რუსეთი ოკუპანტია !
"ბავშვი ჩვენ ვიპოვეთ, თუმცა ასე მარტივად, მიხვიდე და გამოგლიჯო, ასე არ ხდება" - რა ისტორიებს იხსენებს სოციალური მუშაკი
30-04-2019
"ბავშვი ჩვენ ვიპოვეთ, თუმცა ასე მარტივად, მიხვიდე და გამოგლიჯო, ასე არ ხდება" - რა ისტორიებს იხსენებს სოციალური მუშაკი
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 40 წლის ირინა წერეთელის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ირინა წერეთელი, 40 წლის, თბილისი

19 წლისა, როდესაც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, ზაფხულის პერიოდში კეთილი საქმის გაკეთება მინდოდა და ცოტა ხნით ძეგვის მონასტერში არსებულ ბავშვთა სახლში წავედი. მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი და უბრალოდ დავინტერესდი, რა ხდებოდა იქ. მაგრამ ეს ცოტა ხანი გამიგრძელდა და ორწელიწადნახევარი ვიცხოვრე იქ, ვიყავი მასწავლებელი და თან სტუდენტი, იქიდან მიწევდა ლექციებზე ჩამოსვლა. მაშინ ჯერ კიდევ
ბავშვთა სახლი ერქვა, მერე გადაიქცა თავშესაფრად იმიტომ, რომ საქართველოში ეს ტერმინი - "ბავშვთა სახლი" აღარ არსებობს. ამის მერე, სამი წელი ათენის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და როდესაც საქართველში დავბრუნდი, გავიარე გადამზადება იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი, ამ სფეროში ვიპოვე საკუთარი თავი.
19 წლის ვიყავი პირველად ძეგვში რომ
მივედი, ახლა ვარ 40 წლის და რომ მკითხოთ, რისი კეთება ვიცი, ამაზე მეტი არაფერი ვიცი. მე ვიცი ამ ბავშვების ენა, ამ ბავშვებთან მუშაობას სჭირდება სპეციფიკური ენა, ეს ყველას არ შეუძლია, თუმცა ეს გამოცდილება პრაქტიკასაც მოაქვს, რა თქმა უნდა. ბავშვთა სახლში როდესც ვმუშაობდი და ვცხოვრობდი, მაშინ იყო რაღაცა ბუმი ამ ძეგვის ბავშთა სახლთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა, ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობდა, მაგრამ ზოგს იღებდნენ ბავშვები და ზოგს - ვერა. ვიღაცა მოდიოდა, რჩებოდა და რჩებოდა და დღემდე ძალიან ბევრი დარჩა, ვიღაცას - "აგდებდნენ." ბავშვი ყოველთვის ხვდება, ვინ დაიტოვოს და ვინ - არა, მათზე ჭკვიანი არავინაა. მოკლედ, "მოვიწამლე" ამ ამბით, ვიპოვე იქ ჩემი თავი და ვფიქრობ, რომ ახლა რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებდე, იგივე გზას გავივლიდი.

ამჟამად ვარ სახელმწიფო სოციალური მუშაკი, კონკრეტულად კი, მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროში და ასევე, ფუნქციონირებს საქველმოქმედო ფონდების დახმარებით. ჩემი საოფისე სივრცე არის საქართველოს "კარიტასის" შენობაში. მე ვარ საჯარო მოხელე, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი.

ეს სივრცე განკუთვნილია სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე აქ ცხოვრობენ - მე მათი კანონიერი წარმომადგენელი ვარ. წესი შემდეგნაირია - როდესაც ბავშვი მოხვდება სახელმწიფო სერვისში, მშობელს წარმომადგენლობითი უფლება დროებით უჩერდება და იმისთვის, რომ ბავშვის უფლება არ დაირღვეს - იქნება ეს სკოლაში ან საბავშვო ბაღში მიყვანა, ოპერაცია ექნება გასაკეთებელი სამედიცინო დაწესებულებაში და ა.შ. ამიტომ ვარსებობთ ჩვენ, სახელმწიფო სოციალური მუშაკები. იმისთვის, რომ ბავშვს არ შეეშალოს განვითარებაში თუ განათლების მიღებაში ხელი. გარდა იმისა, რომ ამ სივრცეში რვა ბავშვი მუდმივად ცხოვრობს ასევე, არის დღის ცენტრი, სადაც ამ ეტაპზე დაახლოებით 30 ბავშვი ირიცხება.

