90-იანების სტუდენტური "ლავსთორი"
15-04-2019
90-იანების სტუდენტური "ლავსთორი"
ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო­ - ერთი ჩვეულებრივი­ სტუდენტური­ "ლავ-სთორი" და სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელ გოგო-ბიჭს შორის ჩასახულმა დიდმა გრძნო­ბამ მათ შორის ზღვარი წაშალა,­ თუმცა უფროსების ჩარევამ ყველაფერი სხვა მიმართულებით წაიყვანა... 34 წლის ელენე "კვირის პალიტრას" თავისი სიყვარულის ისტორიას უყვება...

- "ბნელი და ტკბილი" 90-იანების­ მიწუ­რული იყო. მეგობარ გოგონებთან ერთად უნივერსიტეტის კიბეზე ავდიოდით, როდესაც რამდენიმე ბიჭი ისეთი ბრაგაბრუგით დაეშვა, რომ ერთ-ერთმა ჩემი მეგობარი გადათელა, თუმცა კიბეზე საცოდავად დახეთქებული გოგონა თითქოს­
არც შეუმჩნევია. არ ვიცი, რა ძალამ მიბიძგა, მაგრამ ქურთუკისთვის ხელის წავლება­ მოვასწარი. ისეთი ინერციით ჩარბოდა კიბეზე, ლამის თან გამიყოლა, მაგრამ მოაჯირს ძლიერად მოვეჭიდე. "გოგო წააქციე და ბოდიში მაინც რომ მოუხადო, არ შეიძლება?!" - მივახალე და ჩემი მშვიდი ბუნების მიუხედავად, ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლი სახეში. "რაო?
შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, ზრდილობას რომ მასწავლი?" - არ თმობდა თავხედი და ჩემგან გათავისუფლებას ცდილობდა. მისი გახშირებული­ სუნთქვა სახეში მცემდა, ერთი ძლიერად რომ გაექნია მხარი, მეც იმ გოგოს მიმაყოლებდა, მაგრამ ამის გაკეთება არც უფიქრია... "ბოდიში მოუხადე!­" - გავუმეორე მკაცრად. "მოუბოდიშე, ბიჭო, და წავედით", - უთხრა რამდენიმე მეგობარმა, მაგრამ ის იხტიბარს არ იტეხდა. "რა ბოდიში, გოგო, ხელი გამიშვი-მეთქი", - ისევ გაიქაჩა და უწმაწური სიტყვა მოაყოლა. ტკაც! - გაისმა უცებ... ეს ჩემი მარცხენა ხელი "გაიშალა" მის წვერიან ლოყაზე. მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია...­ იქვე მყოფი რამდენიმე ბიჭი გამოგვესარჩლა. მათ გასაშველებლად მე და ჩემი მეგობარი გოგონები შუაში ჩავდექით­. მერე ჩვენი ჯგუფელი ბიჭებიც შემოგვიერთდნენ და ატყდა ამბავი...­ ერთი შავთმიანი ბიჭი ისე ვეფხვივით ჩხუბობდა, ჩემი საყვარელი ჭაობისფერი პიჯაკის სახელო ხელში შერჩა... ბოლოს კორპუსის ადმინისტრაციამ დაგვშალა, თავხედი ბიჭი და მისი მეგობრები კი გაიქცნენ. გაშველებაში გოგონებიც არ დაგვზოგეს, გვარიანად მოგვხვდა...

"ეს გამოგადგება?" - მკითხა შავთმიანმა და ჩემი პიჯაკის სახელო ამიფრიალა.­ ორივეს გაგვეცინა. ლოყები ეჩხვლიტებოდა, მონაცრისფრო-ლურჯი თვალები და ისეთი შავი თმა ჰქონდა, სილურჯე გადაჰკრავდა. მერე გადაყვლეფილი ხელები შემითვალიერა, აბა, რა გეგონა, ავაზასავით რომ ეტაკე იმხელა მუტრუკსო. ბიჭს წარბი გახეთქილი ჰქონდა... "ხვალ გაგრძელება იქნება?" - ვკითხე მას და ჩემს მეგობარ ბიჭებს შეშინებულმა გავხედე... იმ შავბნელ წლებში ხომ ჩხუბი, გარჩევები, კრიმინალების ჩარევა ჩვეულებრივი რამ იყო. "არაფერიც არ იქნება", - დამამშვიდა ღიმილით. ირაკლი მქვიაო, მითხრა და ისეთი თვალებით შემომხედა, ვიგრძენი, როგორ ერთდროულად წამოიშალა ჩემს მუცელში აქამდე მიყუჩებული ყველა ფერადი პეპელა...

