როცა უკან მიხედვა დამღუპველია - კვირის პალიტრა

როცა უკან მიხედვა დამღუპველია

ბევრჯერ დავფიქრებულვარ, ბევრჯერ შევწუხებულვარ და ბევრჯერაც გამხარებია, როცა ამ რუბრიკის წერილებს გავცნობივარ, მაგრამ ასე თავზარდაცემული და გაოგნებულიც არასოდეს დავრჩენილვარ.

11 ოქტომბრის ნომერში წერილში, "რა ჰქვია ასეთ გრძნობას - სიყვარული თუ ჟინი?", 56 წლის მამაკაცი ჰყვება თავის უიღბლო, ცალმხრივ სიყვარულზე. მისი ამბავი გულთან მისატანია, რამეთუ დიდ გრძნობას ეხება, მაგრამ როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ისე ამ ამბავსაც გააჩნია მეორე მხარე, რომელიც მთლად კარგი და ნათელი არაა.

მას ცოლის ალალი ბიძაშვილი უყვარს, იმ ქალს საუკეთესო ოჯახი აქვს და ამ კაცის გულისთვის ოჯახს არ დატოვებს და, როგორც თქვენი რესპონდენტი აცხადებს, არც ის არის ცოლ-შვილის მიმტოვებელი. ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია, რომ საბოლოოდ დაივიწყოს ადამიანი, რომელზეც ფიქრი ოცდაათი წელია არ ასვენებს... ზოგი რამ არ უნდა გაგრძელდეს და ისიც უნდა ეცადოს, როგორმე გათავისუფლდეს სიყვარულის ტყვეობისგან...

სიყვარულმა უნდა აგამაღლოს, ქვესკნელში თუ ჩაგიტანა და ახლობელსაც ჩირქი მოსცხო, ასეთ გრძნობას როგორ შეიძლება გასაქანი მისცე? ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ქართველები ვართ, ნათესაობასაც მეშვიდე თაობამდე ვუფრთხილდებით, სისხლის აღრევას მკრეხელობად მივიჩნევთ. ლათინურამერიკული სერიალების გმირივით ნუ მოიქცევა თქვენი რესპონდენტი, თორემ შვილებსაც მომავალს დაულაქავებს. ვურჩევ, ამოირეცხოს გულიდან ეს სიყვარული.

ქეთევან გელაშვილი, ბორჯომი