როცა კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის - კვირის პალიტრა

როცა კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის

"მასთან მოხშირებული სადილების შემდეგ ლევანმა ძაძებშიც შეამჩნია მოვლილი სხეული და გემრიელი საჭმელების სუნთან ერთად ქალის სუნმაც მიიზიდა - ახალი ბინიდან ლალიკოსთან ჩამავალი შიდა კიბეც გააკეთებინა, უცხო თვალისგან დაფარულად რომ შესძლებოდათ სიახლოვე"

სამეზობლოში ამბობდნენ, ნინო თავზე ბუზს არ ისვამსო, ნასათუთებ, ძვირფასბეჭდებიან თითებს ლაპარაკის დროს თვალში საცემად ატრიალებდა, თითქოს ცდილობდა ყველა მიეხვედრებინა, მდიდარი და ყოვლისშემძლე ქალი ვარო. რამდენიმე მეზობელს სხვადასხვა საქმის მოგვარებაშიც დაეხმარა. ასე ცდილობდა გავლენიანი ქალის სახელის დამკვიდრებას.

იტალიურ ეზოში რძლად საკმაოდ ახალგაზრდა მოვიდა. 90-იანი წლების დამდეგს, ლევანმა ცოლად რომ შეირთო, მეზობლები ჭორაობდნენ, პატარძალი ლამაზი კია, მაგრამ სულელია, იმის უნარიც არ შესწევს, უმაღლესი დაამთავროსო. მაშინ ნინოს მამამთილმა მეზობელს, პროფესორ ემზარს შეუკვეთა ნინოს სადიპლომო ნამუშევრის მომზადება. იმდენი ფული გადაუხადეს, რომ პროფესორმა სახლი გაარემონტა. მერე, როცა ნინო კვლავ მამამთილის წყალობით კარგ სამსახურში მოეწყო, იმიჯის შექმნაც დაიწყო. მანამდე დასცინოდნენ, დედამთილი რომ არ ჰყავდეს, ოჯახის წევრებს შიმშილით დახოცავსო. დედამთილი რამდენიმე წელიწადში ხელიდან რომ გამოეცალა, ნინო გამზადებულ კერძებს მარკეტში ყიდულობდა და ქმარ-შვილსა და მოხუც მამამთილს ატყუებდა, თვითონ ვაკეთებო. ერთ დღეს ლევანმა ცოლი მარკეტიდან მზა საჭმელებით მომავალი რომ დაიჭირა, გაგიჟდა, გეთქვა, დამხმარე ქალს აგიყვანდიო. აუყვანა კიდეც, მაგრამ ლევანს დედის მომზადებული საჭმელი ენატრებოდა. გაიძახოდა, დედაჩემს იშვიათი ხელი ჰქონდა, მას ვერავინ შეედრებაო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლევანის გულისკენ გზა პირდაპირ კუჭზე გადიოდა.

ერთ დღეს სამსახურში მიმავალი პირველ სართულზე ქვრივი ლალიკოს კართან მათრობელა სუნს შეუჩერებია. იდგა და ხარბად ისრუტავდა საჭმლის სუნს. ლალიკოს კარის გაღების ხმასაც ვერ გამოუფხიზლებია, მხოლოდ ქალის კივილზე შემხტარა... სუნმა დამათრო და ცხონებული დედაჩემი გამახსენაო, სიცილით უთქვამს ლევანს. დეიდა ეთერივით ვერ ვაკეთებ, მაგრამ მობრძანდი, მიირთვიო, მიუპატიჟებია ლალიკოს და ლევანი თვალის დახამხამებაში სასადილო ოთახში აღმოჩენილა... მერე ლალიკოსთვის უთქვამს, კარგი გაკეთებული შქმერული მომენატრაო. მეორე დღეს ლალიკოს კართან შქმერულის სუნს გაუქვავებია ლევანი, შქმერულს ჩიხირთმა მოჰყვა, ჩიხირთმას - გებჟალია... ასე დაიწყო ის, რაც მალე ყველა მეზობელმა შეამჩნია, გარდა მისი ცოლისა.

დილით ლევანი შინიდან ისეთ დროს გადიოდა, როცა ნინო უკვე სამსახურში იყო. მოკლედ, საუზმეს თუ სადილს ლალიკოსთან ვახშმები მოჰყვა. ასე გავიდა წელიწადი. ლევანმა ლალიკოს ზედა სართულზე ბინა იყიდა და ისე მოაწყო, ნინოს არაფერი გაუგია. რა თქმა უნდა, ვერც იმას ხვდებოდა, რომ მისი ქმარი მივლინებებში კი არა, ქვედა სართულზე ათევდა ღამეებს. შვილები უკვე უცხოეთში სწავლობდნენ, ნინო შინ ხშირად მარტო იყო, მაგრამ თავს მშვენივრად გრძნობდა და ვერც წარმოედგინა, რომ ქმარი ღალატობდა, მეზობლებიც ვერ უბედავდნენ თქმას, ქალო, თვალი გაახილეო.

მათი სახლი სამსართულიანი იყო. მესამეზე ლევანს მშობლების დანატოვარი ვეებერთელა ბინა ჰქონდა. პირველზე ლალიკო ცხოვრობდა. ნაადრევად დაქვრივებული ლალიკო ყველას უყვარდა. საბრალოს ქმარი ავტოავარიაში დაეღუპა და გათხოვებაზე აღარც უფიქრია. შვილიც არ დარჩენია. მერე ქუჩის მხარეს გამავალ კედელში ფანჯარა გაჭრა და თავის ნახელავ ნამცხვრებს ყიდდა. კლიენტი არ აკლდა, თავსაც უვლიდა, მაგრამ ძაძებში იკარგებოდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალის სილამაზე. მასთან მოხშირებული სადილების შემდეგ ლევანმა ძაძებშიც შეამჩნია მოვლილი სხეული და გემრიელი საჭმელების სუნთან ერთად ქალის სუნმაც მიიზიდა. ამიტომაც ახალი ბინიდან ლალიკოსთან ჩამავალი შიდა კიბეც გააკეთებინა, უცხო თვალისგან დაფარულად რომ შესძლებოდათ სიახლოვე, მაგრამ მეზობლებს რას გამოაპარებდნენ. ლალიკომ შავი გაიხადა, მზესავით გამოანათა და ერთ დღეს მეზობლებმა მოზრდილი მუცელიც შეამჩნიეს. ამასობაში ლევანმა ცოლს გამოუცხადა, უნდა განვქორწინდეთ, ისედაც ცალ-ცალკე გვძინავს და ვითომ ერთად ცხოვრებას რა აზრი აქვსო? ნინომ ერთი კი შეჰკივლა, რას ამბობო, მაგრამ ბევრი არ უდარდია. იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ წაერთმია ქმრისთვის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება, მაგრამ წინდახედულ ლევანს ყველაფერი მოუგვარებია - ბინა, რომელიც მათ საცხოვრებელსა და ლალიკოს შორის იყო, კაცს თავიდანვე ლალის სახელზე გაუფორმებია.

როგორც მეზობლები ამბობენ, ამ ამბავში ყველაზე მეტად გასაკვირი ის არის, რომ ნინოს, 51 წლის ქალს, აზრადაც არ მოსვლია ქმრისთვის ეკითხა, რატომ გადასახლდა ლალიკოსთან. მალე ლალიკომ იმშობიარა და ლევანთან ჯვარიც დაიწერა. ეს როგორ ვერ შევამჩნიეო, უთქვამს გაკვირვებულს და ძვირფასბეჭდებიანი ხელები თვალში საცემად გაუსავსავებია.