"იმ ღამით მეგონა, რომ კაცი ქალს აივნიდან აგდებდა" - კვირის პალიტრა

"იმ ღამით მეგონა, რომ კაცი ქალს აივნიდან აგდებდა"

დეიდა ვასასი პირობითი სახელია. დღიურებიც პირობითია, რადგან ამბების უმრავლესობა სხვადასხვა თვითმხილველისგან ჩავიწერე. მთავარი თემა კაცის და ქალის ურთიერთობაა. შესაძლოა თქვენც შესწრებიხართ ამბებს, უნებლიეთ დეიდა ვასასი რომ გაგხადათ. ამ ამბებს საერთო ისიც აქვს, რომ თითოეული გამოცდილებას გვძენს, გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციაში, როგორც მთავარი მოქმედი პირები ან შემსწრე, რომელმაც შეიძლება ზოგჯერ პრობლემის გადამწყვეტის როლი ითამაშოს.

ღამის სამ საათზე მეზობლის ბინიდან, იმ მეზობლის, რომლის ოჯახის არსებობას ვერც ვიგებდით, თუ ხანდახან ცოლი ან ქმარი კიბეზე არ შეგვხვდებოდა, ისეთი საშინელი ხმები გამოდიოდა, რომ დავიბენი. აივანზე კარი თითქმის რომ გამოინგრა და ქმარს მოაჯირზე გადაკიდებული ცოლი ფეხებით ეჭირა, ტელეფონზე "112" ავკრიფე. პოლიციის მოსვლამდე კაცმა ქალი გადაათრია, კარი დაკეტა და ისევ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მოვიდა პოლიცია. დამირეკეს. ვუამბე ყველაფერი და ვთხოვე, ნუ გამომაჩენთ-მეთქი. მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავყევი. კიბეზე რომ დამინახეს, გაუკვირდათ, თქვენ ხომ გამოჩენა არ გსურდათო?! მეშინია, რომ თქვენთან ქმარი იცრუებს, ამიტომაც სჯობს, როგორც ამბის მოწმე გამოგყვეთ და ბოლომდე გავისარჯო ქალის გადასარჩენად-მეთქი.

კარი კაცმა გაგვიღო. თხელი, უმკლავებო მაისური და შორტი ეცვა. მთელი სხეული დაკაწრული, დაკბენილი და დასისხლიანებული ჰქონდა. არც გაჰკვირვებია პოლიციის დანახვა, არც წინააღმდეგობა გაუწევია, კარი გააღო და მობრძანდითო, დაღლილი ხმით გვითხრა. მერე მე მომიბრუნდა, მაპატიეთ, ძილი დაგიფრთხეთო. ასე, 40 წლამდე იქნებოდა, შესაძლოა მეტისაც, მაგრამ ძალიან კარგ სპორტულ ფორმაში იყო. შემატყო, რომ ქალს ვეძებდი, ჩემს ცოლს დამამშვიდებელი გავუკეთე და დაეძინა, მას დილამდე ვერ დაჰკითხავთ, მე ყველაფრისთვის მზად ვარო. კაცმა პოლიციას წარუდგინა სამედიცინო დოკუმენტები, რომ მისი ცოლი შიზოფრენიის რომელიღაც ფორმით ყოფილა ავად და მორიგი ნერვული შეტევა ჰქონია. ამ დროს თავს მესხმის, მერე თვითმკვლელობას ცდილობს. არავინ იცის, როდის დაემართება შეტევა, ამიტომ ვცდილობ მის გვერდით ვიყო, თორემ ბოლო აუცილებლად ტრაგიკული იქნება, ამის კი ძალიან მეშინიაო.

პოლიციამ ფორმალური პროცედურების დაცვის შემდეგ ოქმზე ხელი მომაწერინა და ოჯახი დატოვა, მეც უკან გამოვყევი.

იმ ღამით არ მეძინა. ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა ისეთი ლამაზი ქალი, მშვიდი და უპრობლემო, უცებ ალქაჯად გადაქცეულიყო. სამი დღის შემდეგ თვითონ ქალი მომადგა სახლში. მანაც მომიბოდიშა და მთხოვა, საღამოს გვეწვიეთო...

შინ მარტო დამხვდა, მითხრა, ქმარი მალე მოვაო. ბოდიშებად იღვრებოდა, მითხრა, რთული დაავადება მჭირსო, თუმცა მის ამბავში ეს არ იყო მთავარი. ადრეულ ასაკში ქალი სექსუალური ძალადობის, ჯგუფურად გაუპატიურების მსხვერპლი გამხდარა, რის შემდეგაც გონდაკარგული საავადმყოფოში მოხვდა. ძალადობის ნიადაგზე ფსიქოლოგიური შოკი მიიღო და ნერვული სისტემა დაუზიანდა. კინაღამ დავმუნჯდი, როცა მითხრა, კაცი, რომელმაც მისი მკურნალობა ითავა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს მუდმივი ტყვეობიდან დაიხსნა, მისი ექიმი და ამავე დროს ქმარია.

"თქვენი დაავადება მოურჩენელია?" - ძლივს ამოვილუღლუღე. "განკურნების შანსი არის, მაგრამ დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩემით იმ შედეგსაც ვერ მივაღწევდი, რაც ახლა მაქვს. ეს ყველაფერი ნიკას დამსახურებაა", - ამიხსნა ჩემმა მასპინძელმა.

ამასობაში კაციც მოვიდა. კიდევ ერთხელ მომიბოდიშა, მადლობელი ვარ, რომ იმ ღამით ყურადღება არ დაიშურეთო. დამუნჯებული ვუსმენდი. მერე მის ხელს, რომელიც ჩამომართვა, მეორე ხელიც მოვკიდე და ვუთხარი: თქვენ გმადლობთ იმისთვის, რასაც თქვენი მეუღლისთვის აკეთებთ-მეთქი.

ეს ამბავი 5 წლის წინ მოხდა. ამ ხნის განმავლობაში ქალს კიდევ ორჯერ ჰქონდა შეტევა. მერე დაორსულდა. შვილიც უპრობლემოდ გააჩინა და როგორც გაირკვა, განიკურნა. დღემდე თბილი ურთიერთობა გვაქვს, მე კი ყველას ვუყვები დიდსულოვანი კაცის ამბავს, რომელმაც განსაცდელში მყოფი ქალი იხსნა, არადა, იმ ღამით მეგონა, რომ კაცი ქალს აივნიდან აგდებდა.

სოფო გამრეკელი