"სპეციალური ნივთიერებით გავთიშე, მოვხვეტე ყველაფერი და შიშველ-ტიტველი დავტოვე მანქანაში... " - მომგებიანი შურისძიება - კვირის პალიტრა

"სპეციალური ნივთიერებით გავთიშე, მოვხვეტე ყველაფერი და შიშველ-ტიტველი დავტოვე მანქანაში... " - მომგებიანი შურისძიება

გოგო, რომელმაც იმეილზე მომწერა და მთხოვა, შევხვედროდი, სევდიანი ჩანდა... ვაკის პარკში გრძელ ხის სკამზე მელოდა. ვიფიქრე, ალბათ, როგორც დაუცველ ქალს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება-მეთქი. არაფერიც. მისი ამბით გაოცებულს სოცქსელში ჩემი კოლეგის ნაამბობი გამახსენდა. გოგოს სახელად ლიკას დავარქმევ და ვიდრე მის ამბავს მოგითხრობთ, გავიხსენებ, რას ჰყვებოდა ჩემი კოლეგა ეკა:

"ზაფხულში ჩვეულებისამებრ, ძაღლები უთენია გავიყვანე და სასაფლაოს შუაში გამავალ გზას დავადექი. შორიდან შევნიშნე ბრგე ყმაწვილი, შიშველი, პირსახოცშემოხვეული დადიოდა საფლავებზე და ბოლო ხმაზე იგინებოდა. წინა საღამოს საშინელებათა ჟანრის ფილმი ვნახე და ვიფიქრე იმის გავლენით მეჩვენებოდა რაღაც, მაგრამ ძაღლებმა რომ ყეფის ნაცვლად ჩემსავით პირი დააღეს, მივხვდი, ცოცხალ ადამიანს ვხედავდი და არა საფლავიდან ამოსულ გაძარცულ მიცვალებულს. მანაც შემნიშნა თუ არა, დამიძახა, არ შეგეშინდეთ, დახმარება მჭირდებაო...

მოკლედ, სიუჟეტი ასე განვითარებულა: ერთ-ერთ ღამის კლუბში მთვრალმა ვიღაც გოგოსთან ფლირტი გააბა, მერე მეტად დაახლოებისთვის სასაფლაოზე წამოვიდნენ - აქ ვერავინ დაგვინახავსო და სულ აქ მოჰყავდა თურმე ამ ბიჭს "ისეთი" გოგოები. ისეთი მთვრალი იყო, ბუნდოვნად ახსოვს, რა მოხდა, ის კი ვიცი, გავითიშეო. სიცივეს გაუღვიძებია. მოკლედ, იმ გოგოს წაუღია ყველაფერი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტელეფონი, ფული, მანქანის გასაღებიც კი და საქარე მინაზე პომადით მიუწერია, გასაღები "სტაიანშჩიკს" ჩავაბარე 357-ე საფლავზეო. ცხადია, საფლავებს ნომრები არა აქვს და ეს ბიჭიც იდგა და ყველას ათვალიერებდა. საცვალიც კი არ დამიტოვა, კიდევ კარგი, მანქანაში ეს პირსახოცი მქონდა მინების საწმენდადო. დავარეკვინე მეგობართან, ის ბიჭი ვერაფრით მიხვდა, რატომ სთხოვდა შარვლის, მაისურის და კედების წამოღებას. მერე მე დაველაპარაკე. დავარწმუნე, რომ თუ არ მოვიდოდა, მისი მეგობარი მაგარ შარში იყო... "მაშველი" მანქანიდან რომ გადმოვიდა და შიშველი მეგობარი დაინახა, ისეთი ხარხარი აუტყდა, მოსასულიერებელი გაგვიხდა. ბიჭები იქ დავტოვე და წამოვედი. კაი ოხერი ყოფილა ის გოგო"...

მას მერე სულ მაინტერესებდა იმ ბიჭს რა ბედი ეწია, ნახა თუ არა ის გოგო, რატომ მოექცა ასე. უამრავი კითხვა მაწუხებდა და ვერც წარმოვიდგენდი, რომ თითქმის ერთი წლის შემდეგ, ამ ამბის მეორე გმირს მე შემახვედრებდა ბედი. მეგონა, ის ბიჭი იმ გოგოს სასტიკად დასჯიდა. თურმე ნურას უკაცრავად. აი, რა მიამბო ლიკამ:

"კოკა 8 წლის წინ გავიცანი, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით. იმ წელს დავამთავრე სკოლა და ქობულეთში დასასვენებლად წავედი. სანაპიროზე დაწყებული ლტოლვა რამდენიმე დღეში დასრულდა, თვე-ნახევრის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. ოჯახში გაგიჟდნენ. მოითხოვდნენ აბორტი გამეკეთებინა, ბავშვის მამა დამესახელებინა. გაგიკვირდებათ და თურმე იმ ბიჭმა თავი სხვა გვარ-სახელით გამაცნო და ვეღარ ვპოულობდი... მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ის თბილისელი იყო, მე კი სხვა ქალაქში ვცხოვრობდი. ოჯახის წევრების დაჟინებას, აბორტი გამეკეთებინა, ერთი ძალიან კარგი ადამიანის დახმარებით დავუძვერი. მყავს ულამაზესი გოგონა, მამამისს კი დიდი წვალების შედეგად მივაგენი... იმ საღამოს ღამის კლუბში შევხვდი. რა თქმა უნდა, ვერ მიცნო. იოლად წამოეგო ანკესს. სასაფლაოზე რომ ავედით, კი შემეშინდა, მაგრამ ჩანაფიქრი სისრულეში უნდა მომეყვანა. სპეციალური ნივთიერებით გავთიშე, მოვხვეტე ყველაფერი და შიშველ-ტიტველი დავტოვე მანქანაში... ჩემს მოსაძებნად თავის შეწუხება არ დასჭირვებია, თავის ტელეფონზე დარეკა და ვუპასუხე. ვუთხარი, სადაც უნდა მოსულიყო და ბავშვი სახლში დავახვედრე. გაუჭირდა, მაგრამ რვა წლის წინანდელი ამბავი მაინც გაიხსენა. დავაშავე, რომ ვინაობა დაგიმალეო. ბავშვი ძალიან ჰგავს, თუმცა, მაინც მოითხოვა დნმ-ის ანალიზი...

მე მისგან მეტი არაფერი მინდა. როგორც კაცი, არ მაინტერესებს. მინდოდა სცოდნოდა, რომ შვილი ჰყავს და მასზე ეზრუნა. ეს საწადელი მიღწეულია. იმიტომ შეგხვდით, რომ მინდა ქალებმა იცოდნენ, თუ შვილი გყავთ და მისმა მამამ გაგამწარათ, ისე ნუ იძიებთ შურს, რომ თქვენც დაზარალდეთ და ბავშვიც. მომგებიან სვლებზე იფიქრეთ და აუცილებლად გამოგივათ.

სოფო გამრეკელი //