სიცოცხლის ფასი - კვირის პალიტრა

სიცოცხლის ფასი

ეს წერილი ჩემმა დღევანდელმა მდგომარეობამ დამაწერინა. მინდა სახალხოდ ვთქვა, რაც გულში მაქვს და ყველას გავუზიარო ჩემი აზრი... ჩემი დღეები დათვლილია, უკურნებელი სენი შემხვდა. ექიმებმა მხოლოდ სიცოცხლის ოდნავ გახანგრძლივება შეძლეს. მათი დახმარებით 3 წელზე მეტია ამ ფერად ქვეყანას შევცქერი, ვტკბები შვილებისა და შვილიშვილების ყურებით, მაგრამ ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ მალე ყველასა და ყველაფერს უნდა დავემშვიდობო.

55 წლის კაცი ვარ. ჩემი ადგილი დავიმკვიდრე საზოგადოებაში. არ მაკლდა არც ფული, არც პატივისცემა...

მამა რომ გარდამეცვალა, 13 წლის ვიყავი, ჩემი და-ძმა უფრო პატარები. დედა თვალებს ითხრიდა, ღამეც კერავდა, რომ კლიენტი არ მოჰკლებოდა. უფროსი შვილი ვიყავი და ჩემს თავზე ავიღე ოჯახზე ზრუნვა. სკოლაში დავდიოდი, საღამოს კი რკინიგზის სადგურზე მტვირთავად ვმუშაობდი. იქ ერთ კაცს მოვეწონე, - მშრომელი და მონდომებული ბიჭი ხარ, წამოდი ჩემთან და კაცად გაგხდიო. საწარმოში მუშაობა დამაწყებინა. იმ კაცს ვუმადლი, რომ ცხოვრებაში გზა გავიკვალე.

მან დაუსწრებლად პოლიტექნიკური დამამთავრებინა და მალე მუშიდან ნელ-ნელა დავწინაურდი. 80-იან წლებში თავი დავანებე საწარმოს და ჩემი მფარველის შვილთან ერთად ბიზნესი წამოვიწყე. ძალიან დიდი ფული ვიშოვე. ხარბი არასდროს ვყოფილვარ, არც ვინმესთვის ხელის გამართვა დამზარებია. სულ თვალწინ მედგა ის კაცი, ვინც გზაზე დამაყენა. ცოლიც სიყვარულით შევირთე.

შვილებიც კარგი მყავს, შვილიშვილებიც. როცა ვიფიქრე, რა ბედნიერი ვარ-მეთქი, სწორედ მაშინ შევიტყვე ჩემი ავადმყოფობის შესახებ. ადრე, საქმეში ჩაფლული, ვერ ვაცნობიერებდი, რა ბედნიერებაა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ახლა მივხვდი... მაინც ბედნიერი კაცი ვარ. ბევრი რამ შევძელი, რასაც ვნატრობდი, ყველაფერი ავისრულე... ყველაზე მთავარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოფილა. ჩემო ქართველებო, დიდხანს იცოცხლეთ და დატკბით სიყვარულით.

უცნობი ქართველი