უნებლიე დანაშაული და ტრაგედიადქცეული ცხოვრება - კვირის პალიტრა

უნებლიე დანაშაული და ტრაგედიადქცეული ცხოვრება

ოჯახში ტკბილად ცხოვრობდნენ დედა, მამა და ქალ-ვაჟი. ეკა 22 წლის იყო, როცა გათხოვდა. ძმა, ნიკა, მასზე 4 წლით უმცროსი. ცას ეწია სიხარულით, დისწული რომ შეეძინა. პატარას გიორგი დაარქვეს.

ეკა 3 თვე დარჩა დედასთან, მერე შინ დაბრუნდა, მაგრამ სამსახური რომ გამოუჩნდა, იძულებული გახდა, ბავშვი დედასთან დაეტოვებინა. მშობლებს იგი შაბათ-კვირას მიჰყავდათ და პატარა ისე ტიროდა, ნიკას გული ეთუთქებოდა ხოლმე. მასთან ყოფნა ყველაფერს ერჩივნა... ბავშვიც მის დანახვაზე ისე აჭყლოპინდებოდა, სხვისკენ აღარც იხედებოდა.

ნიკა ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ფეხი მოიტეხა და იძულებული გახდა, თავი დაენებებინა. ხშირად ამბობდა ხოლმე, - მე არ გამიმართლა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ გიო მაგარი ფეხბურთელი დადგესო. მართლაც, ახალფეხადგმულ ბავშვს მთელი სერიოზულობით ავარჯიშებდა. გიო ეცემოდა ხოლმე, ხან ხელს ან ფეხს იტკენდა, მაგრამ ყველას გასაოცრად არ ტიროდა, მზად იყო, ბიძასთან მთელი დღე ეთამაშა.

იმ საბედისწერო დღეს ნიკა ადრე დაბრუნდა ლექციებიდან. დედამ სთხოვა, ახლობლის პანაშვიდზე უნდა წავიდე და ბავშვი შენ დაიტოვეო. აბა, ამაზე უარს როგორ იტყოდა. ბებიის წასვლის მერე თავისებურად მოილხინეს ბიძა-დისშვილმა. ბევრი ითამაშეს, მერე მულტფილმებს უყურეს. ბებია არ ჩანდა. ნიკამ რომ შეატყო, ბავშვს ეძინებოდა, აჭამა და დააძინა.

გვიან საღამოს ერთ-ერთ კლუბში აპირებდნენ ბიჭები წასვლას და ნიკას ხან ვინ დაურეკა და ხან - ვინ. საათ-ნახევარში გიოს გაეღვიძა, მაგრამ ტირილი არ დაუწყია, ბიძის ხმა რომ ესმოდა, მშვიდად იწვა და საწოლში ფუმფულა დათუნიას ეთამაშებოდა. ნიკა ტელეფონით მეგობარს ელაპარაკებოდა. ეგონა, ბავშვს ისევ ეძინა. მერე გიოს მოჰბეზრდა საწოლში ყოფნა, გადმობობღდა და ფანჯარასთან მივიდა. იქ უყვარდა ხოლმე რაფაზე ჯდომა. ბებოსთან ერთად იყურებოდნენ გარეთ, ერთად ელოდნენ ნიკას.

მაისის თბილი და მზიანი დღე იდგა. ფანჯარა ღია იყო. პატარას ცნობისმოყვარეობამ სძლია და რაფაზე აცოცდა, მერე იქვე წამოსკუპდა და ეზოში გადაიხედა. ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ. უკეთ რომ დაენახა თამაში, გადაიწია და... მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს რაღა გადაარჩენდა?! ნიკა ისევ ტელეფონზე ლაპარაკობდა, როცა მეზობლებმა ამოაკითხეს... სიტყვის დაძვრას ვერავინ ახერხებდა, არ იცოდნენ, როგორ ეთქვათ ეს შემზარავი ამბავი...

თავზარდაცემულმა ეკამ ძმას მუშტები დაუშინა, - როგორ დამღუპეო. ნიკას მამას ნერვიულობისგან ინსულტი დაემართა და ლოგინად ჩავარდა.

