ნუ გავუწევთ შვილებს დათვურ სამსახურს - კვირის პალიტრა

ნუ გავუწევთ შვილებს დათვურ სამსახურს

ვიცი, ჩემი წერილი საკმაოდ უჩვეულო გამოვა, რადგან უმეტესწილად რძლები უკამყოფილონი არიან დედამთილებისა, დედამთილები კი - რძლებისა. რატომღაც არავინ უფიქრდება, რატომ ხდება ასე. მინდა ჩემს ცხოვრებაზე გიამბოთ და დედამთილზეც მხოლოდ კარგი ვთქვა.

მუდამ მის გვერდში ვიყავი, ბოლოს, როცა ავად გახდა, მე ვუვლიდი და დიდი სიყვარულითაც. ის პატივსაცემი ადამიანი იყო და ჩემს სიყვარულს უდავოდ იმსახურებდა. გარდაიცვალა და მის სახელზე ვლოცულობ. სწორედ ჩემი დედამთილის დამსახურებაა, რომ დღეს მყარი და ძლიერი ოჯახი მაქვს.

ჩემი მეუღლე დედისერთა იყო. მშობლებმა ნიკას კარგი განათლებაც მისცეს, კარგი სამსახურიც ჰქონდა. 40 წლამდე ცოლის შერთვაზე არც უფიქრია.

მერე სრულიად შემთხვევით მე გამიცნო. მოვეწონე. ხან კინოსა და თეატრში, ხან რესტორნებში მეპატიჟებოდა. იმდენად კომუნიკაბელური და განათლებული გახლდათ, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა (იგი 15 წლით უფროსია ჩემზე), სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა. როცა ხელი მთხოვა, დაუფიქრებლად დავთანხმდი. თავიდანვე ძალიან მომეწონა მისი მშობლები, განსაკუთრებით დედამისი, სათნო, თბილი ქალი. ქორწილი გადაგვიხადეს, სამოგზაუროდაც გაგვიშვეს.

დაბრუნებულებს აეროპორტში დაგვხვდნენ და იმ სახლში კი არ მიგვიყვანეს, სადაც პირველად ნიკას ვყავდი, არამედ მეზობლად. თურმე, ჩემი დედამთილის სურვილით, 5-ოთახიანი ბინა გაყიდეს და გვერდიგვერდ იყიდეს ორი ბინა - თავისთვის და ჩვენთვის, რემონტიც მოასწრეს და ავეჯითაც მოაწყვეს.

გაოცებული ვიყავი, ნიკა ხომ მათი ერთადერთი შვილი იყო, თან ხანდაზმულნი იყვნენ და ბუნებრივია, მიკვირდა, რატომ არ ინდომეს შვილთან და რძალთან ერთად ცხოვრება-მეთქი. იმავე საღამოს დედამთილმა მითხრა: - ასე რატომაც მოვიქეცით, დრო გავა და მიხვდები. ნიკა განებივრებული გვყავდა მშობლებს. გვიან დაოჯახდა, მინდა, მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს და ოჯახშიც პირველი სიტყვა მას ეკუთვნოდეს.

ზოგს ჰგონია, რახან მამაკაცია, ამის გამო ეკუთვნის პირველობა, მაგრამ ასე არ არის. ხშირად ქალები მეტს აკეთებენ ოჯახისთვის, კაცები მზამზარეულად იღებენ ცოლის შემოტანილს და როცა საქმე საქმეზე მიდგება, ერთ ამბავს ტეხენ, - კაცი ვარ და ჩემს სიტყვას ფასი უნდა ჰქონდესო. ის კი არ იციან, რომ სქესის მიხედვით კი არ სცემენ პატივს ადამიანებს, არამედ საქციელის, პასუხისმგებლობის გამო. არ მინდა, ჩემს შვილს დათვური სამსახური გავუწიო და სანამ ცოცხლები ვართ, კვლავ გავანებივროთ.

კაცია და დაე, იტვირთოს ოჯახის ყველა საქმე და პრობლემებიც მანვე მოაგვაროსო... გარდა ამისა, საკმაოდ თავმოყვარე ქალი ვარ. ყველა ოჯახში ხდება შელაპარაკება და არ მინდა, რძალმა მოისმინოს, ხანდახან ხმამაღლა რომ დამელაპარაკება ქმარი, ან მე რას ვეტყვი მას. ჩვენ ხან წნევა გვაქვს, ხან ჩვენს მეგობრებთან ერთად გვსურს ყოფნა და რატომ უნდა შეიზღუდოთ ჩვენ გამოო...

გაოგნებული ვუსმენდი და მალევე დავრწმუნდი, რომ მართალი იყო. იმ დღიდან მოყოლებული, ბედნიერად ვცხოვრობდით, როცა გვჭირდებოდა, რითიც შეეძლოთ, გვეხმარებოდნენ და ჩვენც არ დაგვიკლია მათთვის ყურადღება და პატივისცემა. ისინი ახლა ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ სწორედ მათ ვუმადლი ჩვენს ბედნიერ და სამაგალითო ოჯახს. ცოტა ხნის წინ ჩემი ვაჟი დაქორწინდა.

მე და ნიკა მისი მშობლებისეულ ბინაში გადავედით საცხოვრებლად, ახალგაზრდებს კი ის დიდი ბინა დავუთმეთ, სადაც აქამდე ჩვენ ვცხოვრობდით. მინდა ყველა მშობელს ვურჩიო, - ნუ გაუწევენ შვილებს დათვურ სამსახურს (განსაკუთრებით ეს ბიჭების დედებს ეხებათ), მისცენ მათ დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება. დაე, შვილი თავად გაუძღვეს საოჯახო საქმეს. მერწმუნეთ, ასე უფრო მტკიცე და ძლიერი ოჯახი ექნებათ ახალგაზრდებს.

ანა დამენია, თბილისი