გაცდენილი ლექციების გემო


"დაიძრა ჩვენკენ შენი ლურჯთვალება­ რაინდი", - მანიშნა მეგობარმა. "რაინდ­ისთ­ვის" გამოყოლებული გოგონების­ ანთ­ებული თვალები არ გამომრჩენია. "აბა, მეორე­ ცვლა ვარო?" - ვკითხე ნიშნის მოგებით... დილას ვარჯიში მქონდა და ბარემ წამოვედი, სახლში წასვლა დამეზარა. რამდენი ლექცია დაგრჩა?" - მკითხა ეშმ­აკური ღიმილით. "კი არ დამრჩა, ერთი ჩამიტარდა მხოლოდ, კიდევ ოთხი მაქვს", - ვცადე სერიოზულად მეპასუხა. "ბოლო ორს ვინც გიტარებთ, იმ ქალს არ სცალია, აქცი­ებზე დადის პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად. ასე რომ, ერთი საათის მერე ყავის დალევას შევძლებთ", - მიუბრუნდა ჩემს მეგობარ გოგონებს. ერთი საათის შემდეგ კაფეში ვისხედით...

ასე დაიწყო ყველაფერი. მეც გაუბედავად­ მივყვებოდი ახალი ურთიერთობის თავბ­რუდამხვევ ეტაპებს. მთელი ჯგუფი ხურდას ვაგროვებდით, გზის ფულსაც კი არ ვიტ­ოვებდით (მეტროში ტალონებით ჩასვლის­ ჩვენეული მეთოდი გვქონდა), რომ ცხელი ღვეზელები და ცივი ლიმონათი გვეყიდა და უფანჯრებო აუდიტორიაში მოგვეყარა თავი... "რამხელა ლუკმ­ებით ჭამ, მოგდევს ვინმე?" "იმას ბოლოს მიაწოდეთ ლიმონათი, იმხელა პირი აქვს, ბოთლიანად გადაყლაპავს", - ვიცინოდით და სახლში წასვლა არ გვინდოდა. ირაკლი ჩვენს გარემოცვაში დიდ დროს ატარებდა. "კამპანია შეიცვალე?", "ასეთი მოსაწყენი რატომ გახდი?", "მანქანით რატომ აღარ დადიხარ?" - ეკითხებოდნენ ირონიული ღიმილით უნივერსიტეტის ლამაზმანები... ჩვენგან განსხვავებით, ფული ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ამის დემონსტრირებას არასდროს­ ახდენდა. მის მეგობ­რებსაც დავუახლოვდით. "შატალოზე" ერთად დავდიოდით, ზოოპარკის ყველა "შავი შესასვლელი" ვიცოდით. ძალიან მეგობრული იყო, მაგრამ ყველა ანგარიშს უწევდა. სულ რაღაც საქმეებს­ აგვარებდა. როდესაც მამა უცხოეთიდან ურეკავდა, ეს 22 წლის ბიჭი 40 წლის კაცივით­ დინჯი, საქმიანი და თავდაჯერებული ხდებოდა... გულის სიღრმეში მისი მშურდა და მეც გამწარებული ვეძებდი სამსახურს. როგორც იქნა, ერთ-ერთ კომპანიაში სტაჟიორად ამიყვანეს და რამდენიმე დღე ლექციებზე ვერ წავედი.

