თეთრი ვარდები... დროში აცდენილი სიყვარულის სახელით
03-06-2019
თეთრი ვარდები... დროში აცდენილი სიყვარულის სახელით
"დიდხანს მეხვეწებოდა დეიდაჩემი, ჩემი მეგობრის დას მეთერთმეტეკლასელი შვილისთვის ქართულის მასწავლებელი უნდა და ჩემი ხათრით უარს ნუ ეტყვიო", - დეიდის­ თხოვნით, ეკას მეთერთმეტეკლასელი ბიჭი ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა მოემზადებინა. ასე დაიწყო დროში აცდენილი ცალმხრივი სიყვარულის ამბავი.

- ბექა დედისერთა იყო. დედ-მამა მთელი დღე მუშაობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდათ, მაგრამ ბიჭზე მზრუნველობა მთლიანად ბებიას ჰქონდა მინდობილი­. ბებია განათლებული ქალი იყო, რამდენიმე თვეში ისე შევუყვარდი, საკუთარი შვილიშვილივით მექცეოდა. უამრავ თემაზე ვსაუბრობდით -
ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ზოგჯერ პოლიტიკაზეც. ზოგ საკითხზე ძველმოდური შეხედულება ჰქონდა და ბექა უსწორებდა, ხუმრობით ეტყოდა, რით ვერ ააყოლე­ ფეხი თანამედროვე ეპოქასო.

ოჯახი ჩემი მუშაობით ძალიან კმაყოფილი იყო, ბექას წიგნი შეაყვარაო...

- ეკა მასწ, სამსახურიდან დაღლილი მოდიხართ, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის­ გაქვთ "შემონახული" პოზიტივი, როგორ ახერხებთ ამასო? -
ხშირად მეკითხებოდა­ ბექა. მშობლებსაც უკვირდათ, ბექას სხვა დროს ბიჭებთან ეზოში თამაშს ვერ ვწყვეტდით, ახლა კი სკოლიდან მოსული წიგნებს ჩაუჯდებაო.

ერთხელ ჩემი დაც გამომყვა მათთან. სანამ ბექას ვამეცადინებდი, მან და ბებომ იჭორავეს... დამშვიდობებისას, ბექამ კარი მოიხურა თუ არა, ჩემმა დამ ღიმილით მითხრა, იმ ბიჭის ანთებული თვალები თუ არ შეგინიშნავს, სულელი ყოფილხარო. ჩემი და არ ცდებოდა - მეც ვეჭვობდი რაღაცას, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი. ხშირად შემინიშნავს, რა მძიმედ სუნთქავდა, როდესაც ჩემთან ახლოს ჯდებოდა, ან როგორი თვალებით მიყურებდა, როდესაც საუბრისას როლში ვიჭრებოდი.

- რა სისულელეს ამბობ, პედოფილი კი არა ვარ, 13 წლით ჩემზე უმცროსია-მეთქი, - მივახალე შემცბარმა ჩემს დას.

ამასობაში ზაფხულის არდადეგები მოახლოვდა. ბექამ რამდენჯერმე მკითხა, სად აპირებთ წასვლასო. ზღვაზე არ ვგიჟდები, მთა მირჩევნია-მეთქი. ბებია გამომეტირა, შენ გარეშე ამდენ ხანს როგორ გავძლებო. მხოლოდ ბექა კი არა, მოხუცი ისე შემეჩვია, ყავაზე მელოდებოდა, წნევას ვუზომავდი, ზრუნვაზე ზრუნვითვე ვპასუხობდი. ორივე ბებია ბუნდოვნად მახსოვს და, ალბათ, ამ სიცარიელეს ვივსებდი...

ბექას შევუთანხმდი, რომ არდადეგებზე შთაბეჭდილებებსა თუ ახალ მეგობრებზე დღიურს დაწერდა და მე შევაფასებდი.

მოულოდნელი სტუმრობა...


- ეკა, შენთან სტუმარია, - ამომძახა ჩემმა­ დამ ეზოდან ივლისის ერთ ცხელ დღეს, როდესაც წყნეთში მეგობრის აგარაკზე ვიყავით. ბექას შავი ქოჩორი და განიერი მხრები შორიდან შევნიშნე. აქ როგორ მოხვდი-მეთქი? - ვკითხე გაკვირვებულმა. პასუხად გადამეხვია და იმდენ ხანს ვყავდი ჩახუტებული, მივხვდი, პირველი აფეთქებული გრძნობის გამოხატვა იყო. არც მისი თვალები გამომპარვია - შავ თვალებში ცეცხლი ენთო. სამი ბიჭი ახლდა და ვიგრძენი, ბიჭებმაც იცოდნენ, რა სენიც შეჰყროდა ბექას. ბებოზე ვკითხე, მშობლებზე... დაგვიანებულ პასუხებს მცემდა. ისე დაჟინებით მიყურებდა, რამდენჯერმე თვალი ავარიდე. "სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელიიი", - წაუმღერა ერთ-ერთმა მეგობარმა. გადაიხარხარეს... შენებმა­ იციან, აქ რომ ხარ? - ვკითხე იმის აღსანიშნავად, რომ ჩემთვის პატარა ბიჭი იყო. ეწყინა, მაგრამ ნახევრად ხუმრობით მიპასუხა, ბებია უნდა წამომეყვანა და უფრო გაგახარებდითო. თქვენობით მომმართავდა, ეს ჩემი მოთხოვნა იყო... ძლივს გავაგდე. აქვე ვართ, ძმაკაცთან, შეიძლება ხვალაც მოვიდეო? - მკითხა წასვლისას. არა-მეთქი...

სრული ბედნიერებისთვის ამის გამიჯნ­ურებაღა გაკლდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ იქნება ექშენიო, დამცინოდ­ნენ ჩემი და და მისი მეგობრები... ყველას დაგანახებთ, ბექას რას ვუზამ, ჩემი კლანჭები­ არ უნახავს-მეთქი, დავიქადე. იმის შემდეგ­ ბიჭEები კიდევ მოვიდნენ და დავემალე.

ბექა ჩემს დასთან დამეგობრებას ცდილობდა, უნდოდა, მოკავშირედ გაეხადა, მაგრამ ჩემი და შეუვალი იყო - ეკა თბილისშია წასული საქმეებზე, შეყვარებულია ჩამოსული უცხოეთიდან და უნდა შეხვდესო, ცდილობდა გაებრაზებინა ბიჭი.

წიგნში ჩადებული ბარათი


დამთავრდა არდადეგები და თავსატეხი გამიჩნდა. ოჯახი მენდობოდა, შვილივით მიმიღეს და­ რა უნდა მეთქვა, თქვენი ერთადერთი ბიჭი გამიმიჯნურდა-მეთქი? მის სახლში მისული,­ ბავშვივით ვღელავდი. კარი ბებიამ გამიღო. გულაჩუყებული იმდენ ხანს მკოცნიდა, მეც მომადგა ცრემლი. სწორედ ამ დროს გამოვიდა ბექა და ისევ ჩამიხუტა... დაიწყო ოფიციალური ნაწილი - მეცადინეობა. დღიურზე ჩამოაგდო სიტყვა, მაგრამ წავუყრუე, მერე ვისაუბროთ-მეთქი.

- ეკა მასწ, ნახეთ შეყვარებული? - მკითხა უცებ ეჭვიანი ღიმილით.
- ეს შენთვის მნიშვნელოვანია? - წარბი ავწიე, - ჰო, ვნახე...

- თქვენს დასაც არ გამოსდის ტყუილები, თქვენი არ იყოს.
- საქმეს მიხედე! - გავამკაცრე ხმა...

სანამ დავალებას ასრულებდა, ბებ­იასთან­ საჭორაოდ გავედი. ზამთრისთვის რაც მურაბა და კომპოტი გაუკეთებია, თითო ქილა ჩემთვის გადაენახა. ამასობაში ბექაც გამოვიდა. შინ გამატანე დავალება, იქ ვნახავ-მეთქი. შინ მისულმა­ წიგნი გადავშალე და წერილი გადმოვარდა: "ეკა მასწ, ძალიან მიყვარხართ და ეს თქვენც კარგად იცით", - ეწერა ქაღალდის ნაგლეჯზე.

აღარ ვიცოდი, რა მექნა, ძალიან მიჭირდა მასთან ურთიერთობა. ერთ დღეს სამზარეულოში ბებიასთან ყავაზე გავედი, იქნებ თქვენებს უთხრათ, სხვა მასწავლებელი მოძებნონ-მეთქი. მეგონა, ბებიას გაუკვირდებოდა, მაგრამ გაიღიმა - კარგი, საყვარელო, მაგრამ გაქცევა გამოსავალი არ არის, სიყვარული ათასობით კილომეტრს­ უძლებსო. ყველაფერს კარგად ხვდებოდა, მაგრამ როგორ მაკადრებდა, რამე ეკითხა.

წამოვედი. ბექა გალიაში გამომწყ­ვდეული­ ნადირივით იყო - რეკავდა, მწერდა, მაგრამ არ ვპასუხობდი... დეიდაჩემი გაოცებული მეკითხებოდა, ასეთი რა გაწყენინაო და ხომ არ ვეტყოდი, შევუყვარდი-მეთქი? თვე-ნახევრის განმავლობაში ბექამ შვიდი მასწავლებელი გამოიცვალა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლა უცხოეთში გააგრძელა.

მე შეყვარებულს შევურიგდი... ერთხელ ჩემი ბინის კართან ვარდების თაიგული დამხვდა. "ჩემი რომანტიკული ბიჭი", - გავიფიქრე გულში და მაშინვე დავურეკე, სიურპრიზი ძალიან მესიამოვნა-მეთქი. "რაო?" - დაიძაბა ის. ეტყობა, ვიღაცას კარი აერია-მეთქი...

ეს ბექა იყო. შინ დამხვდა. ჩემს დასთან ერთად ყავას მიირთმევდა. გავბრაზდი, რამდენს ბედავს ეს ბავშვი-მეთქი. დაკაცებული და დამშვენებული იყო. ამერიკაში სწავლობდა და იქაურ ამბებს ჰყვებოდა. დამშვიდობებისას მითხრა, ბებია ავად არის და იქნებ ინახულოთ, მე მალე მივდივარო. სანამ გონზე მოვიდოდი, გადამეხვია, ჩემი მშიშარა გოგოო, ჩამჩურჩულა, გიჟივით მაკოცა და კიბეზე დაეშვა.
ბექას ბებია ჩემს დანახვაზე ატირდა, ბექას ძალიან შეუყვარდი, მთელი ცხოვრება ეყვარებიო...

მალე გავთხოვდი, სამი შვილი მყავს.­ მასაც შეურთავს ცოლი, საქართველოშია და კარგ ადგილასაც მუშაობს. ახალი წლისა და ჩემი დაბადების დღის მოლოცვა არასდროს ავიწყდება. მეუღლე ჯერ ეჭვიანობდა, ახლა უკვე ეღიმება, რა სიყვარული სცოდნიაო. ამ დაბადების დღეზე ისევ თეთრი ვარდები და სუნამო მივიღე საჩუქრად წარწერით: "დროში აცდენილი სიყვარულის სახელით".

ნინო აფხაზავა
კოო
25 ივლისი 2019 17:07
რა იყო ასე რო არ დაგეფასებინა თავი, გაყოლოდი ცოლად, ასეთი სიყვარულისთვის ხელი არ უნდა გეკრა...
მარი
03 ივლისი 2019 13:27
რეი ბრედბერს აქვს ძალიან მსგავსი მოთხრობა, მოსწავლისა და მასწავლებლის სიყვარულის შესახებ.
თამო
19 ივნისი 2019 16:42
როგორ მომენატრე,როგორ მინდა შენც წაიკითხო...

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები