"ვოცნებობ, არც ერთმა დედამ არ გამოსცადოს ის ტკივილი, მონატრება, რომელიც შვილების გარეშე ცხოვრებას მოაქვს" - კვირის პალიტრა

"ვოცნებობ, არც ერთმა დედამ არ გამოსცადოს ის ტკივილი, მონატრება, რომელიც შვილების გარეშე ცხოვრებას მოაქვს"

"ნურავინ გაბედავს ემიგრანტის სახელის ურიგოდ ხსენებას, სანამ ცუდს იტყოდნენ, კარგად მიმოიხედონ გარშემო, რამდენი უწესობა ხდება იქვე და სულაც არ სჭირდებათ ამისთვის საზღვარგარეთ წასვლა"

ირმა სარაული ემიგრაციაშია. გარდა იმისა, რომ როგორც თავად ამბობს, ემიგრანტი დედის მანტია მოირგო და ცდილობს, შვილებს, ოჯახს არაფერი მოაკლოს, ლექსებსაც წერს, კრებულიც გამოსცა და ამ გზით მიღებული შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს. ქალბატონი ირმა მწერალთა კავშირის წევრია, რომელსაც კულტურის დესპანის წოდება მიანიჭეს.

დაკარგული ლექსების რვეული

"წერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დავიწყე. მახსოვს, პატარა ვიყავი, ზეპირად ვთხზავდი რაღაცებს, ჩემებურად. არავის ვუმხელდი, უბრალოდ, მე მსიამოვნებდა, რაღაცნაირად თამაშს უფრო ჰგავდა გამოგონების პროცესი.

შემდეგ, როცა წამოვიზარდე, უკვე მცირე ზომის ლექსებზე გადავედი. ვწერდი და სამწუხაროდ, არ ვაგროვებდი, ამას არც ვამბობდი. ალბათ, თვითონაც ვერ ვაცნობიერებდი, რა იყო ეს. არც არავის ვეუბნებოდი ამ ჩემი გატაცების შესახებ, თორემ დარწმუნებული ვარ, დამეხმარებოდნენ ოჯახის წევრები. წარჩინებული მოსწავლე მთელ დროს მეცადინეობაში ვატარებდი და ასე მეგონა, ლექსებზე არ უნდა გავჩერებულიყავი (დიდი ხნის ამბებია). მიყვარდა თავისუფალი თემების წერა და კარგადაც გამომდიოდა. ჩემს დროს პიონერები და კომკავშირელები იყვნენ, შესაბამისი ორგანიზაციებით, მათ შორის სკოლებშიც. გამოდიოდა კედლის გაზეთები, რაც ჩემი ნიჭის საასპარეზო ადგილი გახდა ბავშვობაში.

შემდეგ უკვე გავიაზრე, რომ მინდოდა და აუცილებლად უნდა მეწერა. ავიღე სქელი რვეული და დავიწყე წერა. ვწერდი და ვწერდი ხელით რვეულის ფურცლებზე, როცა ამის სურვილი წამომივლიდა. ჩემმა საახლობლომ, სამეგობრომ გაიგო ამის შესახებ და ეს რვეული ხელიდან ხელში გადადიოდა.

ერთხელაც, უკვე მთლიანად სავსე რვეული უკან აღარ დამიბრუნდა... დღესაც არ ვიცი, სინამდვილეში რა ბედი ეწია. ვფიქრობ, ღუმელს შეეწირა ერთი ოჯახის მოხუცი წევრის ხელით. ეს ჩემთვის საშინელი დარტყმა იყო; იმდენად ძლიერი, რომ სტრესი მივიღე და ჩემმა გონებამ უარი თქვა წერაზე, რაღაც პროტესტის მსგავსი მოხდა ჩემში და მას მერე წლების მანძილზე, სიტყვაც არ დამიწერია, საერთოდ გამიქრა წერის სურვილი და ძალიანაც რომ მომენდომებინა, უბრალოდ, ვერ ვწერდი, არ გამომდიოდა. თითქოს ხელში კალამი არასოდეს მჭეროდეს.

