პირადი მცველი და სტრიპტიზის მოცეკვავე - კვირის პალიტრა

პირადი მცველი და სტრიპტიზის მოცეკვავე

ყველაფერი იმ დღიდან დაიწყო, როცა მოსწავლეთა სასახლის (მაშინ პიონერთა ერქვა) ერთ დიდ დარბაზში, პატარა გოგონები და ბიჭები ქორეოგრაფმა ჩაამწკრივა და უთხრა, - დღეიდან თქვენ ეზიარებით დიდ ხელოვნებას, რომელშიც ქართული სულია ჩაქსოვილიო.

სხვისა რა გითხრათ და დათოს ცხოვრებაში მართლაც იმ დღიდან რაღაც ახალი დაიწყო, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვა და ვერაფრით დაივიწყა...

ბიჭმა მაშინვე თვალი დაადგა ლამაზ გოგონას, რომელიც თვალცრემლიანი მისჩერებოდა კარს, რომლის მიღმაც დედა ელოდებოდა. დათომ გადაწყვიტა, თამუნასთვის ეპატრონა. მივიდა და დიდი კაცივით უთხრა, - თუ ვინმემ გაწყენინა, მე მითხარიო... და მას შემდეგ ისე მფარველობდა, როგორც პირადი მცველი.

ასეც შეარქვეს... "სადაა თამოს მცველი?" "არ მოსულა დაცვა?" - კითხულობდა დიდი თუ პატარა. უფროსებს ეღიმებოდათ პატარა გოგო-ბიჭის სიყვარულზე, უმცროსებს კი სჯეროდათ, რომ წყვილის ურთიერთობა "ჰეფი ენდით" დასრულდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა...

რამდენიმე წლის შემდეგ თამუნამ სახელმწიფო ანსამბლში გააგრძელა ცეკვა, დათომ კი სამშენებლო ფაკულტეტზე ჩააბარა. ანსამბლში  ერთ მოცეკვავე ბიჭს თამო მოეწონა, მაგრამ იცოდა, რომ გოგონას სხვა უყვარდა და ნებით მისი არასოდეს გახდებოდა. ამიტომ ისღა დარჩენოდა, თამუნა მოეტაცა. ასეც მოხდა. დათომ ყოველივე რომ შეიტყო, სცადა თამუნას დაჰკავშირებოდა. მერე მეგობარმა ამბავი მიუტანა, - თამომ შემოგითვალა, განა შეხვედრას რამე აზრი აქვს, ჩვენ შორის უკვე ყველაფერი დამთარდა. მე ისღა დამრჩენია, რომ ჩემს მდგომარეობას შევეგუოო.

გავიდა დრო. დათოც დაოჯახდა, ორი ვაჟი შეეძინა, მაგრამ ის თვალცრემლიანი გოგონა ვერაფრით დაივიწყა. მერე გაიგო, რომ თამუნა ქმარს გაშორდა, მაგრამ აღარ მოუძებნია. რაღა აზრი ჰქონდა წარსულში დაბრუნებას.

დათომ სამშენებლო ფირმა შექმნა, მოგვიანებით თურქების სამშენებლო კომპანიასთან დადო კონტრაქტი და საქმეც ერთად წამოიწყეს. ამიტომ ხშირად უწევდა სტამბოლში ჩასვლა.

იმ დღეს, კომპანიონებთან ბევრი რამ ჰქონდათ განსახილველი, ამიტომ ოფისში გვიანობამდე შემორჩა, ქუჩაში გამოსულს ესიამოვნა გრილი ჰაერი. თითქმის გამოცოცხლდა. იქვე განათებულმა აბრამ მიიქცია მისი ყურადღება და არც დაფიქრებულა, ისე შევიდა რესტორანში. ის იყო ცარიელ მაგიდას მიუჯდა, რომ სცენაზე მოცეკვავე ქალებში თითქოს ნაცნობ თვალებს წააწყდა. ქალს ლურჯი კაბა ეცვა, რომელიც ოდნავ უფარავდა მკერდსა და თეძოებს. გაშტერებული მისჩერებოდა. "ეს ხომ ჩემი თამოა", - გაუელვა უცებ.

KvirisPalitra.Geგვერდით მაგიდასთან მჯდომი ლოყებღაჟღაჟა კაცის სიტყვებს მოჰკრა ყური, ქალს რომ ჩასჩურჩულა, -  ეს ლამაზი ხანუმი ქართველიაო. დათოს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა რომ მოცეკვავე ქალი მისი თამუნა იყო. კაცს ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა წარმოდგენა, რადგან მხოლოდ გათენებისას დართეს ნება რესტორნის "ბოსებმა" ქალებს შეხვედროდა.

ცარიელ დარბაზში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. თამუნას მიტკალივით ფერი დასდებოდა და ენაჩავარდნილი მისჩერებოდა კაცს. ბოლოს, სიჩუმე დათომ დაარღვია: - თამო, როგორ ხარ, აქ როგორ მოხვდიო...

და ქალმაც დაწვრილებით უამბო თავისი ამბავი. თურმე მის ქმარს კაზინოში სიარული დაუწყია და დიდძალი ფული წაუგია. ვალის გადასახდელად ოჯახი იძულებული გამხდარა, ბინა გაეყიდა, მაგრამ მათი უბედურება ამით არ დამთავრებულა. ქმარს ისევ დაუწყია კაზინოში სიარული და ისევ წაუგია. ქალსაც სხვა გზა აღარ დარჩა და ქმარს გაეყარა. ქმარყოფილი რამდენჯერმე მიუვარდა სკოლაში, დირექტორთან "დაასმინა", ანგარებიანი ქალია, მატერიალურად გამიჭირდა და ხელი მკრა, თან ბავშვს არ მაჩვენებსო. შეურაცხყოფილი თამუნა იძულებული გახადა, სამსახურიდან წასულიყო.

ძალიან რომ გაუჭირდა. ნაცნობმა ურჩია, - სტამბოლში წამოდი, იქ ერთ ბიზნესმენს დაგაკავშირებ, მოცეკვავეებს კარგად უხდის, ქმრისგანაც შორს იქნები და სულსაც მოითქვამო... და თამუნაც დათანხმდა. სამი წელია, რაც თურქეთშია, ფულსაც ყოველთვიურად უგზავნის მშობლებს და თავის გოგონას.

კონტრაქტი შვიდ თვეში მიმთავრდება და დავბრუნდები თბილისშიო, - დაასრულა თხრობა თამუნამ.

დათომ თურქი პარტნიორის დახმარებით შეძლო რესტორნის მეპატრონესთან შეთანხმება, გადაუხადა “პირგასამტეხლო და თამუნა თბილისში წამოიყვანა...

არა, ნუ იფიქრებთ, რომ თამუნა და დათო ერთად არიან. დათოს თავისი ოჯახი ძალიან უყვარს და წუთითაც არ უფიქრია მისი დანგრევა. მათ შეძლეს იმ დიდი და ლამაზი სიყვარულისთვის "ხარკი" გადაეხადათ, რასაც ამჯერად უანგარო მეგობრობა ჰქვია.

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავალი - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი. გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. წერილები შეგიძლიათ  გამოგვიგზავნოთ, როგორც საიტზე, ასევე "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობითაც.