დედამთილმა მე დამადანაშაულა, - რაც შენ ოჯახში შემოხვედი, მას მერე წავიდა ჩვენი საქმე უკანო - კვირის პალიტრა

დედამთილმა მე დამადანაშაულა, - რაც შენ ოჯახში შემოხვედი, მას მერე წავიდა ჩვენი საქმე უკანო

ეს ამბავი 80-იანი საქართველოს ერთ საკურორტო ქალაქში მოხდა.

ნატა მეცხრე კლასში იყო, როცა იმ ქალაქის გავლენიანი ოჯახის შვილმა დაადგა თვალი და აიჩემა, ეს გოგო ჩემი ცოლი უნდა გახდესო...არადა, ნატას სულ სხვა ბიჭი უყვარდა. ხომ იცით, პირველი სიყვარული როგორი რომანტიკულია?! ერთი სულით ელოდებოდა ხოლმე გოგონა ზაფხულის მოსვლას... ორი წლის წინ , თბილისიდან ჩამოსულ მამიდაშვილს, გიგას, თან ახლდა მეგობარი დათო. პირველივე წუთიდან ბიჭს გულში ჩაუვარდა სიფრიფანა და ლამაზი გოგონა. დათო ჯერ ვერ ბედავდა გრძნობის გამხელას, მაგრამ როცა გოგონასგანაც იგრძნო იგივე, გიგას გამოუტყდა, შენი ბიძაშვილი მიყვარსო. გულის სიღმეში ეშინოდა, ვაითუ, გიგა გავანაწყენოო, მაგრამ პირიქით მოხდა, გიგას ძალიანაც გაუხარდა და შეყვარებულების მესაიდუმლე გახდა. . . ჰოდა, ნატასთვის ზაფხულის დადგომა მეცხრე ცაზე ყოფნას უტოლდებოდა. იცოდა, არდადეგები როგორც კი დაიწყებოდა, რამდენიმე დღეში მამიდაშვილი თავის მეგობართან ერთად ჩვეული ხალისით შეაღებდა ჭიშკარს და შორიდანვე დაიძახებდა: "მიგვიღებთ თბილისელ ლტოლვილებს?"

იმ წელს კი, ცოტათი დაუგვიანდათ ბიჭებს სტუმრობა, ნატას შეატყობინეს, რომ ივლისის დასაწყისისთვის ჩავიდოდნენ . უსაშველოდ გაიწელა ივნისის თვე. ნატამ ძალიან მოიწყინა, ადგილს ვერ პოულობდა. მერე, თამრიკო (ბავშვობის მეგობარი) აუტყდა: ასეთს ვერ გიყურებ, დათო მალე ჩამოვა და სულ ერთად იქნებითო... ხვალ ლიკას (მათი საერთო მეგობარი) დაბადების დღეა, წავიდეთ და გავერთოთო. სწორედ , ეს დაბადების დღე გახდა ნატასთვის საბედისწერო. კლასელების გარდა, სხვა ბიჭებიც იყვნენ სტუმრად, წლოვანებით მათზე უფროსები. "მაგარი მამიკოს" შვილი თაზო, სკოლიდანვე "ყოჩი"იყო. სწავლით არ გამოირჩეოდა, გავლენიანი მამის გამო დირექტორიც და მასწავლებლებიც მის ნებისმიერ უსაქციელობას თვალს არიდებდნენ. მამიკომ ჩაწყობით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მოაწყო და წელიწადში ორჯერ თბილისში ჩადიოდა, რომ შვილს გამოცდებზე დამაკმაყოფილებელი ნიშნები მიეღო. ნატა დანახვისთანავე მოეწონა...

მეორე დღეს ქუჩაში გადაუდგა და უცერემონიოდ აჯახა: მომწონხარ და ცოლად უნდა მოგიყვანოო. ნატა ჯერ დაიბნა, მერე არც მან დაიხია უკან, - მე კი სხვა მიყვარსო და უკანმოუხედავად გაიქცა. უარს არ იყო მიჩვეული ცხოვრებისგან განებივრებული ბიჭი, ძმაკაცებს უხმო და მოტაცების გეგმაც დასახეს, სახლთან ჩაუსაფრდნენ და ორი დღის მერე პურის საყიდლად გამოსული გოგონა მანქანაში ძალით ჩატენეს. ცოტა ხანში, თაზოს მამამ ახლობელი მიუგზავნა ნატას მშობლებს,  - იმედია, ჩემთან დამძახლებაზე უარს არ იტყვით, შევხვდეთ და ქორწილზე დავილაპარკოთო. . .

ბევრი ეხვეწა დედ-მამას, ნუ დამტოვებთ ამ ოჯახში, თაზო არ მიყვარსო, მაგრამ მშობლებისგან სასტიკი უარი მიიღო: ოჯახი ძლიერია, კარგი პატრონი გეყოლება, სწავლაშიც ხელს შეგიწყობენ და არაფერი გაგიჭირდება, მაგათგან რომ წამოხვიდე, სახელი გატეხილი გექნება და ვინღა გითხოვს, დრო რომ გავა, ქმარი შეგიყვარდება და ბედნიერიც იქნებიო... თუმცა, ასე არ მოხდა. საშინელმა დეპრესიამ შეიპყრო, თავის მოკვლაზეც ფიქრობდა. მერე, როცა მიხვდა, რომ დედა გახდებოდა, შეეგუა ბედს. თაზო არც მამობამ შეცვალა, ფუქსავატურ ცხოვრებას იყო შეჩვეული, მისთვის ოჯახი კი არა, დროსტარება იყო მთავარი.