ნიკამ სწავლას თავი დაანება და მონასტერში წავიდა. ერთხანს იქ იყო, მაგრამ როცა გააგებინეს, მამაშენი გარდაიცვალა და დედაც ვერ არის კარგადო, შინ დაბრუნდა. პანაშვიდებზე არც და და არც სიძე პირს არ აჩვენებდნენ, სიტყვაც არ უთქვამთ მისთვის.

მამის დაკრძალვის შემდეგ მონასტერში აღარ წასულა, დედა იყო მისახედი, ეკას კი მშობლების და ძმის სახელის გაგონებაც არ უნდოდა. შემთხვევითი უბედურების გამო შეიძულა დედაც და ძმაც. ნიკამ დედის თხოვნით სწავლა გააგრძელა. მერე მუშაობაც დაიწყო. შვილიშვილის სიკვდილის შემდეგ 5 წელი იცოცხლა ქალმა, ბოლო წელს ლოგინად ჩავარდა, ნიკა უვლიდა დედას. ეკამ არც ავადმყოფ დედას “აპატია” უნებლიე დანაშაული. გოგონა რომ გაუჩნდა, ძმას უნდოდა მიელოცა, მაგრამ დამ და სიძემ ახლოს არ გაიკარეს.

სანამ დედა ცოცხალი იყო, უფრო მხნედ ეჭირა ნიკას თავი, მისი გარდაცვალების მერე დეპრესიაში ჩავარდა. მეგობრები ცდილობდნენ, ტკივილი და დარდი შეემსუბუქებინათ მისთვის, მაგრამ ნიკას მარტოობა ერჩივნა... ერთი უცნაურობა დასჩემდა: თავის სახლთან დაჯდებოდა ავტობუსში და ქალაქის ბოლომდე მიჰყვებოდა.

მერე ისევ უკან გამოჰყვებოდა. ასე აკეთებდა დღეში რამდენჯერმე, სანამ კარგად არ დაბნელდებოდა. ავტობუსის მძღოლებმა იცოდნენ მისი უბედურების ამბავი და არავინ არაფერს ეუბნებოდა. უჭირდა სახლში გაჩერება. მერე მეზობელმა ნიკას მეგობრებსა და ნათესავებს ურჩია, ბინა გამოიცვალოს, აქაურობა წარსულს ახსენებს და ამიტომ ვერ გამოდის დეპრესიიდანო... ჭკუაში დაუჯდათ ნიკას გულშემატკივრების რჩევა.

ახალ სახლთან ახალაშენებული ეკლესია დახვდა ნიკას. წირვა-ლოცვაზე სიარულმა აშკარად მოჰგვარა შვება. მერე მგალობელთა შორის ერთი სანდომიანი გოგონა გაიცნო, დაუახლოვდა.

რაც აწუხებდა, რაც სტანჯავდა ამდენი ხნის განმავლობაში, ყველაფერი უამბო თამარს. ახალგაზრდები მალე მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი... ნიკამ და თამარმა ჯვარი დაიწერეს. ქორწილის გადახდის სურვილი ვაჟს არ გასჩენია და არც გოგოს დაუძალებია, მაგრამ ახლო მეგობრებისთვის პატარა სუფრა მაინც გაშალეს. ნიკას ძალიან უნდოდა, მის ამ სიხარულს და და სიძეც დასწრებოდა, მაგრამ ვერ შეჰბედა, - ჩვენთან მოდითო.

ეს ამბავი სწორედ თამარმა მიამბო და მთხოვა გამომექვეყნებინა, - იქნებ წერილის წაკითხვის მერე მაინც მოიბრუნოს დამ ძმისკენ პირიო. ნიკას სულს ისედაც ღრმა იარა ამჩნევია, მაგრამ დედმამიშვილმა ხომ უნდა შეუნდოს ის უნებლიე დანაშაული, რომელსაც თითქმის მთელი ოჯახი შეეწირა!