"მე და ჩემი მეუღლე 7 წელი ველოდებოდით შვილს. კითხვები: "რატომ არ გყავთ შვილი?!" "ვისი ბრალია?!" ცხოვრებას კიდე უფრო მიმძიმებდა" - კვირის პალიტრა

"მე და ჩემი მეუღლე 7 წელი ველოდებოდით შვილს. კითხვები: "რატომ არ გყავთ შვილი?!" "ვისი ბრალია?!" ცხოვრებას კიდე უფრო მიმძიმებდა"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 47 წლის მაკა სუდაძე ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"33 წლის ვიყავი მე და ჩემი მეუღლე რომ დავქორწინდით. ქალისთვის ეს ის ასაკია, როცა უკვე ყველა გათხოვებაზე ეკითხება. ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, როცა მეკითხებოდნენ - "რატომ არ თხოვდები, რამე პრობლემები ხომ არ გაქვს?!" და პასუხსაც არ ელოდებოდნენ ხოლმე, ისე იწყებოდა შეგონებები - "გათხოვდი, ოჯახი აუცლებელია!". მახსოვს, ჩემთვის იმდენად შემაწუხებელი იყო და უკვე ისეთი მობეზრებული მქონდა ეს ყველაფერი, რომ სანათესაოს შეკრებებზე აღარ დავდიოდი. საკუთარ თავზე იმხელა წნეხი გამოვცადე, რომ მსგავს კითხვას არასოდეს დავუსვამ ადამიანს. არადა, ქორწინებას იმდენი რამე მოყვება, რომ თუ ზუსტად არ გაქვს გადაწყვეტილი ვის და რატომ უნდა გაყვე, დიდია იმის ალბათობა, რომ ვერ შედგეს, ან ტანჯვად გექცეს ცხოვრება. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ქალმა ამ ზეწოლის მიუხედავად, ეს ნაბიჯი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგას.

მე და ჩემი მეუღლე 7 წელი ველოდებოდით შვილს. ჩვენი ერთად ყოფნის მყარი სურვილი და საერთო მიზანი რომ არა, შვილების გაჩენის ეტაპამდე ვერც მივიდოდით. იმ რეპროდუქცული ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, რომლის გამოც შვილი არ გვიჩნდებოდა, ყველაზე რთული იყო ის წნეხი, რაც საზოგადოებისგან მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვიბრძოდი, თითქოს კედელი მქონდა აღმართული და შიგნით ყველას არ ვუშვებდი, მაინც შეეძლოთ ადამიანებს სტრესის მოყენება და თავის მობზრება გაუთავებელი კითხვებით - "რატომ არ გყავთ შვილი?!" "ვისი ბრალია?!", რაც ცხოვრებას კიდე უფრო მიმძიმებდა. ამ საზოგადოებრივი ზეწოლით, ისეთი ფსიქოლოგიური ფონი ვითარდება, გგონია, რადგან შვილი არ გყავს, სიცოცხლეც არ გაქვს. ვიცი, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ მაშინ მძაფრად აღვიქვამდი ყველაფერს. აუტანელია მუდმივი კითხვები და მუცელზე ყურება. არ ვიცი, მე ამაზე რთული პერიოდი ცხოვრებაში არ მქონია.

ჩემს ქმარს რას ეუბნებოდნენ მაშინ, ზუსტად არ ვიცი. ალბათ, იყვნენ ისეთებიც, ვინც ეტყოდა, რომ დამშორებოდა. გავრცელებულ შეხედულებებით ხომ ასეა - ქალს თუ 2-3 წელი შვილი არ ჰყავს, კაცმა ასეთი ქალი უნდა გამოცვალოს. თითქოს კაცს ცოლი მარტო ბავშვების გასაჩენად მოჰყავს. მე ჩემი ქმრისთვის ოდესმე რომ შემემჩნია, რომ ყოყმანობს ან რაღაც მომენტში შეცბა, აუცილებლად გავშორდებოდი, მაგრამ მან ამ ყველაფერს ძალიან ღირსეულად გაუძლო.

