"არ ვიცი, მართლა ეგონა თუ თამაშობდა, რომ ჩემზე უკეთესი ქალი არ დადიოდა დედამიწაზე" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, მართლა ეგონა თუ თამაშობდა, რომ ჩემზე უკეთესი ქალი არ დადიოდა დედამიწაზე"

ორჯერ დაკარგული ძლიერი საყრდენი და ქალი, რომელმაც მწუხარებას აჯობა

ელა ქარდავა იმ ქალებისთვის უნდა იყოს სამაგალითო, ვისაც ბედმა ქვრივობა არგუნა. ბედნიერება ამგვარი ქალბატონებისთვის მეუღლის ხსოვნის პატივისცემა და შვილების სიყვარულია!

ელაზე განსაკუთრებულად ბაბუამ იქონია გავლენა. მისი გავლენით აირჩია პროფესიად ისტორიკოსობა და ცხოვრების წესიც... თუ ვინმეს უჭირდა, ბაბუა ავანგარდში იდგა მუდამ. მივიდოდა, ორიოდე სიტყვას დატოვებდა, ვიღაცას დატუქსავდა, ვიღაცას მოეფერებოდა და გასაჭირიც სადღაც იმალებოდა. რა გრჯისო, თუ შეეკითხებოდნენ, ღიმილით უპასუხებდა: თუ შენი ჩარევა საქმეს წაადგება, მეტი უკეთესი რაღააო! ბაბუა ბევრს კითხულობდა და წერდა. განსაკუთრებით უყვარდა რვეულში ლამაზი ამბების ჩაწერა, ზოგჯერ სიზმრებისაც! ელაც ბაბუას მსგავსად, ბევრს კითხულობდა. ღამით მისი საძინებლიდან "გაპარებული" შუქით ხვდებოდა მოხუცი, რომ შვილიშვილი რომელიღაც დიდ წიგნს ფურცლავდა. სასიყვარულო რომანებს კითხულობდა მალულად ელა, მაშინ სხვა დრო იყო - სიყვარულზე საუბარსაც კი ერიდებოდნენ გოგონები... ზოგჯერ ბაბუა-შვილიშვილს კითხვაში დაათენდებოდათ ხოლმე. კითხვაზე, რატომ ენთო მთელი ღამე ელექტრონი საძინებელში? გოგონა თავს იმართლებდა, გაკვეთილების მომზადებას დღისით ვერ ვასწრებ, ამიტომ ვკითხულობ ღამეო. მოხუცი დარდობდა, რას ვერ ერევა ჩემი შვილიშვილი, უნდა დავეხმაროო. ერთხელაც ელას ჩაეძინა და სასიყვარულო რომანს წააწყდა მოხუცი მის საწოლთან. ამას კითხულობო? - დაჰკითხვია მოხუცი და გოგონას აწითლებულ სახეს უსიტყვოდ გაუცია პასუხი. ამის კითხვა სირცხვილი არაა, ბაბუო, უკეთესი ღმერთს არც რა შეუქმნია სიყვარულზე და მოურიდებლად იკითხე, გაითავისე და აივსე ამ გრძნობითო!.. როცა რამეს დააშავებდა ელა, მოხუცი ტკბილად ეუბნებოდა, კი ხარ ყურების დაგლეჯის ღირსი, მაგრამ მეცოდებიო...

ბაბუას მერე ელასთვის გამოჩნდა კიდევ სხვა კაცი, რომელიც დაუვიწყარი აღმოჩნდა. სრულიად ახალგაზრდა ცხოვრების თანამგზავრი დაკარგო და მაინც იყო ბედნიერი, ეს უკვე ნიჭია... ელას ამ ჩანაწერში არაფერია მასში გადაჭარბებული ან შელამაზებული. უბრალოდ, მეუღლის გახსენებაა ისე, როგორც ეკუთვნოდა ადამიანს, რომელმაც თითქოს იჩქარა ამ ქვეყნიდან წასვლა:

