"დედა როგორ დავუძახო ქალს, ჩემს დედამთილს, რომელიც დღემდე სისხლს მიშრობს?!" - კვირის პალიტრა

"დედა როგორ დავუძახო ქალს, ჩემს დედამთილს, რომელიც დღემდე სისხლს მიშრობს?!"

გიგის ჩემ შესახებ ვერაფერს გაუბედავს, სამაგიეროდ, იცის, როგორ გამამწაროს. როდესაც გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, ჩემს კონსულტაციის ექიმთან მისულა და ისეთი რაღაცები უთქვამს, ექიმი გადარეული დამხვდა. ჩემი შვილიშვილი მაგ გომბიომ უნდა გააჩინოს და ყველაფერი იღონეთ, რომ ბავშვი უყურადღებობით მუცელშივე არ მოკლასო

ნატა 12 წელია, გათხოვილია, დედამთილისგან შორს ცხოვრობს, მაგრამ მისგან თავი მაინც ვერ დაუძვრენია.

ნატა: - გიგი რომ გამომიტყდა, მინდა ჩემი ცოლი გახდეო, დედამისის შესახებაც მითხრა - თავისებური ქალია და თუ რამეს როყიოდ გეტყვის, ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჩვენ მაინც ცალკე უნდა ვიცხოვროთო. ისეთი შეყვარებული ვიყავი, ამ სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია... რომ დავინიშნე, მაშინ გავიცანი ქალბატონი ბელა. დღემდე ასე ვეძახი, აბა, დედა როგორ დავუძახო ქალს, რომელიც სისხლს მიშრობს?!

- ასეთს რას სჩადის? - ნიშნობის შემდეგ დამირეკა, კაფეში შემხვდიო. კი გამიკვირდა, იქ რომ დამითქვა შეხვედრა, მაგრამ ვიფიქრე, თანამედროვე ქალია და ასე ურჩევნია-მეთქი. შევხვდი თუ არა, მაშინვე აღნიშნა, სანამ ჩემი შვილის კანონიერი ცოლი არ გქვია, სახლში ვერ მიგიპატიჟებო. წარბები შუბლზე ამივიდა, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე. ქორწილში რას იცვამო? საქორწინო კაბების კატალოგი ჩანთაში მქონდა და ვაჩვენე. უნდა შეცვალოო. როგორ, მე და გიგიმ ერთად შევარჩიეთ-მეთქი. არ მაინტერესებს, უნდა შეცვალო! - ისეთი ტონით გამიმეორა, დავეთანხმე. გიგიმ ეს ამბავი რომ გაიგო, გაგიჟდა. დედაჩემს მიყვები ცოლად თუ მეო?.. მოკლედ, ქორწილში იმ კაბით გამოვცხადდი, რომელიც მე და ჩემს ქმარს მოგვწონდა. ბელამ რომ დამინახა, თვალებში ავი ცეცხლი გაუკრთა. ქორწილის მერე ყოველ დილით მოდიოდა ჩვენთან სახლში და ამოწმებდა, დილით საუზმეს ვაჭმევდი თუ არა ქმარს. შემოვარდებოდა, დაათვალიერებდა სამზარეულოში ქვაბებს, მაცივარს გამოაღებდა, მერე ჩვენს საძინებელში თეთრეულს გადააცლიდა საწოლს და სარეცხ მანქანაში ყრიდა... ერთი შეხედვით გიჟის შთაბეჭდილებას ტოვებდა. გიგიმ თვე-ნახევარი უთმინა და მერე გამოუცხადა, რომ კვირაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ჩვენთან სტუმრობის უფლება. იმის მერე ბელა ჩემი დაუძინებელი მტერი გახდა.

- თქვენს ცოლქმრულ ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს?

- ვერა. გიგის ჩემ შესახებ ვერაფერს გაუბედავს, სამაგიეროდ, იცის, როგორ გამამწაროს. როდესაც გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, ჩემს კონსულტაციის ექიმთან მისულა და ისეთი რაღაცები უთქვამს, ექიმი გადარეული დამხვდა. ჩემი შვილიშვილი მაგ გომბიომ უნდა გააჩინოს და ყველაფერი იღონეთ, რომ ბავშვი უყურადღებობით მუცელშივე არ მოკლასო. შვილები რომ მეყოლა, მერე პედიატრთან დადიოდა და ცდილობდა გაეგო, ბავშვებს რა სჭირდათ, სწორად იზრდებოდნენ თუ არა, კარგად ვკვებავდი თუ ვაშიმშილებდი.

- თქვენთან სახლში აღარ მოდის? - თუ გიგი არ არის სახლში, მოვა, ბავშვებს დააწიოკებს, უზრდელებსა და სამარცხვინოებს უწოდებს, თან დასძენს, თქვენი ბრალი კი არ არის, ასეთები რომ ხართ, ბედმა ცუდი მშობლები გარგუნათო. ამას ბავშვები მამას უყვებიან, გიგი კი მე მეჩხუბება, სახლში რატომ უშვებო. არადა, რა ვქნა? კი მამწარებს, მაგრამ ჩვენს მეტი არავინ ჰყავს. გიგის მამას სხვა ცოლ-შვილი ჰყავს. ჩემი მამამთილი საოცრად თბილი და მზრუნველი კაცია. ვინ გაჩერდებოდა მასთან? ერთადერთმა შვილმაც კი ყველაფერი გააკეთა, რომ დედისგან მოშორებით ეცხოვრა.

ერთი თვის წინ ჩემი უფროსი შვილის კლასის დამრიგებელთან მისულა და უთქვამს, ნიკუშას რთული ბავშვობა აქვს, მამა სვამს, დედა უსაქმურია, ხშირად ჩხუბობენ, ამიტომაც გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ ბიჭი ოჯახის მსგავსად სკოლაშიც არ დაიჩაგროსო. სახლში სოციალურმა მუშაკმა და პედაგოგებმა ერთად მომაკითხეს, ინფორმაცია გვაქვს, რომ ბავშვებს დაძაბულ გარემოში უწევთ ცხოვრებაო. ელდა მეცა! ისინიც გაოცებული იყურებოდნენ. ალბათ, ელოდნენ მოუვლელ ბავშვებს, ლოთ მშობლებს და ხელში მე შევრჩი. ამასობაში გიგიც მოვიდა. სანამ მოვიდოდა, სტუმრებს ვთხოვე, ჩემს ქმართან არაფერი ეთქვათ, თორემ ამას კი ვეღარ მოითმენდა...

ოთხი წლის წინ, მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ბელა სამძიმარზე მოვიდა და ხმამაღლა ტირილი მორთო. მამაჩემს დასტიროდა ქალი, რომელიც გამუდმებით მლანძღავდა. ტირილიც თურმე იმიტომ წამოიწყო, რომ ჩემზე საქვეყნოდ აუგი ეთქვა. აქამდეც როგორ იცოცხლე, შე უბედურო, ასეთი შვილისა და სიძის ხელშიო... ჩემმა დამ იმარჯვა და ოთახიდან გაიყვანა, თორემ გიგის რომ მისი გოდება"მოესმინა, შეიძლებოდა მამაჩემის გვერდით მიეწვინა.

ოჯახის წევრებთან სულ შარს და პრობლემას რომ ეძებს, სხვებთან ია და ვარდი გადმოსდის პირიდან.

უბანში, ჩვენს სახლთან, მაღაზიაა. თურმე, ჩვენკენ მომავალი იქ შეივლის, ნისიად იყიდის რაღაცებს და გამყიდველს ნისიების რვეულში ჩემს სახელზე აწერინებს ვალს. ერთ დღესაც მაღაზიის მეპატრონე გიგის ჩვენი ეზოს ჭიშკართან დახვედრია, ძალიან ბევრი დაგიგროვდათ გადასახდელიო. გაოგნებულმა გიგიმ დამიძახა, რა ნისიებს იღებო? კიდევ კარგი, იმ პატიოსანმა ადამიანმა თქვა, დედათქვენი ყიდულობდა ყველაფერს და ვალს ნატას სახელზე მაწერინებდაო.

ამბობენ, ზოგიერთი ადამიანი წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი კარმააო, ეტყობა, ჩემი დედამთილი ჩემი კარმაა. შესაძლოა, მისი შვილისაც და სანამ იცოცხლებს, უნდა ავიტანოთ.

სოფო გამრეკელი