მიუხედავად ამისა, ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მქონდა, რომ საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი მეუღლის და მისი ოჯახის წინაშე. ეს დანაშაულის განცდა იმდენად მტანჯავდა, რომ 4-5 წლის შემდეგ ჩემს ქმართან საუბარი მე თვითონ დავიწყე, იქნებ დავშორდეთ და ბავშვები სხვაგან გააჩინო, ან რამე სხვა გზა მოძებნო შვილის ყოლის-მეთქი. თან როცა ვხედავდი, რომ მასაც ძალიან უნდოდა შვილი, ეს ჩემთვის დიდი პასუხიმგებლობა და სტრესი იყო. ამიტომ, ზოგჯერ მართლა მინდოდა ამ ტვირთისგან გავთავისუფლებულიყავი. კიდევ ერთი ადამიანი, ვისიც მერიდბოდა და მეშინოდა, რამე არ შემჩნეოდა, ჩემი დედამთილი იყო, რადგან ვიცოდი, ამას ვერ ავიტანდი. მაგრამ ამ ქალს, სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი ამ წლების განმავლობაში და არასოდეს არაფერი უგრძნობინებია, რაც დიდი სტიმული იყო ჩემთვის.

მოკლედ, ორსულობამდე გრძელი და რთული გზა გავიარე, ჩემი მეუღლისა და მისი ოჯახის გვერდში დგომით. ამ ყველაფერს ის ემატებოდა, რომ მკურნალობას დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება და მთელი ჩემი შემოსავლები ამას ხმარდებოდა. დავითვალე და 60 000 ლარი მაქვს გადახდილი მკურნალობებში. ეს არის ძალიან ძვირადღირებული მკურნალობა, რომელსაც სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად არ აფინანსებს და არც სადაზღვევო კომპანიები ფარავენ იმას, რაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება.

ერთ დღესაც ტესტი გავიკეთე და ორსულობა აჩვენა. ამ ამბის შემდეგ, ჩემთვის ყველაფერმა აზრი შეიძინა და ის შვიდწლიანი შავ-თეთრი სამყაროც ერთ დღეში ფერადი გხდა. მოგვიანებით კი ექოსკოპიაზე კიდევ ერთი სასწაული აღმოვაჩინეთ - ჩვენ ტყუპების მშობლები ვხდებოდით. ფეხმძიმობის შემდეგ ზეწოლის და კითხვების ახალი ტალღა დაიწყო - იყო თუ არა ხელოვნური განაყოფიერება, როგორი ბავშვები გაჩნდებიან და ა.შ. მოკლედ, ქალს ყველა ეტაპზე უწევს საკუთარი თავის და დაბადებული თუ ჯერ არ დაბადებული შვილების დაცვაც, რადგან ადამიანებმა არ იციან სად გაავლონ ზღვარი საკუთარ და სხვის პირად სივრცეს შორის.

