როგორ გადაურჩა აბდალი მიტუშა საცოლის დაკარგვას - კვირის პალიტრა

როგორ გადაურჩა აბდალი მიტუშა საცოლის დაკარგვას

მიტუშა გურულია და როგორც გურულები ამბობენ, “აბდლური ლაპარაკი იცის, თვარა, აბდალა კი არაა.

მისმა ძმაკაცმა და მეზობელმა ნოდარამ კახელი გოგო რომ მოიყვანა ცოლად, მისიანებმა გურულად შეიცხადეს, მაგრამ იმ სოფელში ბრძენქალად მიჩნეულმა მიტუშას ბებიამ აღელვებული ნოდარა და მთელი საგვარეულო დაამშვიდა: - რა უჭირს, ნენა, კახელი რა, ადამიანი არააო? და ასე დასრულდა ეს ალიაქოთი.

ნოდარას უყვარდა კახეთში ჩასვლა, განსაკუთრებით რთველში და მიტუშასაც სულ თან დააპროწიალებდა. იქ მიტუშამ თავისი რძლის ბიძაშვილი გაიცნო, მოეწონა და რადგან ბებია ქსენიასგან შთაგონებული ჰქონდა, რომ “კახელიც ადამიანიაო, გადაწყვიტა, ცოლად შეერთო თვალებმაყვალა ნანო. ნოდარამაც შეაგულიანა, - კაია, მიდი, შენც კახელი მოიყვანე და უფრო თამამად ვიქნები კახეთშიც და გურიაშიცო.

მიტუშა შეხედული ბიჭი იყო, ყოჩაღი და ხუმარა, დასაწუნი არაფერი სჭირდა და ამიტომაც ნანომ სიყვარულის ახსნისთანავე თანხმობა მისცა. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და მიტუშამაც კახელი გოგო დანიშნა, ქორწილიც უნდა გადაეხადათ, მაგრამ ნანოს ბებია გარდაიცვალა. კახელები ძალიან დამწუხრდნენ, - ნაადრევი იყო მისი სიკვდილი, 82 წელი რა არის, მაგას 100 წლამდე უნდა ეცოცხლაო, - სინანულით ამბობდნენ. რაღა თქმა უნდა, დაკრძალვაზე გურულებიც ჩავიდნენ. ქელეხი დიდი გადაიხადეს კახელებმა. ეს არ გაჰკვირვებიათ გურულებს, ის კი ეუცხოვათ, გამოსვენებამდე რომ სუფრასთან არ მიიპატიჟეს.

აქანე ასთე იციან, - აუხსნა ნოდარამ გურულებს, - სამაგიეროდ, ქელეხი იციან ნამეტანი კაიო... მიტუშა მგლოვიარე მამაკაცებთან ერთად იდგა აივანზე და სამძიმარს ღირსეულად იღებდა. დაკრძალვის მერე გრძელ სუფრასთან მიიპატიჟეს ყველანი. სუფრას, რომ იტყვიან ჩიტის რძე არ აკლდა. მერე და მერე, ცხელ-ცხელი კერძებიც შემოიტანეს. გურულები ცოტა არ იყოს, შემცბარნი მისჩერებოდნენ ხორცის ნაირ-ნაირ კერძს, - ეს ოსტრიო, ეს ჩიჟი-ბიჟიო... ბოლოს შილაფლავი და ხაშლამაც რომ ჩამოატარეს, გურულებს თვალები გადმოსცვივდათ. ნოდარა, როგორც სტაჟიანი სიძე, გურულებს ცერა თითს აჩვენებდა, - ყველაფერი გემრიელია, გადაიღეთ, თვარა ეწყინებათ კახელებსო...

ცოტა ხანში, რომ შეზარხოშდნენ, მიტუშა ადგა, კმაყოფილმა მოავლო თვალი ხვავიან სუფრას და კახელების საამებლად ხმამაღლა გამოაცხადა: - ა, ძამა, აქანე უნდა იხოცებოდეს და იმარხებოდეს ხალხიო... უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ნოდარამ თავში შემოირტყა ხელი, მაგრამ რაღა დროს! ეს რა დამემართა, როგორ არ გავაფრთხილე, რომ ხმა არ ამოეღო, ხომ ვიცი მაგის ამბავი, რაცხა აბდლურს რომ დაახეთებდაო, - გაიფიქრა და სასწრაფოდ სცადა ძმაკაცის ნათქვამის გამოსწორება:

- მიტუშას უკვირს, ქელეხი თქვენში ხორცით რომ იციანო... სასიმამროს არაფერი უთქვამს, მარა ხალხი რომ წავიდ-წამოვიდა, გოგია ქალიშვილს მიუტრიალდა და - ეგ შენი ენაწყლიანი მიტუშა ხომ არა ჭედამსო? დაბნეულმა ნანომ აღარ იცოდა, რა ეპასუხა. გოგიამ სტუმარმასპინძლობის წესს არ უღალატა და ღამე გაათენებინა გურიიდან ჩამოსულებს, მაგრამ ნანოს უთხრა: - ეგეთი ჭკუამჩატე სიძე არ მჭირდებაო... ორი დღე და ღამე იტირა გახუნებულმა პატარძალმა, მას თავისი “ჭკუამჩატე და გაჭედილი” მიტუშა უკვე ქვეყანას ერჩივნა. ბოლოს, დაასკვნა, რომ უნდა გაჰპარვოდა მამას. ასეც მოიქცა..

დღეს სამი შვილი ჰყავთ მიტუშასა და ნანოს. როცა მიტუშა კახეთშია სტუმრად, ყოველ სიტყვას უკვირდება, რათა კვლავ არ წამოსცდეს რაიმე აბდლური და დინჯი კახელები არ განარისხოს, სამაგიეროდ, გურიაში იმისთანა ცინცხალი ამბები ჩააქვს, ყველაზე მეტად ნანო ხალისობს...