"ორ დღეში ამერია ზღაპრული­ ოჯახი" - კვირის პალიტრა

"ორ დღეში ამერია ზღაპრული­ ოჯახი"

"ბავშვობის მეგობარმა კინაღამ ოჯახი დამინგრია"

ხომ გაგიგონიათ გამოთქმა, ეშმაკი შეუჩნდაო? ასე დაემართა ანიტას - კინაღამ ოჯახი დაანგრია, სადაც დიდი ხნის განმავლობაში სრული სიმშვიდე სუფევდა.

- 11 წლის წინ დავქორწინდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემს მეუღლეს ძმა ჰყავდა და ორივეს ერთი, სამოთახიანი ბინა ჰქონდათ. ქმრის ოჯახს უჭირდა, მიუხედავად ამისა, ჩემმა დედამთილმა, თუ ერთმანეთთან შეგუება გაგვიჭირდება, მე და ჩემი ქმარი თურქეთში წავალთ სეზონურ სამუშაოზე და როგორმე კიდევ ერთი ბინის ფულს მოვაგროვებთო. შემრცხვა, ეს რომ მითხრა... 10 წელი სიამტკბილობაში გავატარეთ. ჩემსა და დედამთილს შორის პატარა გაუგებრობაც კი არ ყოფილა. შარშან ლაშამ, ჩემმა მაზლმა, გამოგვიცხადა, ცოლს ვირთავო. მოვემზადეთ ქორწილისთვის, ერთ საძინებელში მე და ჩემი მეუღლე დავბინავდით, ერთიც ლაშას მოვუმზადეთ და ლოჯია ახალ საძინებლად გადავაკეთეთ დედამთილ-მამამთილისთვის. ნია ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა, დასავით შემიყვარდა.

ერთ დღესაც ბავშვობის ნაცნობს შევხვდი. დიდად არ ვმეგობრობდით, როყიო ლაპარაკი იცოდა და მახსოვს, ბავშვების ერთმანეთზე წაკიდებაც უყვარდა. ერთი სიტყვით, დიდი მოენე ვინმე ბრძანდებოდა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთი გზა გვქონდა. ტრანსპორტში ასვლამდე წვრილად გამომკითხა, ოჯახში ვინ მყავდა და მეც რატომღაც ყველაფერზე ვპასუხობდი. უკვე ტრანსპორტში ავდიოდით, როცა გაიგო, რომ მაზლსა და მის ცოლთან ერთად ვცხოვრობ. ავედით თუ არა, სალონში ყველას გასაგონად იყვირა, რას ამბობ, სამოთახიან ბინაში ერთად ცხოვრობთ?

შენ რა მაგარი ქალი ყოფილხარ, მე დედას და დას ვერ ვეგუები, დედამთილს და მაზლის ცოლს კი, ალბათ, მოვკლავდიო. დავმუნჯდი, ის კი არ ჩერდებოდა, რა გაგიხდათ ერთი ბინის ქირაობა, ადექით და შენ და შენი ქმარი ცალკე გადით, აბა, შენი მაზლი უმცროსი ყოფილა, მამის ქონება უმცროსს ეკუთვნისო. სირცხვილით ვიწვოდი. მეშინოდა, ხომ შეიძლებოდა ტრანსპორტში ვინმე ნაცნობი ყოფილიყო და ეს ყველაფერი მოესმინა. ასეც აღმოჩნდა, თურმე უკანა სკამზე იჯდა ჩვენი მეზობელი და მოგვიანებით მოსმენილი დეტალურად უამბია ჩემი დედამთილისთვის.

მოკლედ, ორ დღეში ამერია ზღაპრული ოჯახი. ბავშვობის მეგობარმა კინაღამ ოჯახი დამინგრია. დედამთილ-მამამთილმა მითხრეს, თურქეთში სამუშაოდ წავალთ და ბინის ფულს მოვაგროვებთ, თორემ ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთო. არადა, აქ ორივეს სამსახურები აქვთ. ვერ მივხვდი, რატომ უნდა დაეტოვებინათ აწყობილი ცხოვრება და სადღაც გადახვეწილიყვნენ იმისთვის, რასაც არავინ ითხოვდა. ეჭვმა გამკრა, ალბათ, მაზლმა და მისმა ცოლმა აგრძნობინეს რამე-მეთქი. უხერხულობამ შემიპყრო. ვთქვი, თუ ვინმემ ოჯახის შემსუბუქებაზე უნდა იფიქროს, მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები ვართ, ამიტომ ჩვენ ვიქირავებთ ბინას და გადავალთ-მეთქი. ჩემი ქმარი გაოცებული დუმდა. მერე დამეთანხმა, ჩვენ გადავალთო.

იმ ღამეს არ მეძინა. კიდევ კარგი, ჩემმა დედამთილმა ვერ მოითმინა და შეეცადა ჩემგან გაერკვია, რატომ ვიყავი უკმაყოფილო... გაოგნებული ვუსმენდი. რატომ იფიქრე, რომ რამე მაწყენინეთ-მეთქი. სახალხოდ გილაპარაკიაო. კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ რომ თქვა, მეზობელმა ტრანსპორტში მოგისმინაო, მუხლებში ჩავუვარდი, მოთქმით მოვუყევი ის ამბავი, იმ სულელ ქალთან შეხვედრა. დამიჯერა. ასე გადარჩა ჩვენი ოჯახი დანგრევას. ამას მოჰყვა ძალიან კარგი გადაწყვეტილება: იმის გამო, რომ ოჯახი იზრდება, ბავშვები გვემატებიან, მალე მართლაც უფრო დიდი სივრცე დაგვჭირდებაო და ჩემმა ქმარმა შემოგვთავაზა, მოდი, ყველა ვმუშაობთ, გავერთიანდეთ, კრედიტი ავიღოთ, ეს ბინა გავყიდოთ და ეზოიანი სახლი ვიყიდოთ ქალაქგარეთო. სიტყვა საქმედ ვაქციეთ.მალე ახალ სახლში გადავდივართ და თუ კიდევ ვინმე შეეცდება ჩემს ცხოვრებაში გაუგებრობის დათესვას, ენას მყისიერად ჩავაგდებინებ.

სოფო გამრეკელი