გამომდინარე იქიდან, რომ ქუჩაში ვხედავთ უამრავ ბავშვს - ზოგი მუშაობს, ზოგი მოწყალებას ითხოვს, ზოგი მშობელთან ან ზედამხედველთან ერთად მთელ დღეს ქუჩაში ატარებს - სწორედ ამის პრევენციისა და ბავშვების რეაბილიტაციის მიზნით, რომ ბავშვი არ იყოს ქუჩაში და მოხდეს მისი რეაბილიტაცია და საოჯახო ტიპის სახლში გადაყვანა - მოგვყავს ჯერჯერობით აქ. მარტივი მაგალითის სახით რომ მოგიყვეთ, მობილური ჯგუფი შედგება 5 წევრისგან. ჩემ გარდა, ჯგუფში არის ფსიქოლოგი, თანასწორ-განმანათლებელი და მძღოლი. თანასწორ-განმანათლებელი არის ძალიან საინტერესო პოზიცია - ამ ადამიანს აქვს გავლილი იგივე გზა, რაც იმ ბავშვებს, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ. ხშირად, ისინი ასაკით პატარები არიან, რა თქმა უნდა, არიან სრულწლოვნებიც - 18-20 წლის. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო პატარაა ასაკით თანასწორ-განმანათლებელი, ის უფრო მარტივად შედის ბენეფიციართან კონტაქტში.

ველზე მუშაობისას გვაქვს კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. მაგალითს გეტყვით, რომ უფრო ნათელი გახდეს ჩვენი სამუშაოს სპეციფიკა - 4 წლის წინ მობილური ჯგუფი ამყარებდა კონტაქტს ერთ ბავშვთან, რომელიც კარდონებზე იზრდებოდა. მიუხედავად ამ თავისი ჯაფისა და ცხოვრებისა, მაშინ ის 7-8 წლის იყო, როცა არ უნდა გაგეღვიძებინათ, სულ ეძინა იმიტომ, რომ მოთენთილი იყო, ღამე არ ეძინა სავარაუდოდ, სულ იღიმოდა, არასდროს ჰქონია აგრესია. ჩვენ ამ პატარა ბიჭის ნდობის მოპოვება მოვახერხეთ. ეს, რა თქმა უნდა, მაშინვე არ ხდება, თავიდან შიში აქვთ, ან ნათესავები აშინებენ, რომ ჩვენთან არ ჰქონდეთ კონტაქტი, იციან მერე სადაც მოგვყავს, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე, მობილურმა ჯგუფმა ეს ბავშვი ამ სივრცეში შემოიყვანა.

როდესაც ის პირველად მოვიყვანეთ ჩვენთან და ჩაი დაუსხეს, კოვზის მაგივრად თითით მოურია შაქარს, არ იცოდა კოვზი რა იყო, წვნიანი როდესაც დაუსხეს - პეშვით შეჭამა. დღესდღეობით შედეგი გვაქვს ძალიან დიდი - ეს ბავშვი არის არაჩვეულებრივ მიმღებ ოჯახში თავის ძმასთან ერთად. ძმამაც იგივე გზა გაიარა და მისი ოცნება იყო, რომ პატარა ძმაც აქ მოეყვანათ. ეს ცოტა დაუჯერებლი იყო, რადგან ის ნათესავებს იმდენად ჰყავდათ დამუშავებული, რომ ჩვენთან კონტაქტზე არ უნდა გამოსულიყო, არც მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მოვახერხეთ. სასწაულები მართლა ხდება. ისინი ისეთ ოჯახში აღმოჩნდნენ, რომ ჩემი შვილები ისე არ იკვებებიან, ისეთი ნატურალეური საკვებით, იმხელა სიყვარული და სითბო აქვთ, რომ ის ტანჯვა, რაც გაიარეს იმ წლების განმავლობაში, ყველაფერი დაუფასდათ იმ ოჯახში. ზუსტად ასეთი შემთხვევები გვაძლევს სტიმულს, რომ ვიმუშაოთ, გავაგრძელოთ და არ დავყაროთ ფარ-ხმალი იმიტომ, რომ შეიძლება ერთ შემთხვევაზე ძალიან დიდხანს ვიმუშაოთ და თითქოს, ბოლოში გასული ყველაფერი წავიდეს უკან-უკან, სამწუხაროდ, ასეც ხდება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ყველასთან მაქსიმალურ შედეგს ვერ მივიღებთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ.

