რაც გიწერია...
01-11-2010
ჩემი მეგობრების ამბავი მინდა გიამბოთ. ასეთი რამ ხშირად არ ხდება და ყველა გაოცებული (და გახარებულიც) ვართ.
მე და ლიკა თანაკლასელები ვიყავით და დღემდე ვმეგობრობთ, მერე გავთხოვდი და შვილი მოვანათვლინე...

გოჩა ჩვენზე ორი წლით უფროსი იყო. ლიკას იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავდა, კვირა არ გავიდოდა, მისი გულისთვის სკოლაში ან უბანში ჩხუბი არ ამტყდარიყო. ერთ-ერთი მთავარი “მოჩხუბარი” გოჩა გახლდათ, თუმცა ლიკა მასაც და სხვებსაც პირს არ უჩვენებდა. დავამთავრეთ სკოლა, ლიკას ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ
ყველას უარით ისტუმრებდა. ვეხუმრებოდით, - ნუ ხარ წუნია, თორემ დარჩები გაუთხოვარიო. ერთხელ მოიტაცეს კიდეც, მაგრამ ბიძამისი პოლიციაში მუშაობდა და იმ დღესვე დააბრუნეს შინ.

გავიდა წლები. ლიკასგან იმედგაცრუებული გოჩაც სადღაც გადაიკარგა. მერე გავიგეთ, რომ უცხოეთში იყო. ლიკას თითქოს ბედი ჰქონდა ჩაკეტილი - ვერც გათხოვდა და მერე
უმუშევარიც დარჩა. გადაწყვიტა, უცხო ქვეყნის გზას დასდგომოდა... 38 წლის იყო, როცა იტალიაში გაემგზავრა. ორი წელია იტალიის ერთ-ერთ ზღვისპირა ქალაქშია. სამუშაო პირობებით კმაყოფილია.

ამ ერთი თვის წინ ლიკამ ისეთი სასიხარულო ამბავი გამაგებინა, კარგა ხანს ხმას ვერ ვიღებდი. თურმე გოჩამ (ისიც უცოლოდ იყო დარჩენილი) გაიგო მისი ადგილსამყოფელი, ჩააკითხა სტრასბურგიდან (იქ ცხოვრობს და მუშაობს) და ურთიერთობა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ ააწყვეს, იქ უცებ მოაგვარეს. ლიკა უსაზღვროდ ბედნიერია და მიხარია, რომ გვიან, მაგრამ მაინც იპოვეს ერთმანეთი. საახალწლოდ აპირებენ თბილისში ჩამოსვლას. თურმე ერთად ყოფნა ეწერათ და უცხო ქვეყანაში იპოვეს ერთმანეთი.

ნინო თავაძე, თბილისი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით