"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა" - კვირის პალიტრა

"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"

ქალბატონი თამარ ყაველაშვილი ჯერ იძულებით დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, წლების შემდეგ კი ემიგრანტობის გემოც გაიგო. მიუხედავად ამისა, მაინც პოზიტიურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ ამაში პოეზიის სიყვარული შველის. თუმცა, მის ლექსებში იგრძნობა ემიგრანტობის სევდაც, გადატანილი ტკივილიც... ქალბატონმა თამარმა ცოტა ხნის წინ ლექსების კრებული გამოუშვა, რომლის გაყიდვითაც მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოახმარა, კერძოდ - საქართველოდან თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ გოგონას გადასცა...

ქალბატონ თამართან ჩაწერილ ინტერვიუს წერილის სახე მივეცით, რადგან მისი ნაამბობი თანამიმდევრული გახლდათ:

"სოხუმი იბომბებოდა, ირგვლივ განუკითხაობა იყო, ტირილისა და გოდების ხმა ერთვოდა ბომბების ხმაურს. იძულებული ვიყავი ჩემი სახლი პატარა ბავშვთან ერთად დამეტოვებინა, თან იმ პერიოდში მეორე შვილის დაბადებას ველოდებოდი. მეუღლე იბრძოდა. გამწარებული მოვარდა სახლში და ჩქარა წადითო. სხვა გზა არ იყო, ავიყვანე ჩემი პატარა, მეზობლის ოთხი ბავშვი (რადგან მათი მშობლები ვერ ახერხებდნენ წამოსვლას) და წამოვედი. წავედი სად ან როგორ, ეს უკვე არ მახსოვს. ვიცი, რომ ვტიროდი. მეშინოდა, ცოცხლები ვერ გავიდოდით ცეცხლმოდებული ქალაქიდან. სამი დღე და ღამე დაბომბილ აეროპორტში ვათენებდით მშიერ-მწყურვალები, უფლის ანაბარად, მერე როგორც იქნა, ავედით ტრაპზე... ბავშვები დავითვალე და ერთი არ მყავდა (მეზობლის), ამიტომ უკან ჩავედი და ბავშვი ვიპოვე... ის თვითმფრინავი კი, საიდანაც ცოტა ხნით ადრე ჩამოვედი, აფრენიდან მალევე ზღვაში ჩამოაგდეს. გადავრჩით...

მერე დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის, ჩემი პატარასთვის და ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის. მაშინ 24 წლის ვიყავი, სიკვდილს ვუყურებდი თვალებში, მაგრამ აღარ მეშინოდა. იძულებით გადაადგილებული გავხდი. გვეხმარებოდა მთავრობა, რომელსაც ამდენი ლტოლვილის მიღება და მათთვის ელემენტარული პირობების შექმნა უჭირდა. მშობლებს მივაკითხე და გულში ჩამიხუტეს, მხარში ამომიდგნენ და ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვიყავი. მეზობლის ბავშვები კი მათმა ნათესავებმა წაიყვანეს...

რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემი მეუღლეც დაბრუნდა ომიდან და დავიწყეთ ფიქრი ისევ ახალი ცხოვრების გასაგრძელებლად. რამდენიმე წელიწადში ბინა ვიყიდე რუსთავში და ლტოლვილის სტატუსი მოვიხსენი, რომ ის, რაც მე მეკუთვნოდა, სხვისთვის მიეცათ, რადგან მე უკვე ჩემი ჭერი მქონდა...

გაჩნდა ჩემი ბიჭი და უკვე ორი შვილის დედა გავხდი. დღე და ღამე ვმუშაობდით, რომ რაღაც შეგვეძინა და ბავშვები გზაზე დაგვეყენებინა, მაგრამ საქართველოში ცხოვრება თანდათან უარესდებოდა, ამიტომ ამ პრობლემებმა დაგვაშორა მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს, ის უკრაინაში წავიდა. ვასწავლეთ შვილებს, ორივეს უმაღლესი განათლება აქვს და დღეს ვარ ძალიან ბედნიერი დედა. მყავს ორი შვილიშვილი, ჩემი სიცოცხლეები.

მაგრამ მერე დადგა ისევ დრო, როცა საქართველო უნდა დამეტოვებინა, ემიგრანტის მანტია მოვირგე და სტამბოლში წამოვედი. გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ჩემი შვილი იმ დროს ჯარში იყო. ხუთი ლარი დავტოვე და ტირილით, გათიშული გონებით დავჯექი ავტობუსში, რომელიც სერავდა თურქეთის ტრამალებს და უკან ვტოვებდი "დედის გულებს", ჩემს სამშობლოს. იქ მეზობელი დამხვდა და მან მიმიყვანა ოჯახში, სადაც მწოლიარე 120-კილოიანი ქალი დამხვდა მოსავლელი. ტირილში ვათენებდი და ვაღამებდი დღეებს. მკლავები საშინლად მტკიოდა. თან, ენა არ ვიცოდი, არაფერი მესმოდა, მაგრამ ხალხი იყო ძალიან კარგი და გადამატანინეს ყველაფერი. რვა თვე ვიმუშავე, მერე ბებო გარდაიცვალა და ისევ ახალ სახლთან, ახალ "პატრონებთან" შეგუება მომიხდა, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ესენიც კარგი ადამიანები არიან. არ გამჭირვებია, იმდენ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. დღეს ესენი, როგორც ოჯახის წევრს, ისე მთვლიან.

აქ ცხოვრება არაა იოლი არავისთვის, მით უმეტეს, თუ ენა არ იცი. აქ უცხო ადამიანები უნდა მიიღო და შეიყვარო, როგორც ოჯახის წევრი - თუ გინდა, რომ არ გაგიჭირდეს და არ დაიკარგო უცხო ქვეყანაში. თუ დაინახეს, რომ პატიოსანი ხარ, თავისიანად მიგიჩნევენ. აქ ყველას ვერც ენდობიან და არც გამოსდით ეს.

შვილებისა და სამშობლოს მონატრებას დილით ცრემლებით სველი ბალიში მახსენებდა. ექვსი წელი გავიდა, რაც ემიგრანტი მქვია. არ მიყვარს ეს სიტყვა და ჩემს ერთ ლექსშიც აღვნიშნე კიდეც ეს: "ლტოლვილის სტატუსმა დამღალა, არც ემიგრანტობა არ მხიბლავს..." მაგრამ რა ვქნათ, ჯერ ვერ ვხედავ გზას, რომელიც შინ დამაბრუნებს. პრობლემები აღარ მაქვს, მაგრამ ახლა ჩემი წიგნებით სხვის შვილებს ვეხმარები. ლექსების წერა ადრე დავიწყე, მაგრამ ყველაფერი სოხუმში დარჩა და სახლთან ერთად დაიწვა.

ექვსი წლის განმავლობაში ალბათ ყოველდღიურად ვწერ, ვწერ როგორ მიყვარდა, როგორ მენატრება, რას განვიცდი და ვწერ დაუსრულებლად სამშობლოზე. იხილეთ სრულად