დათომ დიდხანს იდარდა ნატოს გათხოვება, რამდენჯერმე სცადა მისი მონახულება, მაგრამ ნატა აღარ შეხვდა. მას უკვე "გათხოვილი ქალი"ერქვა და მშობლებისგან შთაგონებულს სჯეროდა, რომ სახელს და ოჯახის პატიოსნებას უნდა გაფრთხილებოდა.

ნატა დღეს 51 წლისა. იგი 12 წლის წინ წავიდა ემგირაციაში. დროდადრო ჩამოდის ხოლმე იტალიიდან, როცა მონატრება გაუსაძლისი ხდება, აქ მას ორი შვილი და სამი შვილიშვილი ელოდებიან.

ნატა: - დროც იყო ისეთი, რომ გოგოს მოტაცება არავის უკვირდა, ის უფრო მიუღებელი იყო, განათხოვარი გრქმეოდა, ვიდრე მთელი ცხოვრება უბედურად გეგრძნო თავი. ჩემი მშობლები ხვდებოდნენ, რომ ბედნიერი არ ვიყავი, განიცდიდნენ, მაგრამ არ იმჩნევდნენ, მეტიც, დედა გამუდმებით ჩამჩიჩინებდა, რომ ისეთ ოჯახზე, როგორშიც მე მოვხვდი, ბევრი ოცნებობდა, რომ უზრუნველი ცხოვრება მქონდა და ამით კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი.

მეორე შვილი რომ შემეძინა, თითქოს ბედს შევეგუე, მაგრამ სიყვარული არა და არ მოვიდა. ვერაფრით ვეგუებოდი კაცს, რომელმაც ფსიქიკა შემირყია და ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. ვოცნებობდი სამედიცინოზე ჩამებარებინა და ექიმი გამოვსულიყავი.

მეორე გოგონა 7 წლის მყავდა, როცა ჩემი ქმარი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ის ნასვამი ბრუნდებოდა რესტორნიდან, გვერდით საყვარელი ეჯდა. საერთოდ, რაც ცოლად მომიყვანა, მას მერე არც ქალებზე, არ ქეიფზე არ უთქვამს უარი. ეს მისი ცხოვრების სტილი იყო, სხვანაირად ვერც კი წარმოედგინა. ჩემთვის კი, სულ ერთი იყო, ვისთან იქნებოდა. ატყობდა, რომ არ მედარდებოდა და უფრო და უფრო თავზეხელაღებული ხდებოდა. სახლში იშვიათად მოდიოდა, მაგრამ როცა მოდიოდა, აგრესიულად მექცეოდა. მამამისის ეშინოდა, თორემ ფიზიკურადაც გამისწორდებოდა.

დედამთილ-მამამთილზე აუგს ვერ ვიტყვი, მაგრამ ვერც ისინი შევიყვარე, რადგან საძულველი კაცის მშობლები იყვნენ. ადამიანად არ მთვლიდნენ, ჩემი აზრი, განცდა, დარდი არ აინტერესებდათ; როგორც თოჯინას ისე მექცეოდნენ, მაცმევდნენ, მაჭმევდნენ, შვილიშვილებს პატრონობდნენ. თაზოს ცოლობამ ერთიანად დამაცარიელა. საკუთარი მშობლების მიმართაც კი ვერაფერს ვგრძნობდი. ერთადერთი, ვისაც ვერ ვღალატობდი და სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, ჩემი შვილები იყვნენ. თაზოს სიკვდილის მერე მამამისს დიდხანს არ უცოცხლია, ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა. დედამთილმა მე დამადანაშაულა, - რაც შენ ოჯახში შემოხვედი, მას მერე წავიდა ჩვენი საქმე უკანო. არაფერი მითქვამს, არ მიყვარდა მასთან ლაპარაკი...

ეკონომიურად რომ გაგვიჭირდა, გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა. იტალიაში ახლობელი მუშაობდა და დამპირდა, რომ მეც მიშოვიდა სამსახურს... ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები გამოვტოვე, ვერ დავესწარი შვილების სკოლის დამთავრებას, მერე უნივერსიტეტების... საბუთი გავაკეთე და დიდი ხნის მერე ვიგრძენი, რა არის სიხარული, როცა ჩემი მონატრებული შვილები გულში ჩავიხუტე. უზომოდ მიხარია, რომ ისინი სიყვარულით გათხოვდნენ და მათი რჩეულები არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ხშირად ვფიქრობ, მე რომ ჩემი მშობლების ნებას არ დავყოლოდი და წამოვსულიყავი თაზოს ოჯახიდან, მართლაც ბედნიერი ქალი მერქმეოდა. გავხდებოდი ექიმი და რაც მთავარია, ვიქნებოდი იმ კაცის გვერდით, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა. ყველა გოგოს ხმამაღლა ვეუბნები: თუ ძალის გამოყენებით წაგიყვანეს, არ გაჩერდეთ ასეთ კაცთან, იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის, არ დანებდეთ ბედს, არ მიაქციოთ ყურადღება ყბადაღებულ "რას იტყვის ხალხი"დამოკიდებულებას. ნაადრევი გათხოვებით თქვენს ფსიქიკას დაანგრევთ, მისი ყველაზე საშინელ კვალი კი, ღმერთმა უწყის, როდის გამოგიჩნდებათ.