"მოკლე ჭკუით "დამარიგა",რკინების და მძიმე ჩანთების თრევას აჯობებს პირადზე იფიქროო" - რას ჰყვება 29 წლის ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

"მოკლე ჭკუით "დამარიგა",რკინების და მძიმე ჩანთების თრევას აჯობებს პირადზე იფიქროო" - რას ჰყვება 29 წლის ახალგაზრდა

For English scroll down

თამუნა ტაბატაძე | Ta moon | 29 წლის, თბილისი

„ერთ-ერთი მგზავრობისას გავიაზრე რომ ბავშვობაში ოცნებები არ მქონია. იყო პატარ-პატარა სურვილები, რომლებიც ძალისხმევისა და მუდარის გარეშე სრულდებოდნენ. აი არასდროს დამავიწყდება ველოსიპედი, როგორც ბავშვობის ერთადერთი ოცნება, რომელიც 15 წლის მერე შევძელი ამეხდინა. ისე მახსოვს ის დღე, ხელფასიდან შეგროვებული თანხით რომ გამოვიწერე და სახლის მაგივრად ჯერ სამსახურში წავიყვანე. აი, ბიჭი რომ ვყოფილიყავი ალბათ ოცნებასაც ვერ მოვასწრებდი ისე ამისრულდებოდა.

ბავშვობის სურვილებში, ჩემს დღევანდელ საქმიანობასა და პროფესიაზე წარმოდგენაც კი არ მქონია. სკოლის პერიოდში თითქმის ყველა სფეროში გამოვცადე ჩემი თავი. ინტერესი ყველაფრის მიმართ მქონდა, მაგრამ მერე როგორც ასანთის ღერი თავიდან დიდზე აალდება და ბოლოსკენ ნელ-ნელა იწყებს ქრობას, აი, ეგეთი რამ ხდებოდა ჩემში. ოჯახში სურდათ ექიმი ვყოფილიყავი. ქირურგიამ გამიტაცა, მერე ფილოსოფიამ. ამ უკანასკნელზე ყველაზე დიდხანს ვიყავი შეჩერებული, მანამდე კიდევ უამრავი გაუაზრებელი სურვილები იყო. მე მაინც სხვა რამე მინდოდა, უფრო მეტი. როდესაც ადამიანს რაღაცის სწავლა სურს ეს ძალიან კარგია, თუმცა შეიძლება დასჭირდეს ისეთ საკითხებთან შეხება, რომელსაც ვერავინ შეასწავლის, რადგან ამისთვის უნდა დაიბადო და შეძლო შემდგომ განვითარება. ამ ყველაფერს მაშინ ნამდვილად ვერ ვფიქრობდი, მაგრამ ვგრძნობდი.

ბავშვობიდავნე ითრგუნებოდა ყველა ჩემი ახალი სურვილი და იდეა, რადგან ოჯახის წევრებისგან მიიჩნეოდა, რომ სურვილები, რომელიც ჩემში ჩნდებოდნენ არ შეესაბამებოდა რეალობას და რომ ყველაფერი აღემატებოდა ჩემს ძალებს. "გოგო ხარ, ამიტომ მოიქეცი და ჩაივცი როგორც გოგომ".

დღეს პროფესიით დოკუმენტური კინოს რეჟისორი ვარ, თუმცა გადაღებებზე ოპერატორად მივდივარ ხოლმე. თავიდან, არაფერი ისე არ მიშლიდა ნერვებს, როგორც დამკვეთის რეაქცია, როცა გაიგებდნენ, რომ ოპერატორი მე ვიყავი და კიდევ ის ფრაზა "რატომღაც ბიჭს ველოდით."

თავიდან ჩემი არჩევანი სერიოზულად ოჯახში არავის მიუღია. უამრავი პრობლემა შემექმნა მხოლოდ იმის გამო, რომ გოგო ვიყავი. უზომოდ ბევრი ხეტიალი დავიწყე. სახლში გვიან შევდიოდი და ყოველ დღე ჩვეულებრივი ომი მქონდა ოჯახში ამის გამო. მაშინ დაიწყო ჩემი ღამის თენებაც. რამდენჯერ ყოფილა ოთახში შემოსულან დარდით: "ვაი, ვაი რა ტყუილად იკლავ და ინადგურებ თავს. რომ დაამთავრებ მერე მაინც სახლში უნდა იჯდე, სად იმუშავებ, ვინ მიგიღებს". ეს ისე კარგად მახსოვს, ჩემი პირველი საკურსოს მონტაჟის დროს დილის 6 საათზე რომ მითხრა დედაჩემმა დილა მშვიდობისას მაგივრად. შიში არასდროს მქონია, რადგან არასდროს იყო ჩემი გონება დაკავებული ამაზე ფიქრით. ყველაფერი თავისთავად ვითარდებოდა ჩემი სურვილისა და შრომის შესაბამისად. ისე, მერე ამ ფილმმა გრანპრი მიიღო, როგორც "საუკეთესო სტუდენტური დოკუმენტური ფილმი".

