მიყვარხარ... - კვირის პალიტრა

მიყვარხარ...

სიყვარულის ისტორიები

გულის სწორის მოსანადირებლად ბევრს ჩაუდენია ""საქმენი საგმირონია". ახლა სწორედ ასეთ "გმირობებს" გავიხსენებთ...

დათო და მაკა

დათოს დიდი ხანია მაკა ჩავარდნოდა გულში, მაგრამ თქმას ვერ უბედავდა. მაკა ცოტა თავნება გოგო იყო, თაყვანისმცემლებს ცხვირს უბზუებდა და ხშირად დასცინოდა კიდეც. დათოსაც ამის ეშინოდა.

იმ დღეს სტუდენტებმა ჯერ მცხეთა მოიარეს, მერე თბილისში დაბრუნდნენ და ქალაქის ქუჩებში გაისეირნეს. მერე დათომ გადაწყვიტა, მაკა შინ მიეცილებინა და გზაში სიყვარულში განდობოდა. დათომ ვაჟკაცობასა და რაინდობაზე ჩამოაგდო სიტყვა. მაკამ კი ირონიულად ჩაილაპარაკა, - სადღა არიან ისეთები, უწინ რომ ქალის გულის მოსაგებად რას აღარ სჩადიოდნენო და ირიბად გახედა ბიჭს. დათომ უკან არ დაიხია:

- უწინ ვაჟკაცობას ბრძოლაში იჩენდნენ, ახლა დონ კიხოტივით ქარის წისქვილებს ხომ არ შეერკინებიანო. მაკამ გადაიკისკისა და - ომი რა შუაშია, ვაჟკაცი ყველა დროში ვაჟკაცია და თვითონ ხვდება, როდის რა გააკეთოსო. ამასობაში თამარის ხიდს მიადგნენ. მტკვარი ადიდებული მოღელავდა. ბევრი აღარ უფიქრია დათოს, ხიდის მოაჯირს გადაევლო და... ახლა რომ მტკვარში გადავხტე, გაგახარებო? - ჰკითხა გაფითრებულ მაკას.

- გაგიჟდი? გეხუმრე... ახლავე გადმოდი, - გაბზარული ხმით უთხრა გოგომ.

- მინდა დაგიმტკიცო, რომ მიყვარხარ და შენი გულისთვის მტკვარშიც გადავხტებიო  და... კიდევ კარგი, კარგად ცურავდა... ნაპირზე კი ბიჭს თვალცრემლიანი და უკვე “შეყვარებული გოგო  ელოდა..

ზაზა და ნატა

ნატას მამა გულს ასკდებოდა, რომ მისი მშვენიერი ქალიშვილი "ქუჩის ბიჭს" უყვარდა და სიყვარულით დაბრმავებული "შტერი" გოგოც მზად იყო, ცოლად გაჰყოლოდა. ზაზა ხან რა სიურპრიზს უწყობდა, ხან რას და 18 წლის გოგოსაც მეტი რა უნდოდა?! მამამ მკაცრად გააფრთხილა ქალიშვილი: - მაგ ავარას რომ გაეკიდო, დაგკარგავო... ერთ მშვენიერ დღეს, შინ დაბრუნებულ მამა-შვილს მთელი ეზო და აივანი ყვავილებით მოფენილი დახვდათ.

ნატას თვალები გაუბრწყინდა, ბატონი თეიმურაზი კი საშინლად გაბრაზდა, - ამ სისულელეებით გიბნევს ჭკუა-გონებას ის არამზადაო, - და იყვირა, - ახლავე მოაშორეთ ეს ყვავილები აქაურობასო...

არ გასულა სამი დღე, რომ შუაღამისას თეიმურაზი ძაღლის ყეფამ გამოაღვიძა. გარეთ რომ გაიხედა, ეგონა, ხანძარიაო - მთელი ეზო კაშკაშებდა. გაგიჟებული გამოვარდა აივანზე. ყოველ კუთხე-კუნჭულში სანთელი ლიცლიცებდა, მიწაზე კი ანთებული სანთლებით ეწერა: "ნატა, მიყვარხარ!" გაცეცხლებულმა  გრძელი შლანგი შეუერთა ონკანს და ყველა სანთელი ჩააქრო.

ერთხელ, სახლთან მისულ თეიმურაზს მთვრალი მძღოლი დაეჯახა. მისი თანამგზავრები დაშავდნენ, თეიმურაზი კი გონდაკარგული საავადმყოფოში მიიყვანეს. სწორედ იმ საღამოს ზაზა ახალ სიურპრიზს გეგმავდა, მაგრამ ნატას სახლის ჭიშკართან დამალული ავტოავარიას შეესწრო და ცოცხალ-მკვდარ სასიმამროს უკან გაედევნა. ექიმებმა - სასწრაფოდ სისხლის გადასხმაა საჭიროო. დაფაცურდნენ ახლობლები, მაგრამ ასე ადვილი არ აღმოჩნდა სისხლის შოვნა. ზაზას კი ზუსტად იმავე ჯგუფის სისხლი ჰქონდა...

როცა თეიმურაზი სააქაოს მობრუნდა, ცოლმა მიახარა - სასიძომ გადაგარჩინაო.

ჰოდა, ზაზას თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია...

თეა და გიო

ეგონათ, შეყვარებულები სკოლის დამთავრებისთანავე შეუღლდებოდნენ, მაგრამ თეას სისხლის დაავადება აღმოაჩნდა და საჭირო შეიქნა სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გაგზავნა. არადა, თეას ოჯახს ძალიან უჭირდა, ვისაც რა შეეძლო, იმით დაეხმარა ავადმყოფ გოგონას. მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთი იყო.

გიო საავადმყოფოში ათენ-აღამებდა. დედას აფიქრებდა შვილის თავგამოდება. ერთხელ შეაპარა შვილს:

- გიო, თეა ისეთი სენითაა დაავადებული, რომ საეჭვოა გამოჯანმრთელდეს. მძიმე დღეებში მის გვერდით იყავი, მაგრამ ახლა ამას უნდა შეეგუოო.  ბიჭს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. დედას ერთი კი გახედა განაწყენებულმა და სასწრაფოდ გაეცალა. რამდენიმე დღეში, ბებია-ბაბუის ნაჩუქარი სახლი პირველსავე კლიენტს მიჰყიდა და ფული თეას მშობლებს მიუტანა... გაოცებულნი მისჩერებოდნენ შეყვარებულ ბიჭს, უჭირდათ ამხელა თანხის გამორთმევა, მაგრამ გიო შეუვალი იყო: თუ თქვენ არ მოახმართ თეას ამ ფულს, მაშინ მე წავიყვან გერმანიაში და მივხედავო...

დიდ სიყვარულს დიდი სასწაულის მოხდენა შAეუძლია... თეას დროულად ჩაუტარდა საჭირო და აუცილებელი მკურნალობა... დღეს გიოს და თეას 2 წლის სანდრო ჰყავთ და ძალიან ბედნიერები არიან.

ვახო და მარი

ჯერ იყო და ხაზვის უმკაცრეს მასწავლებელს, საყვარელი გოგონას დასაცავად სიტყვა შეუბრუნა. ამის გამო, ლამის სკოლიდან გააძევეს ვახო... არადა, როგორი მოსათმენია, როგორ გილანღავს მასწავლებელი შეყვარებულს რაღაც დეტალის შეცდომით დახაზვის გამო! პედსაბჭოზე დასმულ საკითხს - ვახო ჯაჭვლიანი სკოლიდან გაირიცხოსო - ბევრი მასწავლებელი წინ აღუდგა. ყველამ იცოდა, რომ ვახოს მარი უყვარდა და ის "თავხედური საქციელიც" მის დასაცავად ჩაიდინა.

მერე ვინც კი ცოტათი მაინც აწყენინა გოგონას, ყველა ერთმანეთის მიყოლებით "მიაწვინა"... და, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ უბედავდა ეთქვა, - მიყვარხარო.

ერთხელ გაიფიქრა, - კედელზე  დავუწერ, რომ მიყვარსო. წითელი საღებავით და ფუნჯით მარის კორპუსს მიადგა. გოგონა ბოლო, მეცხრე სართულზე ცხოვრობდა. სადარბაზოში ყველა სართულის კედელზე დაწერა: "ვახო+მარი=შეყვარებულებს".

მართალია, ამ რომანს ბედნიერი დასასრული არ ჰქონია, მაგრამ მარის დაქალები დღესაც აღტაცებით იხსენებენ ამ ამბავს...