"ჩემი შეყვარებულის დედა ყველანაირად ცდილობდა, მის შვილზე­ შეყვარებულ გოგოს თავი უკიდურესად დამცირებულად მეგრძნო" - კვირის პალიტრა

"ჩემი შეყვარებულის დედა ყველანაირად ცდილობდა, მის შვილზე­ შეყვარებულ გოგოს თავი უკიდურესად დამცირებულად მეგრძნო"

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო - ერთი ჩვეულებრივი სტუდენტური "ლავ-სთორი" და სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელ გოგო-ბიჭს შორის ჩასახულმა დიდმა გრძნობამ მათ შორის ზღვარი წაშალა, თუმცა უფროსების ჩარევამ ყველაფერი სხვა მიმართულებით წაიყვანა... 34 წლის ელენე "კვირის პალიტრას" თავისი სიყვარულის ისტორიას უყვება...

- "ბნელი და ტკბილი" 90-იანების მიწურული იყო. მეგობარ გოგონებთან ერთად უნივერსიტეტის კიბეზე ავდიოდით, როდესაც რამდენიმე ბიჭი ისეთი ბრაგაბრუგით დაეშვა, რომ ერთ-ერთმა ჩემი მეგობარი გადათელა, თუმცა კიბეზე საცოდავად დახეთქებული გოგონა თითქოს

არც შეუმჩნევია. არ ვიცი, რა ძალამ მიბიძგა, მაგრამ ქურთუკისთვის ხელის წავლება მოვასწარი. ისეთი ინერციით ჩარბოდა კიბეზე, ლამის თან გამიყოლა, მაგრამ მოაჯირს ძლიერად მოვეჭიდე. "გოგო წააქციე და ბოდიში მაინც რომ მოუხადო, არ შეიძლება?!" - მივახალე და ჩემი მშვიდი ბუნების მიუხედავად, ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლი სახეში. "რაო? შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, ზრდილობას რომ მასწავლი?" - არ თმობდა თავხედი და ჩემგან გათავისუფლებას ცდილობდა. მისი გახშირებული სუნთქვა სახეში მცემდა, ერთი ძლიერად რომ გაექნია მხარი, მეც იმ გოგოს მიმაყოლებდა, მაგრამ ამის გაკეთება არც უფიქრია... "ბოდიში მოუხადე!" - გავუმეორე მკაცრად. "მოუბოდიშე, ბიჭო, და წავედით", - უთხრა რამდენიმე მეგობარმა, მაგრამ ის იხტიბარს არ იტეხდა. "რა ბოდიში, გოგო, ხელი გამიშვი-მეთქი", - ისევ გაიქაჩა და უწმაწური სიტყვა მოაყოლა. ტკაც! - გაისმა უცებ... ეს ჩემი მარცხენა ხელი "გაიშალა" მის წვერიან ლოყაზე. მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია... იქვე მყოფი რამდენიმე ბიჭი გამოგვესარჩლა. მათ გასაშველებლად მე და ჩემი მეგობარი გოგონები შუაში ჩავდექით. მერე ჩვენი ჯგუფელი ბიჭებიც შემოგვიერთდნენ და ატყდა ამბავი... ერთი შავთმიანი ბიჭი ისე ვეფხვივით ჩხუბობდა, ჩემი საყვარელი ჭაობისფერი პიჯაკის სახელო ხელში შერჩა... ბოლოს კორპუსის ადმინისტრაციამ დაგვშალა, თავხედი ბიჭი და მისი მეგობრები კი გაიქცნენ. გაშველებაში გოგონებიც არ დაგვზოგეს, გვარიანად მოგვხვდა...

"ეს გამოგადგება?" - მკითხა შავთმიანმა და ჩემი პიჯაკის სახელო ამიფრიალა. ორივეს გაგვეცინა. ლოყები ეჩხვლიტებოდა, მონაცრისფრო-ლურჯი თვალები და ისეთი შავი თმა ჰქონდა, სილურჯე გადაჰკრავდა. მერე გადაყვლეფილი ხელები შემითვალიერა, აბა, რა გეგონა, ავაზასავით რომ ეტაკე იმხელა მუტრუკსო. ბიჭს წარბი გახეთქილი ჰქონდა... "ხვალ გაგრძელება იქნება?" - ვკითხე მას და ჩემს მეგობარ ბიჭებს შეშინებულმა გავხედე... იმ შავბნელ წლებში ხომ ჩხუბი, გარჩევები, კრიმინალების ჩარევა ჩვეულებრივი რამ იყო. "არაფერიც არ იქნება", - დამამშვიდა ღიმილით. ირაკლი მქვიაო, მითხრა და ისეთი თვალებით შემომხედა, ვიგრძენი, როგორ ერთდროულად წამოიშალა ჩემს მუცელში აქამდე მიყუჩებული ყველა ფერადი პეპელა...

გაცდენილი ლექციების გემო

"დაიძრა ჩვენკენ შენი ლურჯთვალება რაინდი", - მანიშნა მეგობარმა. "რაინდისთვის" გამოყოლებული გოგონების ანთებული თვალები არ გამომრჩენია. "აბა, მეორე ცვლა ვარო?" - ვკითხე ნიშნის მოგებით... დილას ვარჯიში მქონდა და ბარემ წამოვედი, სახლში წასვლა დამეზარა. რამდენი ლექცია დაგრჩა?" - მკითხა ეშმაკური ღიმილით. "კი არ დამრჩა, ერთი ჩამიტარდა მხოლოდ, კიდევ ოთხი მაქვს", - ვცადე სერიოზულად მეპასუხა. "ბოლო ორს ვინც გიტარებთ, იმ ქალს არ სცალია, აქციებზე დადის პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად. ასე რომ, ერთი საათის მერე ყავის დალევას შევძლებთ", - მიუბრუნდა ჩემს მეგობარ გოგონებს. ერთი საათის შემდეგ კაფეში ვისხედით...

ასე დაიწყო ყველაფერი. მეც გაუბედავად მივყვებოდი ახალი ურთიერთობის თავბრუდამხვევ ეტაპებს. მთელი ჯგუფი ხურდას ვაგროვებდით, გზის ფულსაც კი არ ვიტოვებდით (მეტროში ტალონებით ჩასვლის ჩვენეული მეთოდი გვქონდა), რომ ცხელი ღვეზელები და ცივი ლიმონათი გვეყიდა და უფანჯრებო აუდიტორიაში მოგვეყარა თავი... "რამხელა ლუკმებით ჭამ, მოგდევს ვინმე?" "იმას ბოლოს მიაწოდეთ ლიმონათი, იმხელა პირი აქვს, ბოთლიანად გადაყლაპავს", - ვიცინოდით და სახლში წასვლა არ გვინდოდა. ირაკლი ჩვენს გარემოცვაში დიდ დროს ატარებდა. "კამპანია შეიცვალე?", "ასეთი მოსაწყენი რატომ გახდი?", "მანქანით რატომ აღარ დადიხარ?" - ეკითხებოდნენ ირონიული ღიმილით უნივერსიტეტის ლამაზმანები... ჩვენგან განსხვავებით, ფული ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ამის დემონსტრირებას არასდროს ახდენდა. მის მეგობრებსაც დავუახლოვდით. "შატალოზე" ერთად დავდიოდით, ზოოპარკის ყველა "შავი შესასვლელი" ვიცოდით. ძალიან მეგობრული იყო, მაგრამ ყველა ანგარიშს უწევდა. სულ რაღაც საქმეებს აგვარებდა. როდესაც მამა უცხოეთიდან ურეკავდა, ეს 22 წლის ბიჭი 40 წლის კაცივით დინჯი, საქმიანი და თავდაჯერებული ხდებოდა... გულის სიღრმეში მისი მშურდა და მეც გამწარებული ვეძებდი სამსახურს. როგორც იქნა, ერთ-ერთ კომპანიაში სტაჟიორად ამიყვანეს და რამდენიმე დღე ლექციებზე ვერ წავედი. გაგრძელება