მისი ბედნიერების დღე გვიან, მაგრამ მაინც დადგა - კვირის პალიტრა

მისი ბედნიერების დღე გვიან, მაგრამ მაინც დადგა

ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენს სახლში ისეთი ამბავი მოხდა, რომ მეზობლებმა მთხოვეს, თქვენთვის მომეწერა წერილი.

მეორე სართულზე ცხოვრობს ნინო დეიდა, ძალიან კარგი ადამიანი. ნინო დეიდა 25 წლით უფროსია ჩემზე, მაგრამ ასაკობრივ სხვაობას ხელი არ შეუშლია ჩვენი მეგობრობისთვის. იგი დიდთან დიდია, პატარასთან - პატარა. რაღა ბევრი გავაგრძელო და დეიდა ნინოს პირველი სიყვარულის შესახებ ვიცოდი... თურმე მერვე კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ რაღაცის გამო დაშორებულან. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ნინო სხვას გაჰყოლია ცოლად, გოგი კი დარჩენილა უცოლოდ.

რამდენიმე წლის შემდეგ ნინო ქმარს გაშორდა, იმან სხვა ქალი შეირთო, ნინო კი ორ შვილს ზრდიდა. მისი უფროსი გოგონა ჩემი თანატოლი და მეგობარია. თეა გათხოვილია და სამი შვილი ჰყავს, ნინო დეიდას ვაჟმაც შარშან შეირთო ცოლი და 7 თვის გოგო ჰყავს.

დედაჩემის ავადმყოფობის გამო სოფელში კარგა ხნით წავედი. შინ დაბრუნებულს ამბავი დამახვედრეს - ნინო დეიდა გათხოვდა და ქორწილისთვის ვემზადებითო. გაოცებისგან დავმუნჯდი.

ნინო დეიდას პირველ სიყვარულს თბილისში ბინა გაუქირავებია და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ლამაზ სოფელში, მამაპაპისეულ სახლში დაბინავებულა. თურმე გულმა ვერ მოუთმინა და ნინოს ჯერ შეეხმიანა, მერე კი მოინახულა.

არ ვიცი, რა მოხდა ასე უცებ, ან როგორ მიიღო ასე მალე გადაწყვეტილება ოთხი შვილიშვილის ბებიამ, ფაქტი ისაა, რომ ჩაალაგა თავისი ბარგი-ბარხანა და გოგისთან ერთად წავიდა სოფელში. შვილებისთვის უთქვამს, - ორივე ფეხზე მყარად დგახართ, ორივეს ოჯახებიც გაქვთ და სამსახურებიც. აქამდე რომ მომეყვანეთ, ყველაფერი გავაკეთე და ახლა უფლება მომეცით, დარჩენილი სიცოცხლე ტკბილად და ბედნიერად გავატაროო.

ასე გაგვითხოვდა ჩვენი ნინო დეიდა. ყველას გულით გვიხარია ამ ძალიან კარგი ადამიანის ბედნიერება.

ლალი სიხარულიძე