"ჩემი ძმა და მამაჩემი არ იყვნენ სახლში, მარტო ვიყავი, კარი გაიღო და ჯარისკაცი შემოვიდა იარაღით ხელში, რაღაც მითხრა რუსულად..." - კვირის პალიტრა

"ჩემი ძმა და მამაჩემი არ იყვნენ სახლში, მარტო ვიყავი, კარი გაიღო და ჯარისკაცი შემოვიდა იარაღით ხელში, რაღაც მითხრა რუსულად..."

გამოქვეყნებულია 2019-04-16

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 26 წლის თამარ ბერიანიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თამარ ბერიანიძე, 26 წლის, ახალგორი

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. კერამიკოსი

ერთია როდესაც იღებ გადაწყვეტილებას და შენი ნებით ტოვებ შენ სახლს და არის მეორე მომენტი, ჩვენი მომენტი...

16 წლის ვიყავი, როდესაც ომი მოხდა და ახალგორი დავტოვეთ. იქამდეც, ერთი წლით ადრე, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში - დედაჩემი საზღვარგარეთ წავიდა და დედის გარეშე ცხოვრებას ვეგუებოდი. ბავშვობის მნიშვნელოვანი პერიოდი იქ მაქვს გატარებული და მიმაჩნია, რომ იმ გარემოებამ მნიშვნელოვანი გაავლენა იქონია ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, წარმოსახვაზე და ცხოვრებისეულ დამოკიდებულებებზე.

ომიდან დაახლოებით ერთი წელი, უმეტესად მაინც ახალგორში ვცხოვრობდი. მანამ სანამ ახალგორში მიმოსვლას გაამკაცრებდნენ. ომის შემდეგ ქუჩები დაცარიელდა და თითქოს დრო შეჩერდა. იქ მყოფნი არსებულ სიტუაციას არ იმჩნევდნენ, ხშირად ჩნდებოდა კითხვა - რა შეიცვალა? ყველაფერი ისეა, როგორც უწინ. ამ დროს, შენს თავს ეკითხები რისი გეშინა? - არაფერია საშიში.

ჩვენი სახლი რაიონიდან განაპირა მხარეს იყო, ომამდეც არავინ ცხოვრობდა გარშემო, ომის შემდეგ ხომ საერთოდ დაცარიელდა. მახსოვს ომის შემდგომი პერიოდი, ჩემი ძმა და მამაჩემი არ იყვნენ სახლში, მარტო ვიყავი, კარი გაიღო და ჯარისკაცი შემოვიდა იარაღით ხელში, რაღაც მითხრა რუსულად. რა თქმა უნდა, არ მახსოვს რა, დაიარა ყველა ოთახი, საძინებელი, სამზარეულო, დერეფანი და მე ასე, უბრალოდ, ხმაამოუღებლად ვუყურებდი. როგორც მერე გავიგე, გაქცეულ ჯარისკაცს ეძებდნენ. იმდროინდელი ჩვეულების ნაწილი იყო დათვლა თუ რამდენჯერ გადაიფრენდა სამხედრო ვერტმფრენი ან რამდენი ბეტეერი გაივლიდა გზაზე დღის განმავლობაში.

გაზაფხულზე ჩამოვედით წეროვანის დასახლებაში. მახსოვს ეს ატალახებული და სწორი გზა, რომელიც არადა არ მთავრდებოდა და სულ იმის შეგრძნება გქონდა, რომ ერთ ადგილას იდექი, ყველაფერი ერთნაირი იყო. ნელნელა გავიაზრე, რომ ცვლილებები ხდებოდა და არც მე ვიყავი გამონაკლისი.

თავდაპირველად დასახლების ერთფეროვნება ძალიან წააგავდა საბჭოთა წყობას. სიმეტრია, ერთფეროვნება, ჭურჭელიც კი ერთიდაიგივე იყო - ყველაფერი თვლით. ყველაფერი დანომრილი იყო ბევრი სხვადასხვა ნომრით.