ამ ბავშვებთან ურთიერთობისას, ყველაზე რთული ნდობის მოპოვებაა. ხშირად, ეს ბავშვები საიდუმლოს განდობენ, რაც მათ ჯანმრთელობას ან მათ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდება. ეს მიზნობრივი კატეგორია, დანაშაულებს სჩადიან და აქვთ პრობლემები პოლიციასთან. ჩემი პროფესიიდან და ეთიკის კოდექსის თანახმად, ვალდებული ვარ ვთქვა ეს ყველაფერი და ზუსტად ამ ბეწვის ხიდის გავლა მჭირდება ისე, რომ რომ ბავშვმა ნდობა არ დაკარგოს. ეს ბავშვები ერთხელ დაიბადნენ და იქვე დაბერდნენ, ამ ბავშვებმა იმხელა ტკვილი და იმხელა გზა გაიარეს, რომ ძლივს ვიღაცაში რომ ნახავენ ნდობას და ის ნდობა რომ დაკარონ, ისინი ზოგადად ნდობას კარგავენ კაცობრიობის მიმართ.

წარმოიდგინეთ, 40 წლის ქალი ვარ და შეიძლება შემოვიდეს 12 წლის ბავშვი. მე რომ ეს ბავშვი დავსვა და დავუწყო ლაპარაკი, როგორც დეიდამ ან ქალბატონმა, ის ბავშვი ჩათვლის, რომ მე მისი საერთოდ არ მესმის, ამიტომ მე ველაპარაკები ზუსტად იმ ტერმინებით, როგორითაც ის ჩემამდე მოდის. აი, ორი ჟარგონი რომ ავიღოთ, ყველაზე მეტად მათ ლექსიკაში რაც არის - ეს არის "პახაობა," რაც ნიშნავს მათხოვრობას, მოწყალების მიღებას და "ჩალიჩი" - ნიშნავს ძარცვას, ქურდობას. რომ შემოვა ბავში და ინტერვიუს დროს ჯდება, პირდაპირ ვეკითხები ხოლმე, სად "პახაობ" და სად "ჩალიჩობ." აი ამ ორ შეკითხვას როგორც კი დავსვამ, ის უკვე ამ კედელს შლის. ანუ ის ხვდება, რომ მე მისი მესმის. მე რეალურად ვიცი, რას ქურდავენ, რას ძარცვავენ, რას სუნთქავენ, რა ფსიქოტროპულ წამლებს იღებენ. სიგარეტის მოწევაზე ლაპარაკი არ არის. აი, ახლა თქვენ რომ გახვიდეთ "კურილკას" რასაც ვეძახით, შეიძლება რვა წლის ბავშვი იჯდეს სიგარეტით და ეს ჩვეულებრივი ამბავია აქ. საზოგადოებისთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ ესაა ჩვენი მიზნობრივი კატეგორია, ჩვენ ამას ასე ვერ დავუშლით. თუმცა, მოწევა რეგლამენტირებულია - სადილის შემდეგ და საუზმის შემდეგ. ისე, რომ ბავშვმა მთელი კოლოფი გაიტანოს და მთელი დღე მოწიოს - ასე არ ხდება.

შემიძლია ერთი ამბავი მოგიყვეთ - აქ არიან ჩარიცხული ბავშვები 5 წლიდან 18 წლამდე. არიან ასევე ბავშვები, რომლებთანაც ვმუშაობთ უფრო მცირე ასაკიდან და მათ მშობლებთან. იყო ასეთი შემთხვვა, ჩვენ ღამის მორიგეობა გვაქვს ხოლმე და ძირითადად, ტურისტულ ზონებში გავდივართ, ინტერნეტკაფეებში, რუსთაველის მეტროს ქვემოთ რომ თურქული ბარებია, იქაც არიან ბავშვები პროსტიტუციაში ჩართული და ა.შ. ერთ მშვენიერ დღეს მიკავშირდება ტელეფონით გოგონა, არასრულწლოვანი ბოშა, რომელმაც იცის ჩემი ტელეფონის ნომერი და მეუბნება, მას, (ასე გვეძახიან, აქ "დეიდა" და "ქალბატონო" არ არსებობს), ირინა მას, მეუბნება, შარდენზე მამინაცვალს გამოჰყავს გოგო, 6 წლის და ამათხოვრებს დილამდეო. ეს იყო ისეთი სიგნალი, რომ რა გითხრათ, თვითონ ბავშვი, რომელიც არის 18 წელს მიღწეული, მირეკავს და მეუბნება, რომ მიხედე, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ქუჩაშია, მოწყალებას იღებს, ვარდებს ყიდის და ა.შ. მოხდა ისე, რომ ღამის მუშაობის დროს ეს ბავშვი ჩვენ ვიპოვეთ, თუმცა ასე მარტივად, მიხვიდე და გამოგლიჯო, ასე არ ხდება. შევისწავლეთ ეს ოჯახი და პერიოდულად ვაკითხვადით საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. ერთერთი მოკითხვისას, ბავშვი იქ აღარ დაგვხვდა. აღმოჩნდა, რომ მამინაცვალს ჰქონდა ვიღაც ქალის ვალი და რადგან ეს ვალი ვერ დაუბრუნა, ბავშვი მიაქირავა, რომ ამ ქალს გაეყვანა სამათხოვროდ და თანხა ამოეღო. პატარა ექვსი წლის გოგონა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ღამეებს შარდენზე ათენებდა. ის ბავშვი გადარჩა, ის არის ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული, აქვს ქორეოგრაფიული მონაცემები, გამოურჩეულად ნიჭიერია. ის დღეს არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, ცხოვრობს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და აქვს ძალიან ნათელი და კარგი მომავალი.
ძალიან ბანალური იქნება ალბათ, რომ ვთქვა, ბავშვი ქუჩაში არ მინდა ვნახო მეთქი, რეალურად ეს ასე ვერ იქნება, სამწუხაროდ. ეს სფერო ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვითარდეს იმ დონეზე, რომ როდესაც ჩემთან სექსუალური და ფიზიკური ძალადობაგამოვლილი ბავშვი მოვა, მასთან უშუალოდ სპეციალისტი მუშაობდეს და მე არ მჭირდებოდეს სპეციალისტის სანთლით ძებნა. ამ სფეროში ყველაზე დიდი პრობლემა სერვისების ნაკლებობაა.

მე თვითონ სამი შვილი მყავს, ნამდვილად რთულია მუშაობა და ბავშვების გაზრდა. ყოველთვის მაქვს დანაშაულის განცდა იმ მხრივ, რომ აი, თუნდაც ახლა ბავშვებთან უნდა ვიყო, ახლა ცოტა ხანში იძინებენ და უნდა ვაძინებდე და ა.შ., მაგრამ რაღაცა სახით ვახდენ კომპენსირებას. მაგალითად, ერთი დღე თუ დავრჩი გვიანობამდე სამსახურში, მეორე დღეს ცოტა გვიან მოვალ ან ადრე წავალ. თავისუფალი დრო როდესაც მაქვს, შაბათ-კვირა, დასვენების დღეებს აუცილებლად მათთან ერთად ვატარებ და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები მიწყობენ ხელს. სახლში მყავს მეუღლე, რომელიც ჩემზე არანაკლებად უვლის ბავშვებს, მათი მოვლის თვალსაზრისით, ხელშეწყობა ნამდვილად მაქვს. როდესაც მე ვქმნიდი ოჯახს, მეუღლემ თავიდანვე იცოდა, რომ მე ამ სფეროში ვარ, ეს იყო ჩემი ცხოვრების წესი და ჩემი ცხოვრების გრაფიკი და წინააღმდეგობები საბედნიეროდ არ შემხვედრია. ჩემმა შვილებმაც, ახლა უფროსი 9 წლისაა და შუათანა - ხუთის, იციან სად ვმუშაობ, იცნობენ აქაურ ბავშვებს, მომყავს ხოლმე, ასე რომ გაგებით ეკიდებიან, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში. მე რომ ვიჯდე სახლში და არ ვიყო აქ და არ ვაკეთო ის, ახლა რასაც ვაკეთებ, მაშინ ვიქნები სხვანაირი დედა, არარეალიზებული და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე."

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან

ნანა
01 მაისი 2019 16:44
კომბლეს-საქართველოდან "გასწრებულები" ვნახეთ,სადაც ათენებენ ღამეებს ბავშვებთან ერთად!!!!!! პ.ს.რაც მე ევროპაში მათხოვრები მინახავს...
კომბლე-ს
01 მაისი 2019 15:49
იცით, კომბლე, ეს მარტო საქართველოს პრობლემა არაა, ასეთი ბავშვებით და ზოგადად ადამიანებით, სავსეა ევროპაც და ამერიკაც. თავად ფაქტი კი ნამდვილად მძიმეა.
სალკა
01 მაისი 2019 09:18
ამეტირა. რა ბედნიერებაა რომ ასეთი ადამიანები არსებობენ

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?