ირაკლის გარშემო არსებული ბუნდოვა­ნება ბოლომდე გახსნის საშუალებას არ მაძლევდა. უნივერსიტეტში ჯგუფელები ჟრიამულით შემხვდნენ, შენი "რაინდი" ყოველდღე გკითხულობდა, მისამართიც კი გვკითხა,­ არ გვითქვამსო?.. ამოვისუნთქე. მერე ლექციაზე შემოიჭრა და ლექტორს ჩემი ცოტა ხნით გაშვება სთხოვა. კარის მიხურვისთანავე ისე ჩამიხუტა, მეგონა, ნეკნები ერთმანეთში გადამეკვანძა, მაგრამ თავს მოვერიე. რას აკეთებ-მეთქი და ხელი ვკარი. "ჩაირთო "კუნინძა", - გამეხუმრა და კიბეზე სულ სირბილით ჩამაფრიალა, იქვე მდგარ მანქანაში ლამის ძალით ჩამაგდო და ისე მოსწყდა ადგილს, მხოლოდ მეორე ქუჩაზე გამახსენდა, რომ ლექციიდან რამდენიმე წუთით გამოსულს ჩანთა და ქურთუკი არ წამომიღია. "სად მივდივართ?" "მთაწმინდაზე, სიყვარული უნდა აგიხსნა", - მითხრა და თვალებში ყველა ჭინკა ერთად აუთამაშდა.

"უთანასწორო" სიყვარული


მოგვიანებით მიამბო, რომ ორი და ჰყავდა. დედ-მამა ცალ-ცალკე ცხოვრობდა. მამას უცხოეთში ბიზნესი ჰქონდა, დედასაც­ - თავისი­ საქმე. ირაკლის ჩემი სამსახურის ამბავი მაინცდამაინც არ გახარებია, თან უნდა ისწავლო, თან იმუშაო,­ იქნებ ერთად გვეპოვა რამეო. უარზე დავდექი. მოვალ შენს სამსახურში, მაინტერესებს, როგორი გარემოაო - ყველაფრის გაკონტროლებას იყო შეჩვეული. უნივერსიტეტის­ ეზოში მუდმივად გოგონების ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ მათ აშკარა თუ ფარულ იერიშს თავაზიანად ირიდებდა. ერთ-ორჯერ მეც გამკრეს კლანჭი, შენც მოჰბეზრდებიო. სულ რაღაც საქმეებზე დარბოდა, მაგრამ ჩემთვის დროს ყოველთვის პოულობდა...
ერთხელაც ვიღაც ქალმა დამირეკა, ირაკლის დედა ვარო. თავაზიანად მესაუბრა და შეხვედრა მთხოვა, გოგოებმა დავილაპარაკოთ, ირაკლის გარეშეო. გამიკვირდა.

თეთრი მანქანით მოვიდა. ძალიან ლამაზი და მოვლილი იყო, თავი მედიდურად ეჭირა. ყავის დალევაზე­ თავაზიანი უარი ვუთხარი და მანქანაში ვისაუბრეთ. მოკლედ და კონკრეტულად ამიხსნა, რომ შვილებთან დაკავშირებით "დიადი­ გეგმები" ჰქონდა და იმედს აქამდე, ანუ ჩემს გაცნობამდე, ირაკლიც არ უცრუებდა. მაღალ წრეზე ამახვილებდა ყურადღებას და ყველანაირად ცდილობდა, რომ მის შვილზე­ ყურებამდე შეყვარებულ 21 წლის გოგოს თავი უკიდურესად დამცირებულად მეგრძნო, თან გულზე ხელს იკიდებდა, პრობლემები მაქვსო.

"შესაფერისი ოჯახი, წრე, კომპლექსები",­ "რა ესმის სიყვარულის 23 წლის ბიჭს, რომელზეც გოგონები ნადირობენ", "მერე ვერ გაუგებენ ერთმანეთს, იწყება უსიამოვნება, უნგრევენ ერთმანეთს ცხოვრებას"... - +მანქანიდან გადმოსულს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმოდა ყურში ირაკლის დედის სიტყვები.

მომდევნო დღეები არც სამსახურში წავს­ულვარ, არც ინსტიტუტში. ირაკლი ჩემს სახლთან წრიალებდა. რამდენჯერმე­ შემომითვალა, თუ არ ჩამოხვალ, ოჯახის წევრებთან ერთად დაგელაპარაკებიო. შევუთვალე, რომ მისი ნახვა არ მინდოდა, თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა...