გავიდა დრო. თითქმის მივიწყებას მიეცა ყველაფერი, აღარც მახსოვდა თუ ოდესმე ვწერდი, არანაირი რეაქცია არ მქონდა თუნდაც სხვისი ნაწერების კითხვისას. წავიკითხავდი და მორჩა, სულ ეს იყო, შეფასების სურვილიც კი არ მიჩნდებოდა. ყველაფერს ვუყურებდი ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მკითხველის პოზიციიდან და სასიამოვნოდ საკითხავიც კი არ მიღვივებდა რაიმე გრძნობას..."

ემიგრანტობის დასაწყისი

"მერე იყო და ცხოვრებაც აირია საქართველოში. რას აღარ მოვკიდე ხელი, კომერციული აფთიაქიდან ვაჭრობამდე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, უფრო და უფრო რთულდებოდა ყველაფერი. უკვე მეუღლე და ორი შვილი მყავდა. სამუშაო არ გვქონდა, არადა, შვილებს სწავლა, არსებობა ხომ სჭირდებოდათ?

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ჩავალაგე ჩემოდანი და ნაცნობის, ანუ დამსაქმებლის დახმარებით დავადექი სტამბოლის გზას და დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება. მადლობა ღმერთს, იმ ოჯახში, სადაც სამუშაოდ მიმიყვანეს, ბებო და ბაბუა ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ძნელი კი იყო მწოლიარე მოხუცის მოვლა, მაგრამ ბებო დედასავით გვერდიდან არ მცილდებოდა და სტიმულს მაძლევდა, არანაირად არ მზღუდავდა.

ექვსი წელი ბაბუას ვუვლიდი, მერე სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მე და ბებო დავრჩით, შრომაც შემიმსუბუქდა და მეტი თავისუფლებაც მომეცა. უძვირფასესი ქალბატონი გახლდათ, ჩემი მეგობრების და ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის ღია იყო მისი სახლის კარი. ჩემი გოგონა ყოველ ზაფხულს იქ ისვენებდა.

ხალხს აქ ერთი დასვენების დღე აქვს, ჩემთვის კი მნიშვნელობა არ ჰქონდა დღეებს - როცა თავისუფალი დრო მქონდა, შემეძლო გასვლა და ჩემი საქმის მოგვარება. ხშირად მომიყვანია სახლში უმუშევარი მეგობრები, ნაცნობები, ჩემი ბებო კი ყველას გულთბილად ხვდებოდა - ეს იშვიათობაა აქ. მე გამიმართლა ამაში, არ მიგრძნია, სხვისი სახლი რომ იყო..."

მეუღლე, შვილები...

"6 თვეში ერთხელ და თუ საჭიროა, უფრო ხშირადაც ვახერხებ საქართველოში ჩასვლას. აქ სამუშაო ვიზა მაქვს ისევ იმ მოხუცისგან და ამიტომაც ვარ შედარებით ლაღად. რატომ სტამბოლი? - სხვა ქვეყანაში რომ წავსულიყავი, ოჯახს უფრო მეტად მოვწყდებოდი. ახლა ჩემი შვილები დიდები არიან. ოჯახს სხვა სერიოზული შემოსავალი არა აქვს, ვაჟის ხელფასი მიზერულია და ჯერჯერობით, ვერანაირ გზას ვერ ვხედავ სამშობლოში დასაბრუნებლად... სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მუდმივი სამუშაო არც მე მაქვს და ხელფასები აქაც საშინლად დაბალია ინფლაციის გამო...

ერთი პერიოდი მეუღლეც წამოვიყვანე სტამბოლში. მაშინ ძალიან იწვალა, სად აღარ იმუშავა, მაგრამ რატომღაც ვერ აეწყო, შემდეგ ცოტა ნორმალური ადგილი ვნახეთ რესტორანში, კარგად იყო იქ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აქაურმა კაცმა გაუფუჭა საქმე, ალბათ თავისთვის უნდოდა ის ადგილი და უმუშევარი დარჩა. იმ პერიოდში ჩვენს შვილებს ბებო და პაპა უვლიდნენ, მერე კი სამწუხაროდ, ჯერ მამამთილი და შემდეგ მალევე - დედამთილიც გარდაიცვალა და გადავწყვიტეთ, ჩემი მეუღლე დარჩენილიყო სახლში, აქ მაინც ვერ აეწყო მისი საქმეები.

ამჟამად გოგონა არ მუშაობს, ვაჟი კი ბავშვთა კალათბურთის გუნდის მწვრთნელია..." (იხილეთ სრულად)