"პატიება მინდა ვთხოვო..." - კვირის პალიტრა

"პატიება მინდა ვთხოვო..."

ჩემთვის ამ წერილის გამოქვეყნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალიან განვიცდი ახლობელი ადამიანის დაკარგვას; დიდი იმედი მაქვს, ამ ამბის გამომზეურებით უკეთესისკენ შეიცვლება ყველაფერი.

მე და ზურამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ის მესამე კურსზე იყო და როგორც მერე მითხრა, დამინახა თუ არა, მოვეწონე. კარგა ხანს წერილებს მეგობრის ხელით მიგზავნიდა. ისეთ ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდა, აღფრთოვანებული ვიყავი. მალევე მივხვდი, რომ მეც მიყვარდა. რომანტიკულები ვიყავით - გვიყვარდა მზის ჩასვლის ყურება და ოცნება. ზურა ჩემს ოჯახშიც ხშირად დადიოდა. მამაჩემს თვალში დიდად არ მოსდიოდა, ერთი-ორჯერ სერიოზულად მეჩხუბა - არ არის ეგ ბიჭი შენი შესაფერისი, არ მომწონს და უნდა დაშორდეო.

ერთხელ, უცნობმა დამირეკა - ზურა გატყუებს, ახლა თავის ახალ შეყვარებულთან ერთადააო. ისე გავნერვიულდი, რომ ფერი დავკარგე. მამამ მიზეზი მკითხა. მეც, ცხელ გულზე, ყველაფერი დავფქვი. არადა იმ საღამოსვე გაირკვა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო და ამაში მოშურნის ხელი ერია. მამაჩემს არაფრის გაგონება აღარ უნდოდა... გასაკვირი ის იყო, რომ მეორე დღიდან ზურა დავკარგე. აშკარად პირს მარიდებდა, არ მენახვებოდა. როგორც იქნა, დავიმარტოხელე და ვკითხე, რა გჭირს-მეთქი...

თურმე მამაჩემს მკაცრად გაუფრთხილებია, - ნატას არ გაეკარო, თორემ მწარედ განანებო. გავბრაზდი, - შენ რომ ნამდვილად გიყვარდე, ასე იოლად არ დამთმობდი-მეთქი. ზურა წავიდა... რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ზურას ცუდად მოვექეცი, უკადრებელი ვაკადრე. მართალია, მამაჩემს ისევ ვერ უხსენებ ზურას სახელს, მაგრამ უმისობა რომ მიჭირს... პატიებას ვთხოვ... მის გვერდით მინდა ვიყო სიკვდილამდე. რომ მთხოვოს, ქვეყნის დასალიერშიც გავყვები და მჯერა, ერთად ბედნიერები ვიქნებით.

ნატა, 21 წლის