ერთ დღეს ისევ უნივერსიტეტში შევხვდით. ვინ ეკითხება დედაჩემს, ბოლოს და ბოლოს, მამაჩემთან წავიდეთ და იქ ვიცხოვროთო. ამასობაში დედამისი არ ჩერდებოდა, "კეთილისმსურველის" სახელით დეიდაჩემთანაც კი მივიდა სამსახურში... ირაკლის მეგობრები ნახევრად ხუმრობით მეუბნებოდნენ, არ გირჩევთ აფთართან საქმის დაჭერასო. ერთხელ ირაკლიმ მამამისს­ ჩემი თანდასწრებით დაურეკა. დამშვიდობებისას კაცმა სთხოვა, ნუ გააწამებინებ იმ გოგოს მაგ ურჩხულსო. რამდენიმე თეთრად გათენებული ღამის შემდეგ ირაკლის მივწერე, რომ უნდა დავშორებულიყავით...

ზარი წლების შემდეგ...


ირაკლის მეგობრებისგან ვიგებდი მის ამბებს: ცოლი მოუყვანია, მაგრამ მალევე გაშორებია და შვილი ჰყავდათ... ოჯახი ჩავარდა, ბიზნესი გაკოტრდა, ირაკლი კი ნარკოდამოკიდებული გახდა. მეგობრები ჩამოშორდნენ, ზოგი უცხოეთში წავიდა...

დრო გადიოდა, სტუდენტობის ულამაზესი წლები და ჩემი კიბეზე ნაპოვნი სიყვარული სულ უფრო შორეული ხდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც იქნა, კიდევ ერთხელ მეწვია­ მისი აღმატებულება სიყვარული და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადასასვლელად მოვემზადე...

ერთ დღეს ვიღაცამ დამირეკა. პროფესიიდან გამომდინარე, უცხო ადამიანების ზარები ჩვეულებრივი ამბავი იყო. მითხრა, რომ ჩემთან საუბარი უნდოდა. რესპონდენტი მეგონა და სამსახურთან დავიბარე. როდესაც შენობაში მამაკაცის სილუეტი შევნიშნე, მუხლები ზუსტად ისე მომეკვეთა, როგორც წლების წინ. საფეთქლები­ შევერცხლილი­ ჰქონდა და თითები გამოცდაზე გასული სტუდენტივით უკანკალებდა... ყველაფერზე ვილაპარაკეთ, ჩვენ გარდა. საუბრის დროს რამდენჯერმე გაიღიმა და ლოყებზე ნაჩხვლეტები ისევ დავინახე. მითხრა, რომ წლების განმავლობაში ნარკომომხმარებელი იყო და რეაბილიტაციის კურსი გერმანიაში გაიარა. ყველა მოგონება, ტკივილი, სიხარული და ემოცია ერთად წამოიშალა. დამშვიდობებისას წამით შეყოვნდა, ჩამქრალ თვალებში სხივი ჩაუდგა და მითხრა, მაშინ არ მენდე, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, რომ მხოლოდ ერთხელ შემიყვარდა ცხოვრებაში და ეს შენ იყავიო... შემდეგ რამდენჯერმე დაკეცილი ქაღალდი ხელში უხერხულად შემომაჩეჩა და ჩაილაპარაკა, აქ შენთვის წლობით ნაგროვები სათქმელი წერიაო და სწრაფად წავიდა.

ნინო აფხაზავა
ruska
29 მაისი 2019 17:40
ბედს უნდა მინდობოდი და შენ თვითონ არ უნდა დაშორებოდი, რადგან გიყვარდა. ბოლობოლო ცალკე იცხოვრებდით.
ლა
19 მაისი 2019 12:26
არასოდეს მომდომებია მსგავს ისტორიებზე კომენტარის დატოვება აქამდე. ამხელა სიყვარული თან ასეთი უანგარო არ უნდა დაკარგო ადამიანმა. ასეთ სიყვარულს და თან ასე ლამზად მოსულს გაფრთხილება სჭირდება. ბედია ალბათ თორემ სადაც გაბედეთ ვიღაც მუტრუკისთვის ჭკუა გესწავლებინათ ვერ ვხვდები დედამისმა როგორ დაგიმორჩილათ.
ნნნ
04 მაისი 2019 10:12
არ უნდა მიგექციათ დედამისსთვის ყურადღება და სიყვარულისთვი უნდა გებრძოლა დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი სიყვარულის წერილებს თუ რა გრძნობა ქა ქონდა შენს მიმართ თუ სურვილი გაქვს გამოაქვეყნეთ

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?