ახალგორში მაინც ხშირად მივდიოდი. ერთხელ, ძალიან მენატრებოდა იქაურობა, ჩავედი და უცებ კითხვა გაჩნდა - იყო თუ არა ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი. 16 წელი იქ ვიცხოვრე, ყველაფერი მახსოვს: ქუჩები, სახლები, ფარდები, ყველა კარი და ჭიშკარი, რომელიც ქუჩაში მხვდებოდა, მაგრამ აღარ იყო ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობდა, სრულიად სხვა ხალხს შეხვდებოდით, არამარტო ოსებსა და რუსებს, არამედ დაქირავებულ სამხედროებს, რომლებიც იარაღითა და ბეტეერებით მოძრაობდნენ. ამ დროს ისევ გეფიქრება, რომ არაფერი ხდება, საფრთხე არ არის. მივხვდი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ის 16 წელი, რომელიც იქ გავატარე და დავფიქრდი, იყო თუ არა ის ჩემი ცხოვრების ნაწილი და ვიყავი თუ არა მე მისი ნაწილი. გაუცხოების მომენტი მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა ჩასვლა და ძალიან მენატრებოდა, გამიჭირდა იქ დარჩენა.

შემდეგ თითქოს ჩავიკეტე, ყველა მოგონება და ახალგორზე ფიქრიც ავუკრძალე ჩემს თავს. როგორც ყველგან, ჩემთანაც გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო მომავალი. აღსანიშნავია ის რომ, დასახლებაში თუ ვინმე თავის გეგმას სახავდა მუდმივად ახალგორს უკავშირებდა, ახალი შენაძენიც დროებით „გამოკეტილი“ სახლისთვის იყო განკუთვნილი. თითოეული მიზანი იქაურობას უკავშირდებოდა. ჩემთვის როგორც მოზარდისათვის სამაგალითო იყო ამ ხალხის ბრძოლა, შეექნმათ დაკარგული ცხოვრება ხელახლა. ვთვლი, რომ ძლიერი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. რთულია არ მიბაძო და არ გადაგედოს ეს მუხტი, ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის.

კომპაქტურობის მიუხედავად კომუნიკაცია დღემდე პრობლემურია დასახლებაში. გამიმართლა რომ, ჩემი პირველი სამსახური დასახლებაში იყო. ეს იყო შანსი, ერთის მხრივ, მეპოვნა ჩემი საქმე და ამასთანავე საინტერესო გარემოცვა კომუნიკაციისათვის, რომელიც ყველას აკლდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმო, ერთის მხრივ საინტერესო იყო ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, მეორე მხივ კი, როგორც ორგანიზაციის საქმიანობის კუთხით. დასახლებაში არსებული პრობლემების აღმოჩენა და მოგვარება ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში. ვთვლი, რომ ეს სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში, რის შემდეგაც ვიპოვე საქმე, რომლითაც შევძელი ჩემი ფიქრების გადმოცემა. აკადემიაში სწავლების დასასრულს შევქმენი სადიპლომო ნამუშევარი, რომელიც წარმოადგენს ერთიდაიგივე ზომის 25 ცალ თეთრ კუბს, სადაც მოთავსებულია თიხის სახლები. ექსპოზიციას კი თან ერთვის ფოტომასალა, სატელიტიდან გადაღებული ფოტოები წეროვანის დევნილთა დასახლება ომამდე და მის შემდგომ. ასეევე ის ქართული სოფლები, რომლებიც არსებობდა და დღეს უკვე გამქრალია.

ეს არის უხალხო სახლებისა და უსახლო ადამიანების ამბავი.

ნამუშევრის იდეა დაიბადა დევნილთა დასახლებაზე დაკვირვებისას და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ომგამოვლილი მოსახლეობის შეცვლილი დამოკიდებულება სახლის მიმართ,ასევე იძულებით გადაადგილების სირთულეები.

კერამიკამ, რომელიც ჩემი ძირითადი საქმიანობაა, შესაძლებლობა მომცა გადმომეცა დაგროვილი ემოციები და განვთავისუფლებულიყავი.

ახლა ვმუშაობ ახალ პროექტზე, რომელიც ისევ უკავშირდება ჩემს დასახლებას და მასში მცხოვრებ ხალხს. თიხის 2002 ცალი ფილა, რომლსაც ერთ მხარეს დატანილი ექნება წეროვანის მისამართი, ხოლო მეორე მხარეს ის მისამართი, რომლზეც ცხოვრობდნენ ესა თუ ის ოჯახი ომამდე. მჯერა, რომ ეს გაამარტივებს დასახლებაში კომუნიკაციას. ხოლო, მეორეს მხრივ, ეს იქნება მომერიალი იმ მისამართების, რომლებიც დავტოვეთ იძულებით და რომლებზე ფიქრისას მუდმივად გვიჩნდება კითხვა-იყო თუ არა ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი ჩვენ კი მათი?!“

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან