"მარჯვე" ქალი, ანუ შავი საქმით მოხვეჭილი ბედნიერება - კვირის პალიტრა

"მარჯვე" ქალი, ანუ შავი საქმით მოხვეჭილი ბედნიერება

ხალჯვარდაწერილები ამბობენ ხოლმე, - ღმერთი რამდენსაც მოგვცემს, იმდენ შვილს გავაჩენთო... მერე კი, სირთულეებს რომ წააწყდებიან, “დანაპირები” ავიწყდებათ. ანამ და თემომ პირობა” შეასრულეს და ხუთი შვილი გააჩინეს...

სანამ თემოს მამა ცოცხალი იყო, უდარდელად ცხოვრობდნენ. თემო საპროექტო ინსტიტუტში მუშაობდა და ჭადრაკის თამაშის მეტს არაფერს აკეთებდა. ხელფასსაც ძირითადად ძმაკაცებში ხარჯავდა. ანა შინ ფუსფუსებდა. ან კი სად უნდა ემუშავა, ხუმრობა ხომ არ იყო, 27 წლის გოგო უკვე 5 შვილის დედა გახლდათ.

უფროსი გოგონა, თეონა, 8 წლის იყო, მერე მოდიოდა 6 წლის ნიკა, ტყუპი ქალ-ვაჟი - მარიამი და გიორგი და ბოლოს,  2 წლის ლუკა. მრავალსულიან ოჯახში თემოს ბებია-ბაბუა და ორი უმცროსი დაც ცხოვრობდნენ და ყველა ერთად მონაწილეობდა ბავშვების გაზრდაში. სახლი, იცოცხლეთ, დიდი ჰქონდათ. ამ დიდ ოჯახს კი თემოს მამა, ბატონი გიორგი ინახავდა, რომელიც მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობდა.

მისი გარდაცვალების დღიდან ძალიან გაუჭირდათ. თემოს დედამ პირველი სართულის ორი ოთახი გააქირავა, მაგრამ შემოსავალი მწირი აღმოჩნდა. თემომ ხან მშენებლობაზე, ხან მანქანების სადგომზე ღამის დარაჯად დაიწყო მუშაობა, მაგრამ სადაც წავიდა, ყველგან ხიფათი შეემთხვა:

მშენებლობაზე მესამე სართულიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. მის მკურნალობას დიდი ხარჯი დასჭირდა. ავტოსადგომზე კი, ღამით, ორი ძვირად ღირებული მანქანა გაიქურდა და პატრონებმა ღამის დარაჯს მოსთხოვეს ანაზღაურება, - ალბათ შენც გადიხარ საქმეში და თუ არ გინდა გიჩივლოთ, ფული უნდა მოგვცეო და... დედამაც და ცოლმაც უთხრეს, მარცხიანი კაცი ხარ და შენი ვაიმუშაობით აქეთ აზარალებ ოჯახს, შინ დაჯექი და ქალები როგორღაც თავს გავართმევთ საქმესო.

თემოს დედამ ნამცხვრების ცხობა დაიწყო, ანას კი ნათესავმა ერთ-ერთ ორგანიზაციაში ბუღალტრად დააწყებინა მუშაობა. სამსახურის საქმეებში რომ გაერკვა, აღმოაჩინა, რომ შავი საქმეებიც კეთდებოდა, თავდაპირველად შეშფოთდა, მაგრამ როცა უფროსმა თვალის ჩაკვრით გაამხნევა, - ნუ გეშინია, ჩვენ აქ ვართო და ცოტა ხანში  ორმოცდაათლარიანების შეკვრა ჩაუცურა ჯიბეში, თვალები გაუბრწყინდა. თავი ძლიერ ქალად იგრძნო.

მალე ოჯახსაც დაეტყო მისი შემოსავალი. თემო გახარებული ამბობდა, - უნიჭიერესი ცოლი მყავს, ხუთი შვილი ხომ გამიჩინა, ახლა მთელი ორგანიზაციის იმედი, სული და გულიაო... დიდხანს არ გაგრძელებულა მათი დალხენილი ცხოვრება. ორგანიზაციაში ფინანსური პოლიცია შევიდა, ხელმძღვანელებთან ერთად ანაც დააპატიმრეს და 7 წელი მიუსაჯეს. ოჯახი ძალიან განიცდიდა შვილების დედის ცხაურებს მიღმა მოხვედრას, მაგრამ რა უნდა ექნათ?

თემო თვეში ერთხელ მიდიოდა ქალთა კოლონიაში და პატარა ამანათთან ერთად შვილების წერილებს აძლევდა აცრემლებულ ქალს. თავად ანას არ უნდოდა, რომ ბავშვები იქ მიეყვანათ, ენატრებოდა, მაგრამ ითმენდა, - აქ მათ მოყვანას მირჩევნია, მე ვიტანჯებოდეო, - ამბობდა.

მას მხოლოდ წელიწად-ნახევრით შეუმცირდა სასჯელის ვადა. როცა ციხიდან გამოვიდა, პატარა ლუკა უკვე სკოლის მოსწავლე დახვდა, თან გაუცხოებული, რაც ძალიან აწუხებდა. უფროსი შვილები თბილად ექცეოდნენ, მაგრამ პატარა სულ გაურბოდა. დედაც განსაკუთრებულად მას  ანებივრებდა საჩუქრებით. ქმარსა და დედამთილს უკვირდათ, საიდან ჰქონდა ციხიდან გამოსულს ამდენი საჩუქრის ყიდვის თავი, მაგრამ ვერაფერს ეკითხებოდნენ. ისინი უკვე მიჩვეული იყვნენ, რომ ანა რთულ სიტუაციაში ყოველთვის გამოძებნიდა საარსებო საშუალებას.

ცოტა ხანში ანა მიხვდა, რომ ახსნა-განმარტება  იყო საჭირო და ერთ დღეს თქვა, - იქ სამკერვალოში ვმუშაობდი და პატარა ფული დავაგროვე, ახლაც შემომთავაზეს ერთ-ერთ ატელიეში მუშაობა და მალე დავიწყებო. თემო ისე იყო გადაჩვეული სამსახურს, რომ ცოლის ახალ საქმიანობას სიხარულით შეხვდა, - მანდ ხომ ვერავინ შემოგედავება, შეკერავ და ფულს გადაგიხდიანო... მაგრამ ანა იტყუებოდა...

ოჯახის წევრების თვალის ასახვევად ყოველ დილით გადიოდა შინიდან და 6 საათზე ბრუნდებოდა, ფულიც მოჰქონდა, მაცივარი, ტელევიზორი, ელექტროღუმელიც იყიდა... ერთი სიტყვით, მარჯვე ქალმა ხელახლა აავსო ოჯახი. მალე სახლიც ისე გაარემონტა, მის სანახავად მოდიოდნენ. დედამთილი შეფიქრიანებული ჩანდა, სამაგიეროდ, თემო ვერაფერს აცნობიერებდა.

4 წლის შემდეგ ყველაფერი გამოაშკარავდა - ანას ნარკობარიგად იცნობდა ყველა წამალდამოკიდებული, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ ხუთი შვილის დედისთვის შინ კი არა, გლდანში, ერთ-ერთ კერძო სახლში უნდა მიეკითხათ, სადაც სხვათა თვალის ასახვევად მართლაც იყო გახსნილი სამკერვალო... ანა კვლავ დააპატიმრეს...

მხოლოდ ერთხელ წამოსცდა მოსანახულებლად  მისულ ახლობელთან, - იმდენად მინდოდა, შვილები უზრუნველად მყოლოდა, ამ დანაშაულზე არც ვფიქრობდიო... ისიც დაამატა, - თუ აქედან გასვლა მეღირსა, გაჭირვების მიუხედავად, მსგავს საქციელს აღარასოდეს ჩავიდენო.

არ ვიცი, რამდენად გულწრფელია ანა. შეიძლება ამ სიტყვებს შვილებისგან სიშორე ალაპარაკებს, მაგრამ ფაქტი ერთია, გაჭირვებამ ადამიანი უზნეობამდე არ უნდა მიიყვანოს.