დედას კი მიეცა რეკომენდაცია სარეაბილიტაციო მკურნალობის გაგრძელებაზე, თუმცა მას შემდეგ ცენტრისთვის აღარ მოუმართავსო.

- აქვს უფლება ექიმს ბავშვის უნახავად დასვას დიაგნოზი?

- ფაქტია, ასე დაუსვეს დიაგნოზი...

როდესაც ჩამოვდივარ, თუკი შევიტყვე, რომ ბავშვმა იავადმყოფა, კლინიკაში მივდივარ, რომ ამონაწერიდან მისი რეალური მდგომარეობა შევიტყო... რამდენჯერმე გავაფრთხილე, როცა ბავშვი შეუძლოდაა, ბაღში არ გაუშვა-მეთქი. პასუხად მომწერა, აბა, სამსახურში ხომ არ წავიყვანო. რამდენჯერმე ბაღიდან გამოყვანის შემდეგ შეუძლოდ რომ მეჩვენა, ექიმთან წავიყვანე და ერთხელ ბრონქების ანთება აღმოაჩნდა, მეორედ ფილტვების ანთება...

- თქვენ დაპატიმრებული იყავით... - 2018 წლის 29 ივნისს ერთ-ერთ სუპერმარკეტთან უნდა მოეყვანა ბავშვი. შევხვდით. მოგვიანებით დამაკავეს, მიზეზი ის იყო, რომ თურმე ბავშვის გადმოცემისას მეუღლისთვის"დამირტყამს. ჩემმა ადვოკატმა სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, სადაც ჩვენი შეხვედრის ყოველი წამი გარკვევით ჩანდა. სანამ დავამტკიცებდი, რომ ცრუობდა, 19 დღე პატიმრობაში გავატარე. ამ ინციდენტის შემდეგ საქმეში ფსიქოლოგი ჩართეს. ის ხანგრძლივად აკვირდებოდა ბავშვს, თუ როგორ იქცეოდა ჩემი, დედისა და ბებიის გარემოცვაში. ფსიქოლოგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბავშვი ჩემზე ცუდს მხოლოდ დედამისის თანდასწრებით ამბობს, ხოლო თუ მასთან არ არის და ჰკითხავთ, მამაშენი როგორი კაციაო, პასუხად, ცერს ასწევს, აი, ასეთი მამა მყავსო. ჩემს ყოფილ მეუღლეს იმედი ჰქონდა, რომ ციხეში ჩამსვამდნენ და ბავშვს დავივიწყებდი.

2019 წლის 7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მომანიჭა.