მიყვარს ფოტოგრაფია. თავიდან ჰობი იყო, რომელიც შემდეგ, ასევე ჩემი შემოსავლის წყაროც გახდა. მობილური ფოტოგრაფია კი, უბრალოდ ჩემი თავისა და ემოციური მდგომარეობის მინიმალისტური გამოხატულებაა.

"ბევრი ნაცნობ-ახლობლები მხედავნენ საღამოს 9-10 საათზე. მესალმებოდნენ ღიმილით, თბილად და მერე მიწყვიტავდნენ, რომ გვიანია და სახლში უნდა წავიდე, რადგან გოგო ქუჩაში ღამით მარტო არ უნდა დადიოდესო. რეალურად ლექციების მერე ჩემი სეირნობა იყო პრობლემა.

ოჯახში განჩნდა კითხვები: "თუ რეჟისორი უნდა იყო, რას დადიხარ ამ კამერით, ან ეს შტატივები სულ უნდა ათრიო მთელი ცხოვრება?. ბიჭად მაინც დაბადებულიყავი, არ იქნებოდა სალაპარაკო შენი ქუჩა-ქუჩა სიარული."

როდესაც პირველი კამერა ვიყიდე ჩემებს ფასი დავუმალე. ზუსტად ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდათ. აი ახალი კამერის ფასი კი ალბათ არც წარმოუდგენიათ. ჩემმა დამ იცის მხოლოდ ეს ყველაფერი.

ერთხელ გარეთ ვარ, გადაღებაზე მაგვიანდება. დილაა და ველოდები მძღოლს რომ მომაკითხოს. ამ დროს ერთმა "კეთილის მსურველმა" ძველმა ნაცნობმა ჩამოაიარა. მომიკითხა და თავისი მოკლე ჭკუით "დამარიგა", ძალიან მაგარი გოგო ხარ, ამ რკინების და მძიმე ჩანთების თრევას აჯობებს პირადზე იფიქრო, შექმნა ოჯახი და მერე ქმარი მანქანით გატარებსო. ბიჭს ჰომ არ ეტყოდა ამას? ქალი მარტო ვერ ივლის?! აი, ეს სტერეოტიპები ბავშვობიდან მოდის, რომელიც ილექება დროის მერე, იხლართება გონებაში და შემდეგ ვეჩეხებით მიღებულ სურათს. მე მაინც მგონია სხვა ადამიანების სიტყვები და ქმედებები იქამდე შეგვეხებიან, სადამდეც ჩვენი აზრები და ლოიალური დამოკიდებულებები მათ ამის საშუალებას მისცემს.

დღეს ისეთ რეჟიმში ვარ თითქმის არ მძინავს, მაგრამ მაინც ვცდილობ ფეხით ვიხეტიალო ისევ. ქუჩის ყველა კუთხეში ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდის ნახვა შეგიძლია. კადრსშიდა მონტაჟის ეფექტით ერთი ქუჩა ენაცვლება მეორეს და ამ დროს ფაქტობრივად ნახულობ კინოს. ეს როგორ უნდა გამოვტოვო. დაკვირვებაც ერთგვარი გამოცდილებაა და თვალის ახელა. რაზეც არ ფიქრობ სწორად იმას შეიძლება წააწყდე. აი, ამას მიშლიდნენ წარსულ წლებში.

დღეს ამ პრობლემების 90% პროცენტი მოგვარებულია. ყველაფრისთვის ბრძოლაა საჭირო, უფასოდ არაფერი გვეძლევა, უნდა დაიმსახურო. მაქვს ბევრი მიზანი. ყოველდღე ვცდილობ მოვიცალო საკუთარი სურვილებისთვის, ზრდისთვის და კინოსთვის, რომელიც ისევ მინდა რომ გადავიღო. ვიყო უფრო სრულყოფილი, ვიდრე აქამდე და გავაკეთო უფრო მეტი, ვიდრე ჩემი ყოველდღიური საქმიანობაა, რომელსაც აუცილებლად უნდა ვაკეთებდე. მე მაინც მგონია დავიბადე მაშინ, როცა ჩემი ადგილი ვიპოვე. მანამდე უბრალოდ მაძიებელი ვიყავი და საკუთარ თავში მოხეტიალე“.

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან