"იტყვით ალბათ, გიჟი ყოფილა, ასე ერთი ნახვით როგორ მიიღო გადაწყვეტილებაო, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"იტყვით ალბათ, გიჟი ყოფილა, ასე ერთი ნახვით როგორ მიიღო გადაწყვეტილებაო, მაგრამ..."

უცნაურ ქორწინებაზე როცა ლაპარაკობენ, მეცინება ხოლმე. ისეთ ამბებს ჰყვებიან, ჩემს თავგადასავალთან ახლოსაც რომ ვერ მოვა.

მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტიდან ექსკურსიაზე წავედით. შუადღისას გავშალეთ ტყის პირას პურმარილი და დავსხედით საქეიფოდ. ცოტა ხანში ტუალეტში მომინდა. ტელეფონი ჩემს მგობარს ჩავაბარე, - თუ ვინმე დარეკავს, უპასუხე-მეთქი და მე ცოტა მოშირებით, მდინარის ნაპირისკენ გავემრთე. ულამაზესი ყვავილები დავინახე ცოტა მოშორებით. საცალფეხო ხიდეზე გადავედი და ყვავილების კრეფას შევყევი. ისე შეუმჩნევლად დავცილდი იქაურობას, რომ კარგა დიდი თაიგული რომ შევკარი, მაშინღა მივიხედ-მოვიხედე და მივხვდი, რომ წარმოდგენა არ მქონდა, საიდან მოვხვდი აქ და როგორ უნდა დავბრუნებულიყავი უკან.

კარგა ხანს ვიბორიალე, მაგრამ ვერა და ვერ დავადექი სწორ გზას. მივხვდი, რომ ალბათ უკვე მეძებდნენ კიდეც და ძალიან ვნერვიულობდი. ვინანე, რომ ტელეფონი თან არ მქონდა, მაგრამ რა უნდა მექნა? პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, მხოლოდ იმას ვნერვიულობდი, რომ ხმას ვერ ვაწვდენდი მგობრებს. თურმე იმათ პატრულიც კი გამოუძახებიათ და უკვე იმდიც აღარ ჰქონდათ, რომ ცოცხალს მიპოვიდნენ. მე მოშორებით სოფელი შევნიშნე და გადავწყვიტე, იქით წავსულიყავი, რომ რაიმე კომუნიკაციის საშუალება მაინც მქონოდა და შეშფოთებული მეგობრები დამემშვიდებინა.

უკვე ბნელდებოდა და ფეხს ავუჩქარე. სოფელი თითქოს ახლოს ჩანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კარგა შორი მანძილი მქონია გასავლელი. სოფლამდე რომ მივაღწიე, უკვე ბნელოდა. ჩამოვიარე ჩამწკრივებულ სახლებთან და ვერ გადამეწყვიტა, რომელთან შევჩერებულიყავი. ერთ ეზოში შუა ხნის ქალი შევნიშნე და გაუბედავად დავუძახე. ქალი ჭიშკართან მოვიდა და კარგად დამაკვირდა. - ვისი ხარო? - მკითხა. ვუთხარი, ვინც ვიყავი და რაც მინდოდა. მაშინვე დაფაცურდა, ჭიშკარი გააღო და შინ შემიყვანა. ტელეფონი მომაწოდა, - დარეკეო. ჯერ სახლში დავრეკე და გადარეული მშობლები დავამშვიდე, კარგად ვარ და ხვალ წამოვალ ან თქვენ მომაკითხეთ-მეთქი. შემდეგ მეგობრებსაც გავაგებინე, რომ საღსალამათი ვიყავი და შეეძლოთ, მშვიდად ყოფილიყვნენ. შემომთავაზეს, - რომელ სოფელში ხარ გვითხარი, მოვალთ და წამოგიყვანთო, მაგრამ უარი ვუთხარი - ხვალ მშობლები ჩამომაკითხავენ-მეთქი. თანაც, თბილისამდე სულ 1-2 საათის სავალი იყო და მე თვითონაც შემძლო უკან დაბრუნება მეორე დილით. ეგ იყო, უფულოდ ვიყავი, მაგრამ რამეს მოვახერხებდი.

ერთი სიტყვით, ქალბატონ ქეთევანსაც ძალიან გაუხარდა, მასთან რომ მომიწევდა ღამის გათენება. - მაინც სულ მრტო ვარ, ხმის გამცემი მენატრება და თუ გინდა, სულაც ჩემთან დარჩიო, - შემომთავაზა. სახელდახელოდ სუფრაც გააწყო, მიმიპატიჟა და თვითონაც გვერდით მომიჯდა. 1-2 ჭიქა ღვინო ძალით დაამლევინა, თვითონაც დალია და მერე დაძალება აღარ დამჭირვებია. ასე შევყევით ლაპარაკს და გავიგე, რომ ჩემი მასპინძელი ქვრივი ყოფილა, ერთი ვაჟი ჰყოლია, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და ასე კარგად მოწყობილი სახლკარიც მისი დამსახურება ყოფილა.

შუაღამე იყო, მასპინძლის ჭიშკარს მანქანა რომ მოადგა. ცოტა ხანში კი ახალგაზრდა მამაკაცმა შემოაბიჯა ოთახში, შეშფოთებული სახით. - რა ხდება დედა, ასე უცებ რამ გაგხადა ავადო? - იკითხა და გაოცებულმა შემათვალიერა. მერე დედამისს შეხედა კითხვით სავსე მზერით. - ავად იმიტომ ვარ შვილო, რომ ამდენი ხანი უცოლოდ ხარ და ეს მშვენიერი გოგო თავისი ფეხით მოვიდა ჩვენთან და მინდოდა, გაგეცნოო, - თურმე შვილისთვის დაურეკავს და ავად ვარო, უთქვამს, რომ ჩამოეტყუებინა და ისიც მშინვე წამოსულა, შეშინებული. ზაზამ თავი გადააქნია - შენი საშველი არ იქნებაო, - უთხრა და გვერდით მომიჯდა. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, იმ ღამით გავთხოვდი და მეორე დღეს ჩემი მშობლები რომ მოვიდნენ ჩემს წასაყვანად, გახურებული ქეიფი დახვდათ, ჩვენი ქორწინების აღსანიშნავად რომ მოაწყო ჩემმა დედამთილმა.

იტყვით ალბათ, გიჟი ყოფილა, ასე ერთი ნახვით როგორ მიიღო გადაწყვეტილებაო, მაგრამ ხანდახან ასეთი ნაბიჯი უფრო ამართლებს. 3 წელია გასული მას შემდეგ, ტყუპი გოგო-ბიჭიც გვყავს და ძალიან ბედნიერი ვარ!