"ეს იყო ადამიანი, რომელიც სხვის გასახარებლად მოევლინა დედამიწას. ბოლო სამი წელი ცალ-ცალკე მოგვიწია ცხოვრებამ. ის მოსკოვში დარჩა, მე და ბავშვები წამოვედით. აბსოლუტურად მარტომ, ბავშვების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ძლივს დავითანხმე. ჩვენი წამოსვლის წინადღეს გახარებული მოვიდა ძვირფასი ფეხსაცმლის ყუთით. ეს ფეხსაცმელები ძალიან მომწონდა და სიძვირის გამო არ ვიყიდე. "კენზოს" "ინსპექტორები" იყო, რომელიც ლამის მანქანის ფასი ღირდა... არ გვქონია ის ფუფუნება, რომ ყველა სურვილის დაკმაყოფილებაზე გვეფიქრა. მოკლედ, უყიდია და მოვიდა გაბრწყინებული. გადარევას ვარ, ცალკე სიხარულით, ცალკე იმის გამო, ამდენი რანაირად გადაიხადა! არ ვიცი, რომელი უფრო ჭარბობდა! მოსკოვი-მინსკის მატარებელში დაგვემშვიდობა (ფრენები აღარ იყო). ფანჯრიდან რომ გავხედეთ, დავინახეთ, ბაქანზე იდგა და ტიროდა. არ იცოდა, თუ ვხედავდით (პირველად ვნახე, რომ ტიროდა). ბავშვებმაც დაინახეს. ისტერიკა დაგვემართა, ძლივს დავწყნარდით. ხუთ წუთში დაგვირეკა, კეთილი მგზავრობა გვისურვა "მხიარული" ხმით. მეც "მხიარულად" დავემშვიდობე... ჩამოსვლიდან მე-5 დღეს ჩავიცვი ის ფეხსაცმელები. ჭკუაზე არა ვარ, ისე მომწონს! კი არ დავდივარ, ვსრიალებ. ტყავის ძირი აქვს, პრიალა. ვიფიქრე, სახლში რომ მივალ და გავიხდი, ეგრევე ხელოსანს წავუღებ და რეზინს ამოვაკვრევინებ ძირზე-მეთქი. ამის გაფიქრება და გასრიალება, დაგორება და ზღართანი ტატოს საბავშვო ბაღის კიბეზე (ტატო იმ დღეს მივიყვანე პირველად ბაღში), ერთი იყო. გამოიძახეს "სასწრაფო". სამ ადგილას მქონდა კოჭი გადაჩეხილი. ეს რა მომიწყვე, - დავურეკე, - შეულოცე ფეხსაცმელს?! ჩემმა ცოდვამ გიწია, რომ დამტოვეო, იყო პასუხი. ელა ქარდავა მეუღლესთან ერთად

სულ ვფიქრობ, რამდენად გამართლებული იყო გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნებაზე. ჯერჯერობით ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით. თუმცა ამას მაინც დრო გვიჩვენებს. წარმატებულები თუ იქნებიან ჩემი შვილები, მაშინ ვიტყვი უფრო თამამად.

ჩემი მეუღლე საქართველოში ხშირად დაფრინავდა. მეზობლები ეხუმრებოდნენ, ბაზარში ვერ დავდივართ ასე ხშირად, შენ როგორც დაფრინავ საქართველო-რუსეთს შორისო. რვა ბილეთი ედო წინასწარ ნაყიდი, როცა გარდაიცვალა. როგორც კი ფასდაკლებით გამოჩნდებოდა, ეგრევე ყიდულობდა და დაფრინავდა წინ და უკან. ვერ ძლებდა ჩვენ გარეშე. არანორმალურად ვუყვარდით. ეს იყო ადამიანი, რომელიც ჩვენთვის დაიბადა. სულ ვადანაშაულებ საკუთარ თავს, რომ ის იქ დავტოვე. ცნობილი გადეპორტირების პერიოდი იყო, ფიზიკურად გაუსაძლისი გახდა ცხოვრება მოსკოვში. ზოგჯერ მგონია, უფალმა ეს ყველაფერი იმისთვის მოაწყო, რომ ნელ-ნელა მიმაჩვია მის გარეშე ცხოვრებას...

არც ერთი დღე საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა. სულ სხვებისთვის იცხოვრა. ეძებდა, ვის როგორ დახმარებოდა. საოცარი ბიჭი იყო. არანორმალურად პოზიტიური... არ ვიცი, მართლა ეგონა თუ თამაშობდა, რომ ჩემზე უკეთესი ქალი არ დადიოდა დედამიწაზე. მე ასე მაგრძნობინებდა. მაჯერებდა, რომ ასე ფიქრობდა. უსაზღვროდ მაბედნიერებდა! ჩემთვის დაიბადა ეს ბიჭი და 12 აპრილს 46 წლის გახდებოდა..." იხილეთ სრულად

როლანდ ხოჯანაშვილი