თავიდანვე ბევრს ვფიქრობდი ჩემი შვილების თავისუფლებაზე. აი, მაგალითად, საკუთარი თვალით ვუყურებდი, როგორ ამოვიდა ჩემი სხეულიდან ორი სხვადასხვა ადამიანი. უბრალოდ, ერთი სქესით ბიჭია, მეორე გოგო. გააზრებული მაქვს, რომ ჩემი მოვალეობაა ხელი შევუწყო, რომ ორივე თავისუფალი და ჯანმრთელი გაიზარდოს, მიიღოს განათლება. დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს "გოგოსავით" ჩაიცვას თუ "ბიჭივით". გოგოს აუცილებლად ვარდისფერი და პომადა უნდა უყვარდეს, თუ ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მე თვითონ არასოდეს ე.წ. გოგოს თამაშები არ მითამაშია და ჩემს მშობლებს ეს ყველაფერი რომ შეეზღუდათ, ვერნაირად ვერ ვიქნებოდი ასეთი თავისუფალი, მებრძოლი და ძლიერი, ანუ ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. მერე საერთოდ 90-იან წლებში პოლიტიკაში ჩავერთე, რაც მაშინ, კიდევ უფრო, სასწაული იყო ქალისთვის. ჟვანიას გუნდში, ანუ შევარდნაძის ოპოზიციაში ვიყავი და ხალხს ეშინოდა. ამიტომ, გვიან ღამე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. მაშინ, 23-24 წლის გოგო ვიყავი და მამიდაჩემი ტიროდა ხოლმე - "ვაიმე, შენ ვერ გათხოვდები, მამიდა, ხან ამის მანქანაში ზიხარ, ხან იმისი"-ო. ჩემი ოჯახის ნდობა და მხარდაჭერა რომ არა, მე ვერ მოვიდოდი აქამდე. მერე უკვე მეუღლეც მიჭერდა მხარს და ამიტომ, ცხოვრების წესი არც დაოჯახების შედეგ შემიცვლია - ხან ტრეინინგზე ვიყავი, ხან შეხვედრაზე. ჩემი ქმარი ხშირად ხუმრებოდა, მე არ ვიცოდი ტურისტზე თუ ვიქორწინეო. ჩემი შვილებიც სხვა რეალობას უყურებენ სახლში. მაგალითად, მე არ ვარ ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული ქალი ან ცოლი და ჩემთან სტუმრად მოსულ ადამიანს, წინსაფრით არ ვხვდები. მე და ჩემი მეუღლე საქმეებსაც სულ ვინაწილებთ და ბავშვებსაც ერთად ვზრდით ჩვილობიდან. თან ტყუპები გვყავდა და ამიტომ, სულ ერთად ვიღვიძებდით - ერთი ერთს უცვლიდა, მეორეს მეორე. ეს თავისთავად ასე მოხდა, საგანგებო წინასწრი შეთანხმებების გარეშე. მე მთელი კვირაც დამიტოვებია ბავშვები ჩემს ქმართან და ძმასთან. კომფორტულადაც ვარ ხოლმე და არც ვნერვიულობ, რადგან დარწმუნებული ვარ ბავშვებს კარგად მოუვლიან. თან ვიცი, რომ ეს სწორია, რადგან მე ორივე მინდოდა ყოველთვის - შვილებიც და კარიერაც და ვიცი, რომ არაფერს ვაშავებ. კი, მეც შეიძლება ერთ დღეს შვიდნაირი საჭმელი გავუკეთო ოჯახის წევრებს, მაგრამ ეს ჩემი ვალდებულება არ არის და არც მინდა რომ იქცეს. რა თქმა უნდა, შარვალსაც ვუუთოვებ ჩემს ქმარს, როცა მას ეჩქარება, მაგრამ მასაც გაუკეთებია იგივე.. საერთოდ, დიდი სისულელეა ეს დაყოფილი მოვალეობები და "ქალის საქმე" ან "კაცის საქმე". კაცი მთელი სოფლისთვის თუკი აკეთებს ხაშლამას და ჩაქაფულს, საკუთარ შვილებს ბორში რომ მოუხარშოს, ეს რატომ არის სირცხვილი, უბრალოდ, მართლა არ მესმის.

მინდა ჩემი გოგო ისე გაძლიერედეს, რომ იცოდეს რა უნდა, რადგან პატარა გოგოებზე განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს და ჩვენ ბავშვობიდან ვკლავთ მათში პიროვნებებს. ზოგჯერ მეც მიწევს ვებრძოლო ჩემს თავში სტერეოტიპებს, რადგან იმედნადაა გამჯდარი ეს ყველაფერი, რომ ვეღარც ვიაზრებთ, ისე ვამბობთ. თან დედობა საერთოდ სხვა განზომილებაა და ყველა ვცდილობთ სასათბურე პირობები შევუქმნათ ჩვენს შვილებს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ხშირად მიფიქრია, მომეწონება თუ არა ჩემნაირი რძალი ჩემი შვილისთვის და როგორც დედა, სხვანარად ვიწყებ ფიქრს - მეცოდება, რომ წარმოვიდგენ ჭურჭელს როგორ რეცხავს ან ალაგებს, მაგრამ იქვე ვებრძვი ხოლმე ჩემს თავს, რომ ეს არ არის სწორი. მშობლებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მათი გასავლელი გზაა, ისევე, როგორც ოდესღაც ჩვენი გზა იყო ის, რაც გავიარეთ."

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან